საზოგადოება

,,მესმის მოხუცის ბღავილი, დაანებე ფულს თავი, წამლის ფულიაო… ” – ნამდვილი ამბავი

,,კეთილსინდისიერი პოლიციელებიც გვყავს!

რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი მეუღლე, მეგობრის წიგნის პრეზენტაციაზე მიწვეულები მივდიოდით. ტაქსის მძღოლი, ჩია, მოხუცი იყო, ამიტომაც მანქანას მეტისმეტად ფრთხილად მართავდა. უკვე ბნელოდა. მოულოდნელად, წინ ოპელის მარკის (მუქი ფერის N731) ავტომანქანამ, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა, გზა ჩაგვიჭრა და ჩიხში მოგვაქცია. მძღოლი გააფრთებული გადმოხტა მანქანიდან და თავის მანქანას ყვირილითა და ხელების ქნევით ათვალიერებდა. მერე, მოეჭრა ჩვენს მიერ დაქირავებულ მძღოლს და განრისხებული უყვიროდა:
— ნახე რა გაუკეთე ჩემს მანქანას? გადმოდი და ნახეეე… — ბოლო ხმაზე ხაოდა. ჩემმა ქმარმა ვერ მოითმინა მოხუცის მიმართ უდიერად მოპყრობა და მყვირალა მძღოლისკენ გაიწია, მაგრამ ჩავებღაუჭე პიჯაკს და არ დავანებე წასვლა. ვცდილობდი კონფლიქტის განეიტრალებას. ამასობაში მძღოლს გადავეცი 50 ლარიანი კუპიურა სამგზავრო საფასური. სანამ ის ფულს ახურდავებდა, მჩხავანა ტაქსის მძღოლი მოიჭრა, მძღოლის მხარეს ფანჯრიდან შემოყო ხელები, წაავლო მოხუცს ყელში, აჯანჯღარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა. მოხუცი წინააღმდეგობას უწევდა, ამასობაში მეც ავყვირდი, დაანებე თავი მოხუცს-მეთქი, თან ქმარს ლამის პიჯაკი შემოვაფხრიწე, ძლივს ვაკავებდი. ამ გაწევ-გამოწევაში, მესმის მოხუცის ბღავილი, დაანებე ფულს თავი, წამლის ფულიაო… ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გული შემიღონდა, მომხვდურმა უცებ ხელი გაუშვა მოხუცს, უსწრაფესად გაიქცა, ჩაჯდა მანქანაში და მოწყდა ადგილს. ჩვენ დაბნეულები და გაოგნებულები გადმოვედით მანქანიდან, მოხუცს ხელი დასისხლიანებული ჰქონდა, კანკალებდა, თვალებზე ცრემლი ადგა, პენსია ავიღე, ცოლისთვის წამლები უნდა მეყიდაო და წამართვაო… ამის გაგონებაზე მეუღლე გადაირია და მისაყვედურა, რატომ არ გამიშვიო… მანქანა დავათვალიერეთ, წინა ფართან პატარა ნაკაწრები ჰქონდა. უმალვე პოლიციაში დავრეკე. მოხუცს ეშინოდა, არ გადამეკიდოს პოლიციას რომ მივმარეო. დავამშვიდეთ. 5 წუთში სამგორის რაიონის მთავარი სამმართველოს პოლიცია მოვიდა, 15 წუთში მათ მოჰყვა ლამის მთელი განყოფილება. ყველანი დაგვკითხეს. გამოცხადდა ძებნა. სულ მალე ის არანორმალური მძღოლი პოლიციაში თავჩაღუნული და წიწაკასავით გაწითლებული იდგა ორ ადამიანთან ერთად, სადაც მოხდა ჩემის მხრიდან მისი ამოცნობა. მან აღიარა დანაშაული…
სამწუხაროდ, ასეთი არაადეკვატური ადამიანები მართავენ ავტომობილებს და თანაც მგზავრებს ემსახურებიან. წარმომიდგენია, რომ არა ჩვენ, ეს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი მოხუცს მიახრჩობდა კიდეც.
,,სოლიდარობის სახლი” მადლობას უხდის სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს ოპერატიული რეაგირებისათვის, სამართლიანობისათვის, კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის! ეს დღეები ამაყი ვარ და მსურს, ყველა პოლიციელი და მოქალაქე სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს. ყველამ უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი. ყოჩაღ, პოლიცია!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close