სიღნაღის ამბები

,,ფული სად წავიდა, ფულიიი, გეკითხები ქადაგიშვილო, როგორც გუბერნატორს… _ კახელებისთვის მიუღებელ გუბერნატორს პარლამენტის დეპუტატობა სურს

კვირის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კახეთში მიემგზავრება, მოსახლეობისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების წარსადგენად!

რამდენიმე დღის წინ თელავში მაჟორიტარობის კანდიდატის და ყოფილი გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის კაბინეტში თათბირი ჩატარდა ლოზუნგით – ,,პირველივე ტურში უნდა გავიმარჯვო, მეორე ტურის ნერვები არ მაქვს, არ მიაქციოთ ყურადღება „ალიაში“ დაბეჭდილ  სტატიებს, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ  ჯღაბნის ერთი ქალიო“…. უიმეეე, ირაკლიი, ეს როდის აქეთ გავხდი „მჯღაბნელი ქალი“, რაც გუბერნატორი გახდი და ცა ქუდად აღარ მიგაჩნიაა? თუ იქამდე არ მიცნობდი და კომპლიმენტებს არ იშურებდი, როცა კი გადაგეყრებოდი ხოლმე? იქნებ შეგახსენო და შემდეგ „დაგიჯღაბნო“ რა გადაგხდა თავს ედპ-ში და ვინ და რატომ გაგინგრია თავ-ყბა? მე არათუ გვარი მახსოვს შენგან გათელილი კაცისა, სახელიც კარგად ვიცი და კიდევ ისიც, რაც არ არის დასაწერი, დიდი სირცხვილია, კაცისთვის მით უმეტეს… ჰოდა ერთი ადგილი მიაყენე, ვიდრე ბოლომდე „დამიჯღაბნია“  ყველაფერი  და როგორ  ახვედი კარიერულ ოლიმპოზე. ხო გასაგებია?!
ახლა, რით  მოიწონებს თავს პრემიერის გვერდით  კახელებისთვის ერთობ მიუღებელი გუბერნატორი, გამოჩნდება!  სხვათაშორის ლაგოდეხში ელოდებიან კიდეც, რისი დასტურიც შაბათს  გამართული ხალხმრავალი აქცია იყო! დიახ, ბოლო 2 თვეში ეს უკვე მესამე აქციაა  ჩინოვნიკების და ტენდერებში გამარჯვებული ფირმების წინააღმდეგ, რომლებმაც მილიონობით ლარი შეჭამეს და ხალხს, ხელისუფლების ხელშეწყობით  – ნელი სიკვდილის პერსპექტივა გაუჩინეს!

ლაგოდეხში ისეთი გემრიელი, ისეთი მსუბუქი წყალი მოდიოდა ონკანებში, როგორც კახელები იტყვიან ხოლმე, სმით ვერ გაძღებოდი, მაგრამ კომპანია ,,ინ-სი“, შემოსვლის შემდეგ, ადამიანებს არათუ ალერგიული პრობლემები დაეწყო, არამედ უფრო სერიოზული დაავადებები და ხშირია შემთხვევა, როცა მოწამლულები დიდხანს ვერ გამოდიან მდგომარეობიდან!

13 მილიონი შეიჭამა, 13 მილიონი და დღემდე ბოლომდე არ არის შესრულებული სამუშაოები! ონკანები და გადაბმის ადგილები ისეთი უხარისხოა, წყალი ხან სად ამოხეთქავს და ხან სად! ამას ემატება კატასტროფული გადასახადი, რომელსაც ახლა ხედავთ და ეს იმ დროს, როცა მრიცხველების ვარგისიანობა უკვე სერიოზულ ეჭვებს აჩენს და ყველაზე მთავარი – კომპანიამ ,,ინ-სი“, ლაგოდეხში ჩაიტანა მილები, რომელიც არა წყლის, არამედ საკანალიზაციო დანიშნულებისაა! ანუ, ამჟამად ლაგოდეხს არა სასმელი წყალი, არამედ ტექნიკური წყალი მიეწოდება სასმელად და ისიც კატასტროფულ ფასად!

