ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც 2012 წელს ნაციონალების სადარაჯოზე იდგნენ _ სკანდალური ლუსტრაცია!
ოცნების მაღალჩინოსნები ხშირად ახსენებენ საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და აშინებენ, თუ ოცნებას არ დაუჭერთ მხარს, კვლავ ნაციონალები მოვლენ. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში, როგორ ართმევდნენ ადამიანებს ბიზნესებს, ქონებას და საკუთარ ახლობლებზე აფორმებდნენო… ,,მგელი მოდის” პოლიტიკამ გარკვეულწილად გაამართლა და რეჟიმის დაბრუნებით შეშინებულმა მოსახლეობამ, გასულ არჩევნებში, ხმა ოცნებას მისცა. როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტია გამარჯვებას ახლაც ამ ხრიკით აპირებს.
რამდენიმე დღის უკან, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატები ხალხს სიამაყით გააცნო და დააიმედა, ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას, სწორედ ეს ადამიანები მოაგვარებენო. ახლა გაგაცნობთ დოკუმენტს, რომლითაც შეიტყობთ, ვის გვთავაზობს ოცნება, ვინ უნდა აგვაშენოს და დაგვიცვას ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლისაგან.
სკანდალური ლუსტრაცია!
თბილისში, მთაწმინდა -კრწანისში, მაჟორიტარად ქართული ოცნებიდან კენჭს იყრის ბექა ოდიშარია. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, 2012 წელს, როცა ხალხი ქუჩაში იდგა, ნაციონალურ რეჟიმს აპროტესტებდა და ებრძოდა, ბექა ოდიშარიამ, წინასაარჩევნოდ, ნაციონალურ მოძრაობას 35 ათასი ლარი გადაურიცხა.
ნაცქველმოქმედებაში ოდიშარიას გაასწრო გოჩა ენუქიძემ. მან 2012 წლის 17 ივნისს ნაციონალურ მოძრაობას გადაურიცხა 60 ათასი ლარი. ამჯერად ენუქიძე ქართულმა ოცნებამ ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტიის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს მაჟორიტარი კანდიდატი, ოცნების წარდგინებით, ანზორ ბოლქვაძეა. ისიც, 2012 წელს, ნაცმოძრაობის მხარდამჭერი იყო და მათ სასარგებლოდ, 16 ივნისს, 6,500 ლარი ჩარიცხა.
შეიძლება, ფოთი, ხობი, სენაკის დეპუტატი, ქართული ოცნების წარდგენილი, ირაკლი ხახუბია გახდეს. მოდით, ჩავხედოთ ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტს და ვნახოთ, რაც წერია იქ. თურმე, ნუ იტყვით და, 2012 წლის 27 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ხახუბიამ 10 ათასი ლარი გადაიხადა.
ალბათ კახელებმა არ იციან, რომ გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, დავით სონღულაშვილმა, ნაციონალების სასარგებლოდ, 2012 წლის 11 სექტემბერს, ჩარიცხა 7 ათასი ლარი.
ხაშური, ქარელის საარჩევნო ოლქში, ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარ კანდიდატად ზაზა დუგლაძე დაასახელა. იგი „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ერთ-ერთმა მფლობელია. წინა მოწვევის პარლამენტში, ხაშურის მაჟორიტარობა მის ძმას, დავით დუგლაძეს სურდა, ახლა კი, დავითი, ზაზა დუგლაძემ ჩაანაცვლა. არადა, ჩვენს მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დუგლაძეებმა, 2012 წლის 7 ივლისს, ნაციონალურ მოძრაობას 60 ათასი გადაურიცხეს წინასაარჩევნოდ.
ახლა თავად განსაზღვრე მკითხველო, ოცნება ნაციონალების მტერია თუ მოყვარე.