საინტერესო

მეცნიერებმა ცხვრისა და ადამიანის ჰიბრიდის ემბრიონები შექმნეს

ამერიკელმა მკვლევრებმა კიდევ ერთი ფანტასტიკური რამ შეძლეს — შექმნეს ცხვრისა და ადამიანის ჰიბრიდის ემბრიონები, რომლებიც შესაძლოა, ფასდაუდებელი გახდეს ორგანოთა დონაციისთვის. ამისათვის საკმარისი იქნება ორგანოების გამოზრდა გენური ინჟინერიის გზით შექმნილ ცხოველებში.

ამ მიზნის მისაღწევად, მეცნიერებმა შექმნეს ცხვრისა და ადამიანის სახეობათშორისი პირველი ორგანიზმი. ამისთვის, ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეიყვანეს ცხვრის ემბრიონში. შედეგად, შეიქმნა ჰიბრიდი არსება, რომელიც 99 პროცენტით ცხვარია, მაგრამ სულ ოდნავ წაააგავს ადამიანს.

ემბრიონში ადამიანის უჯრედების წილი ექსპერიმენტის ფარგლებში შეიქმნა, 28 დღის შემდეგ კი გაანადგურეს. ის მეტისმეტად პატარა ზომისაა, თუმცა თავად მისი არსებობის ფაქტი მკვლევარებში დიდ დაპირისპირებას წარმოშობს.

„ადამიანის უჯრედების წილი ძალიან პატარაა. ახლოსაც არაა ღორთან, რომელსაც ადამიანის სახე ან თავის ტვინი აქვს“, — განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგმა ჰირო ნაკაუჩიმ. როგორც მან აღნიშნა, ცხვრების ემბრიონში ადამიანის უჯრედების წილი ყოველ 10 000 უჯრედზე დაახლოებით ერთს შეადგენს.

კვლევა ერთგვარად აგრძელებს წინა ექსპერიმენტს, როდესაც იმავე ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა ლაბორატორიაში ძალიან ადრეული ეტაპის ღორის ემბრიონში წარმატებით გამოზარდა ადამიანის უჯრედები. შედეგად შეიქმნა ღორისა და ადამიანის ჰიბრიდები, რომლებსაც მეცნიერებმა სახეობათშორისი ორგანიზმები უწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევები კამათს იწვევს, ამ ექსპერიმენტმა შესაძლოა წარმოშვას უნიკალური შესაძლებლობა ათასობით იმ ადამიანისთვის, რომლებიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ორგანოთა დონაციის სიებში რიგში დგანან. როგორც მკვლევრები განმარტავენ, მათი უმეტესობა მანამ იღუპება, სანამ გადანერგვისთვის შესაფერისი ორგანოები მოიძებნება.

„დღესაც კი, ყველაზე დამთხვევადი ორგანოები, თუკი ისინი იდენტური ტყუპების არაა, გადანერგვის შემდეგ ორგანიზმში დიდხანს ვერ ძლებს, რადგან იმუნური სისტემა მათ უცხო სხეულებად აღიქვამს და გამუდმებით თავს ესხმის“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მეცნიერი პაბლო როსი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან გრძელი გზაა გასავლელი, სახეობათშორის ორგანიზმებში გამოზრდილი ორგანოები შეიძლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი გახდეს ტრანსპლანტაციისთვის.
იმისათვის, რომ ტრანსპლანტაცია წარმატებული იყოს, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ემბრიონის უჯრედთა სულ მცირე ერთი პროცენტი ადამიანის უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხვრის შემთხვევაში მიღწეული შედეგები ჯერ ძალიან ადრეულია.
თუმცა, ასეთ ორგანიზმებში ადამიანის წილის გაზრდა აუცილებლად გამოიწვევს ეთიკურ დაბნეულობას ამ სახის ქმნილებებთან დაკავშირებით, რომელთა ერთადერთი მიზანიც ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების გამოზრდა იქნება.
„თუკი ჩვენი ექსპერიმენტებისას ისე აღმოჩნდა, რომ ადამიანის უჯრედების მთლიანი წილი ცხოველის თავის ტვინში წავიდა, მაშინ ჩვენ აღარ შეგვეძლება ამ ნაბიჯის გადადგმა“, — ამბობს პაბლო როსი.

ამ სახის კვლევების კვალდაკვალ გაჩენილ ეთიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ აშშ-ში, ტრანსპლანტაციის სიას ყოველ 10 წუთში ერთი ადამიანი ემატება, მკვლევართა თქმით, ერთი ხელის მოსმით არ უნდა გამოვრიცხოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ ორგანიზმებმა შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენთვის წარმოშვან.

„ყველა ეს მიდგომა საკამათოა და არც ერთი მათგანი არაა სრულყოფილი, მაგრამ იმედია იმ ადამიანთათვის, რომლებიც ყოველდღე იღუპებიან. საჭიროა ვიკვლიოთ ყველა ის შესაძლო ალტერნატივა, რომელიც ავადმყოფ ადამიანებს აუცილებელი ორგანოებით უზრუნველყოფს“, — აღნიშნავს როსი.

ექსპერიმენტის შედეგები რამდენიმე დღის წინ წარმოადგინეს ქალაქ ოსტინში (ტეხასის შტატი) ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close