10-ჯერ მისწერეს რეგიონის გუბერნატორს ლაგოდეხელებმა, გვიშველეო, მაგრამ რამდენჯერაც დაუკავშირდნენ, იმდენჯერ მიიღეს პასუხი – ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის, ვერაფრით დაგეხმარებითო! ლაგოდეხელებმა იმის შემდეგ, რაც ჭურჭელში დაგროვილი წყლის  მომწვანო ფერი შენიშნეს, სასწრაფოდ ლაბორატორიულ კვლევისთვის მიმართეს შესაბამის უწყებას, მაგრამ დღემდე ვერ მიიღეს პასუხი, კანალიზაციის მილებით მიწოდებული  სასმელი წყალი რა  შემადგენლობისაა?! აქ ვარ ცოცხალი მაგალითი, ჩავედი ლაგოდეხში და წყალი ვერ დავლიე, ჯერ ისეთი ცხელი მოდიოდა და მეორე, სუნი და გემო ჰქონდა უცნაური…

არ არის ეს გუბერნატორის საქმეეე? – კი ბატონო, არ არის, მაგრამ რა ევალება, ის ხომ მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომელიც სავარაუდოდ მისი ამომრჩეველი უნდა გახდეს?!
არც ის არის მისი საქმე, ერთ უბედურ დღეს, მდინარე ლაგოდეხის სათავესთან ჩახერგილმა ხეებმა და ვეებერთელა ლოდებმა წყალდიდობის დროს რომ იხუვლოს, ჩანგრეული დამბებიდან წყალმა რომ გადმოხეთქოს და მთელი ქალაქი დატბოროს? ხომ იძახდა კახი კალაძის ბიძაშვილი და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე -გასაწმენდი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ფულიც გამოიყო  და მალე დაიწყება სამუშაოებიოო? აბა, დაიწყოო? გაიწმინდა? ფული სად წავიდა ფულიიი, გეკითხები ქადაგიშვილო, როგორც გუბერნატორს, არ უნდა მოგეკითხა, თუ არც ეს არის შენი კომპეტენცია? იქნებ არც ის იცი, კომპანია ,,ინ-სი“, ვისია და რამდენი ლარის შემოწირულობა აქვს გაკეთებული,,ქართული ოცნებისთვის“, ანდა ვინ არის და ვისი არის ეს შპს?

მე გეტყვი, ვიდრე ლაგოდეხელები გეტყვიან… ეს ის „ინ-სია“, ვახტანგ გომელაურს ფეშენებელური სასახლე რომ აუშენა, ეს ის „ინ-სია“, რომლის დირექტორმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა,  2015-2017 წლებში კი კომპანიასთან 558 ათასი ლარის 10 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო 2011-2017 წლებში კომპანიამ სულ 9 მლნ ლარის ელექტრონული ტენდერები მოიგო!

ამავე „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ ინ-სი“ „პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი კომპანიაა. ის ყველამ ვიცით, რომ „პანორამა თბილისი“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტია…

ახლა გადმოვიდეთ ყვარელში, სადაც  კუდიგორის მთაზე, კაკო ყაჩაღის ნაცვლად „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის 3 ჰექტარზე გაშენებული სასტუმროს „კარკასი“ იწონებს თავს! ის, რომ ილიას ტბის მიმდებარე ტყის მასივი  განადგურდა და ჩამოანგრიეს, ეგ არაფერი, არც ის არაფერი, რომ მთას ქედი გადააჭრეს, გაავერანეს იქაურობა და შენც ვერ დაინახე, მაგრამ მდინარე დურუჯის  მიმდებარედ, 3-4 საუკუნის ერის საგანძური, უნიკალური სატაძრო კომპლექსი და ნასახლარი რომ დაატბორინეთ კომპანია ,, ჯორჯია ენერჯის,,, არც ეგ იცოდიი?

