მთავრობაში სამი ახალი მინისტრია _ ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადროს გარდა, სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, რის შესაბამისადაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. კერძოდ, სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო – იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა და მისი განშტოებები გადანაწილდა სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთა განსახლების მიმართულება გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შსს-მ შეითავსა, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.