მითებით და ძეგლებით სავსე ქსნის ხეობა
„ამბობენ, ამ ნასახლარებში დიდი ხაზინაა დაფლულიო, ფულის გარდა ბევრი სხვა განძიცაო“
ძველ ქართულ გაზეთებში ქსნის ხეობაზე საინტერესო ცნობები არსებობს. მაშინდელი პრესა იქაურ ძეგლებსა და იმ მითებზე წერს, რომლებსაც მაშინ ადამიანები ერთმანეთს უყვებოდნენ.
„სამი უდიდესი კუთხე ქსნის ხეობისა არის: ცხრა ძმა, იგივე დაბანკეთი, რომელიც მდინარე ცხრა ძმულას ნაპირებზე, მთის სერებზე მდებარეობს, ჭურთა – მდინარე ჭურთულაზე (ეს მდინარე ქსანს ერთვის სოფელს მონასტერში, სადაც მშვენიერი სობოროა დღესაც), ახალ-დაბა მდინარე ქსანზე. ისე მოწყვეტილან ჩვენის განვითარებულ ცენტრებიდგან, ისე მიყრუებულან, რომ მათზე ჩვენს მწერლობაში ჭაჭანება არ არის. უძლიერესს ძარღვს მთელის ქსნის-ხეობოსას ეს სამი კუთხე შეადგენს“, -ვკითხულობთ გაზეთ “ივერიაში”.
„საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებში ჰყავს საგანგებო მოამბენი გარდა ქსნის ხეობისა. ჩვენის აზრით, ძალიან ბევრი ისტორიული, ეთნოგრაფიული და პალეოგრაფიული მასალა უნდა იყოს ამ მივარდნილს ხეობის გულში.
ყველა სოფლის წინ დგას ამაყად ძველი ციხე, რომელსაც სოფელი საფარივით ამოჰფარებია. ცხრა ძმის ხეობაში ერთი სოელია, დადიანეთს უწოდებენ. ეს სოფელი ორს უბნად იყოფა. წიან უბანში ერთს ადგილას ნასახლარებია. კაცი რომ დააკვირდეს ამ ნასახლარებს ცხადად მიხვდება, რომ აქ ოდესმე დიდი სასახლე ყოფილა. ვისთვის, სად, ღმერთმა და მეცნიერებამ უწყის! ამ სოფლის უკან უბანშიაც არიან ნასახლარები და მათთან ძველი ციხე. ხალხის გარდმოცემა ამბობს, რომ ამ ნასახლარებში ერთს ადგილას დიდი ხაზინაა დაფლულიო, ფულის გარდა ბევრი სხვა განძიცაო.დადიანეთის პირდაპირ ერთს მიუვალ კლდეზე ციხეა ამართული.
შორიდგანვე შეატყობს კაცი, რომ ციხეს მიკრული აქვს დაბლა ცალკე ოთახი. ამბობენ, ამ კარაპანშიც ხაზინა სძევსო, მაგრამ ეშმაკების ბუდეა დღესაო, იქ მისვლა ყოვლად შეუძლებელი არისო. მარტო სახელი სოფლისა “დადიანეთი” გვამხილებს, რომ ეს სოფელი თვისის ნასახლარებით ოდესმე დიდებულთ სოფელი ყოფილა, და, მაშასადამე, ისტორიული ადგილი უნდა იყოს იგი სოფელი. მდინარესაც სოფლის სახელი დარქმევია-დადიანურა.
სოფელს იკორთის ზევით სძევს სოფელი კორინთა, ქართულის თეატრის მამა-მთავრის, ჩვენის პოეტის გ. ერისთავის ოდესმე საზაფხულო რეხიდენცია. ამ სოფლიდგან ჩრდილოეთით ერთს პიტალო კლდეზე ციხე გადმოიყურება. ხალხის გარდმოცემა ამბობს, რომ აქ, ამ ციხეში მდევის (დევის) ნამუხლარი და სისხლი არისო. მდევის სისხლს ხალხი წამლად ხმარობსო. ცხრა ძმაშივე ერთი სოფელია, სახელად უკან-უბანი. ამ სოფლის პირში ციხეა, ციხესთან დიდძალი ნასახლარებია. ამ სტრიქონების დამწერს ეს ფრიად შესანიშნავი ადგილები მინახავს ამ 12-13 წლის წინეთ. უეჭველია ამ ნასახლარებს ახალ-გორელები ვერ მოიკიდებდნენ ზურგზე და აქვე იქნებიან!…“ – წერია ძველ ქართულ პრესაში.
კარიბჭე