როგორ არ იცოდი, იცოდი, მაგრამ ლაჩარი ხარ და ხმა ვერ ამოიღე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჭარმაგი ადამიანი   ნოდარ ბახტაძე, უწყებიდან უწყებაში არბენინეთ, იქამდე ვიდრე ძეგლთა დაცვის სამსახურმა არ მიგითითათ, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა აღნიშნულ  ფაქტზე!
რადგან ვჯღაბნი, ბარემ გავაგრძელებ და შეგახსენებ 19 მილიონიანი  ტენდერი, რომელიც ,,ჯორჯია ენერჯიმ,, განახორციელა, როგორ დაასრულეთ.?…

იმიტომ რომ ილიას ტბასთან მდინარე დურუჯი არ დააკავშირეთ, ილიას ტბა დამშრალია! იმიტომ რომ მდინარე დურუჯისა და არხის გაწმენდაზე უარი განაცხადეთ, ახალი არხი გაჭერით, რითაც იგი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისათვის უკვე კარგად ცნობილ დოლოჭოპის სამონასტრო  კომპლექსს და ნასახლარს 50 მეტრით დააშორეთ და ეს მაშინ როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების ჩატარება  კანონით გე-კრძა-ლე- ბო-დაააათ!!! სწორედ თქვენმა 19 მილიონიანმა ,,ინვესტიციამ“, დატბორა დოლოჭოპი და ახლა რომ არხი გადაკეტეთ, იმან კიდევ ილიას ტბა დააშრო გაიგეე? თუმცა არც ეგ  არის შენი კომპეტენცია, დამავიწყდა…..

სამაგიეროდ გიორგი გახარიას კომპეტენციაა და ვიდრე „ქართული ოცნება“, როგორც ნათელაშვილი იტყოდა, დაღრეჯილი ვირივით სოფელ-სოფელ ჩამოგატარებს, ერთს კიდევ დავძენ….
როგორ მოხდა, რომ  ახმეტის  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს საძოვრები გაუყიდეთ და ხალხი შიმშლისთვის გაწირეთ? არც ალავერდის, თეთრი გიორგის, იყალთოს და სხვა სოფლების გაყიდული მიწებია გუბერნატორის კომპეტენცია, ჰოო?
ის რომ ახმეტამ, ლაგოდეხმა, თელავმა და ყვარელმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მასობრივად  სალომე ზურაბიშვილს, ანუ „ქართული ოცნების“ რჩეულს არ მისცა ხმა, რისი ბრალია ნეტავ? იქნებ იმ მცირედის, რაც უკვე მოგახსენე? მეორე ტურში რომ მცირე უპირატესობა დაფიქსირდა სალომეს სასარგებლოდ და კახეთის გულში თელავში წააგო, ან ეგ რისი და ვისი ბრალია, აბა კარგად დაფიქრდიი?

საპრეზიდენტო არჩევნებზე შტაბის უფროსად რომ შენი ნათლული ბენო გეგეჭკორი დანიშნე უფროსად და დღესაც რომ იგი ჩაუყენე სათავეში შენს შტაბს, რა გგონია ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, თელავი  გურჯაანი სირბილით გამოიქცევა და ხმებს შენს სასარგებლოდ მისცემს?

თუ ის გგონია, რომ ხალხი ვერ ხედავს და ვერ აზროვნებს, რა გაგიკეთებიათ მათთვის? ჰოდა, სულ რომ გაიძახით, ხალხი ბრძენიაო, სწორედ ეს წელში გადაწყვეტილი ხალხი მოვა არჩევნებზე და გაგცემთ პასუხს!!!
მივმართავ გიორგი გახარიას!
ბატონო გიორგი!
არ ვიცი, რა მოსაზრებით წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის ერთ ოლქში გუბერნატორობის კანდიდატად, მაგრამ  ეს იყო დიდი შეცდომა და ვწუხვარ, რომ კახელებთან საუბრის დროს კანდიდატის შესახებ ვერაფერ კარგს ვერ გაიგებთ! და ვიდრე გაემგზავრებით კახეთში, ჰკითხეთ, მიესვლება კი იმ ადამიანებთან ვისაც არც კი შეხვედრია ამ წლების განმავლობაში?!

ირინე გოგოსაშვილი, ალია №27
557990129

Related Articles

Back to top button
Close