საზოგადოება

,,მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საკითხი არ განიხილება” _ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან?

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” ხელფასის გაზრდის შესახებ მეტროს მემანქანეთა მოთხოვნას ეხმაურებიან. განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს, მემანქანეების საშუალო ხელფასებია წარმოდგენილი.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს:

  • დეპოს მორიგე – 1 455 ლარი;
  • დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე – 981 ლარი;
  • დეპოს მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;
  • მემანქანე ინსტრუქტორი – 1 986 ლარი;
  • ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;
  • ხაზის მემანქანე – 1 731 ლარი;
  • ხაზის მემანქანის თანაშემწე – 1 096 ლარი;

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს:

  • დაოჯახების შემთხვევაში – 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
  • დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
  • თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში – 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს;
  • კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.”

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განმარტავს, რომ მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საკითხი არ განიხილება.

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში, შესაბამისად ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია”,-აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: bfm.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close