საზოგადოება

,,იტოვებდნენ უფლებას, აეღოთ ახალი პრემიები…”- ბორჯომის საკრებულოს სკანდალური სხდომის დეტალები (ექსკლუზივი)

   თბილისის მერიაში ხელფასების მატების გამო ატეხილი სკანდალი უშედეგოდ ჩაცხრა. მერიის მაღალჩინოსნებმა, საკრებულოს მეშვეობით, შეძლეს საკუთარი ბიუჯეტის გაზრდა და მაღალი ხელფასების დამტკიცება. დედაქალაქის მერიიდან მონაბერმა სიომ მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებსაც გადაურბინა და მაღალი ხელფასების მადა, მათაც აღუძრა. ზოგს გაუმართლდა, ზოგს კი, საკრებულოს სიხისტემ, კოვზი ნაცარში ჩაუგდო.
  euronews.ge -მ ექსკლუზიურად მოიპოვა ბორჯომის საკრებულოს დღის წესრიგი, სადაც, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სწორედ, მერიაში ხელფასების მატება აღმოჩნდა (აბა, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების მოთხოვნას ხომ არ გაიტანდნენ განსახილველად. ჯერ საკუთარ ჯიბეს უნდა მიხედონ… ავტ.).
ასევე, მოვიპოვეთ გაზრდილი ხელფასების ცხრილი.
ბორჯომის საკრებულომ ადგილობრივ მერიას იმედი გაუცრუა და მათი სურვილები არ დააკმაყოფილა. რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მერიის თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხს იხლავდნენ? 
გიორგი გიუაშვილი, ბორჯომის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან:
  _ ძირითადად, ხელმძღვანელი პირებისთვის ითხოვდნენ ხელფასების მომატებას. ბორჯომის მერს, ხელფასი 2 650 ლარის ნაცვლად გაუხდებოდა 3450 ლარი, ანუ  800 ლარი უნდა მოემატებოდა. მერის  მოადგილეებს 2 000 ლარის ნაცვლად გაუხდებოდათ – 2 400 ლარი.
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს 1500-1600 ლარიდან გაუხრდებოდათ 2 000 ლარამდე. სხვა მოხელეებს დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში უნდა გაეზრდებოდათ ხელფასი.
_ ბორჯომის მერიაში რა მოტივით იზრდიდნენ ხელფასებს?
 _ 2018 წლის ბორჯომის აღმასრულებელი ხელისუფლების ხარჯები შეადგენს სამი მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს.
საკრებულომ გააუქმა თავისი პრემია-დანამატების ხარჯები. ჩვენ უარი ვთქვით, მოსვლის დღიდან, ამ ხარჯებზე, მაგრამ, როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტი ვერ ელევა წინა წლების მემკვიდრეობას. მათ წინასაახალწლოდაც დაირიგეს პრემიები. მერე, ესეც არ ეყოთ და წინა კვირაში მოგვმართეს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.

   საკრებულოს წევრებმა ერთხმად ვუთხარით უარი მათ, ხელფასების გაზრდაზე და ძალაში დავტოვეთ ძველი სახელფასო სარგოები.  ამის გამო განაწყენებული მერია, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასების გაცემას აჭიანურებს და ხელოვნურად ქმნის კრიზისულ ვითარებას.
   ისედაც მაღალი ხელფასების კიდევ უფრო გაზრდა, მიმაჩნია დანაშაულად.
   _ ხელფასების გაზრდის მიზეზი გკითხეთ… რა დაასახელეს?
  _ გაზრდილ ხელფასებში გააერთიანეს წლის მანძილზე გასაცემი პრემია-დანამატი. გარდა ამისა, იტოვებდნენ უფლებას, აეღოთ ახალი პრემიები. ეს მაშინ, როცა პრემიისა და დანამატის გაცემა სულაც არ იყო სავალდებულო. ამ ცვლილებით კი, ისინი, სავალდებულოს ხდიდნენ ამ ხარჯებს. სირცხვილი, სინდისი და ნამუსი აქვთ დაკარგული. მუნიციპალიტეტში უამრავი ახალგაზრდაა უმუშევარი და მზადაა, გაცილებით დაბალ ანაზღაურებაზე იმუშავოს, ემსახუროს თავის ქვეყანას. ესენი კი, ვითომ ხალხის რჩეულები და ხალხის დასახმარებლად მოსულები, საკუთარ ჯიბეს მისტირიან და სხვა არაფერი ანაღვლებთ.
   სადაა ბორჯომის მერის წინასაარჩევნო დაპირება, რომ არანაირი პრემია-დანამატები და გაზრდილი ხელფასები არ იქნებაო? მათი ყველა დაპირება ქარს მიაქვს და ეს, ადრე თუ გვიან, არ შეჩებათ.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close