ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდნენ. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამსჯავროზე წარსადგენად. სწორედ ამიტომ შეიქმნა მიცვალებულთა წიგნი. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით, სულს სამსჯავროზე დაეხმარებოდა.
ყველა მოვალე იყო დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამსჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამსჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმეები. იმისთვის, რომ გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა.
ორი მაატის – ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელის მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით     სუფევდა დიადი ღმერთის – რას მეთაურობით. აქ იყვნენ: თოტი – ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმი და ქვესკნელის მეუფე – ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავრის ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითიც ერთგვარად მათ გულს იგებდა. ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწონა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიო ცხოვრების კარი ღია იყო, თუ არა, „სულთა მსვლეპი“ იქვე შთანთქავდა ცოდვილ და უბედურ სულს. 

წყარო

კომენტარები