კატეგორიის გარეშე

კოკო გამსახურდიას მოგონებები ბაბუაზე

„მშობლების გაყრის შემდეგ ოთხი დღე დედასთან ვცხოვრობდი, სამი დღე - ბაბუასეულ სახლში“

„ზამთარსა და დათოვლილ მიდამოზე ფასანაური მახსენდება, სადაც მგონი 1969 წელს, 8 წლისა ვიყავი… როგორც გაირკვა, ფასანაურში ჩადიოდა კონსტანტინე გამსახურდია ზედიზედ რამდენიმე წლის მანძილზე და ისვენებდა სასტუმრო „ინტურისტის” ნომერ მეცხრე ოთახში… იქ მიდიოდა ალბათ განმარტოებისთვის და მორალურად რომ დაესვენა, გასცლოდა ქალაქის აურზაურს“, – უყვება კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ჟურნალ ,,გზას“ და სახელოვან ბაბუაზე უყვება:

.

– ბაბუას კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მის ოთახშიც უამრავი წიგნი იყო. ხშირად წიგნს გადმოიღებდა კარადიდან და მისთვის საჭირო მასალებს წინასწარ მონიშნულ გვერდებზე ეძებდა. მახსოვს, ოთახში იდგა სვეტიცხოვლის მაკეტი, რომელიც ბაბუას აჩუქეს, სიმაღლით დაახლოებით ერთ მეტრზე მაღალი იყო. კედელზეც იყო სვეტიცხოვლის სურათი, მის ქვემოთ კი ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის ფოტოზე ვხედავდით აკაკის, დავით კლდიაშვილს, იროდიონ ევდოშვილს, გალაკტიონს, ტიციანს, კონსტანტინეს და მის გვერდით ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკიას… სულ 15 მწერალი იყო აღბეჭდილი.

– ბაბუასა და თქვენი ურთიერთობიდან რას გაიხსენებთ?

– მისთვის შესაძლოა მეკითხა, ესა თუ ის სიტყვა ქართულია თუ რუსული? რადგან მაშინ რუსულ სიტყვებს ურევდნენ ქართულ ენაში. მაგალითად, ერთხელ ვკითხე სიტყვაზე „ბოჩკა”, მითხრა, რომ რუსული არაა და არც ქართულიაო. მაინტერესებდა, რა იყო სიტყვა „ყაღი”, ეს არის გამოყვანილი ხორცი, ლორის, აპოხტის მსგავსიო. ასეთი დეტალები მახსოვს. ერთად წავსულვართ სვეტიცხოველში, ჯვარზე, გელათში. დავით აღმაშენებლის საფლავზე ვყოფილვართ…

გერმანულ საბავშვო ბაღში დავდიოდი და კონსტანტინემ იკითხა: იქ პლატის გერმანულს ხომ არ ასწავლიანო? პლატი არის სახალხო დიალექტური გერმანული და როდესაც დაესწრო ერთ-ერთ გაკვეთილს, თქვა, რომ ნამდვილი სალიტერატურო გერმანულიაო. ვინც იმ პერიოდში ბაღში დადიოდა, მათგან დღეს გერმანისტები არიან ნათია ფანჯიკიძე, ია თიკანაძე.

– ბებიები განებივრებდნენ და მშობლები მკაცრები იყვნენ?

– ორივე ბებია, მირანდა და ქეთო, ძალიან ბევრს აკეთებდნენ ჩემთვის, ზრუნავდნენ და მანებივრებდნენ, რის გამოც ხშირად საყვედურობდნენ მშობლები, ასე არ შეიძლებაო. შედარებით მკაცრები იყვნენ მშობლები, მაგალითად, მუსიკის სწავლების დროს, ხან დედა მასწავლიდა, ხან – მამა. 3 წელი გავძელი და მერე თავი დავანებე მუსიკას. უფრო ენების სწავლაზე გადავერთე. ბავშვობაში მიყვარდა კოსტიუმის ჩაცმა და ჰალსტუხის გაკეთება. ჩემს მშობლებს ეს არ მოსწონდათ და ამბობდნენ – ბავშვს უნდა ეცვას ბავშვურადო. კონსტანტინე ამბობდა, როგორც უნდა, ისე იყოსო. ჩოხა პატარა ასაკიდანვე მქონდა, ვიზრდებოდი და ახალს მიკერავდნენ. 14 წელი რომ შემისრულდა, მერე აღარ შემიკერავს ჩოხა.

– მას მერე, რაც თქვენი მშობლები გაიყარნენ, კოლხურ კოშკში აღარ ცხოვრობდით?

– როგორ არა, კიდევ ორი წელი ვცხოვრობდი იქ, ბაბუას გარდაცვალებამდე. ოღონდ  ბაბუასეულ სახლში ვიყავი სამი დღე, ხოლო ოთხი დღე – დედის სახლში. ასე იყო თითქმის ყოველ კვირას.

– როგორ შეძელით უცხოეთში თქვენი ვაჟებისთვის (დემეტრე და ზვიადი) ქართული სული შეგენარჩუნებინათ?

– 1992 წლის გაზაფხულიდან შვეიცარიაში აღმოვჩნდით და 12 წელი იქ ვიყავით გამოუსვლელად. მე და ჩემმა მეუღლემ ერთგვარი „სკოლაც” კი შევქმენით სახლში. ჩვენ შვილებს ვასწავლიდით ქართულად კითხვას, გრამატიკას, ლიტერატურულ ქართულს და რაც მთავარია, წერას. ისინი ჩვენი მეგობრების შვილებს ქართულად სწერდნენ წერილებს, ის ბავშვებიც პასუხობდნენ და გაჩაღდა მიმოწერა. ოჯახში ვმღეროდით მრავალხმიან სიმღერებს, ვისწავლეთ 30-ზე მეტი ქართული სიმღერა და საგალობელი, ვკითხულობდით „ვეფხისტყაოსანს”, მათ არაერთი სტროფი ისწავლეს ზეპირად.

გზა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close