საზოგადოება

ირაკლი კაკაბაძე: ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა როდის გახდება სახელმწიფოს მოვალეობა?

,,ადამიანობის კრიზისი

მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის უსაყვარლესი უნიჭიერესი მსახიობი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ საქართველოში თითქმის ყველას დაწყვიტა გული. სოციალურ ქსელებში ბევრი ლაპარაკობს მის სიცოცხლეზე და სიკვდილზე. საქმე იმაში არაა რომ ლიკა ულამაზესი და უსათნოესი იყო. საქმე არც იმაშია, რომ ლიკა მარიტას უკვდავ როლს ასრულებდა თენგიზ აბულაძის კინოშედევრ ‘ნატვრის ხეში’. მარიტა ხომ პატრიარქატის და საზოგადოების სისასტიკის მსხვერპლია. და ეს კიდევ სხვა საკითხია. ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება. თუმცა დღეს სოციალურ ქსელებში სხვა საკითხზეც საუბრობენ.

როგორც სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გამოჩნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის უსაყვარლეს მსახიობს და უნიჭიერეს ხელოვანს მედიკამენტების შეძენისათვის საკმარისი თანხა არ ჰქონია და ამის მერე დაღუპულა. ამ ფაქტის დაჯერება ძალიან რთული იქნებოდა, ეს რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ყოველდღიური რეალობა არ იყოს უამრავი ადამიანისათვის. ჯერ იყო და წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს საავადმყოფოსკენ გახედვისაც კი ეშინოდათ, რადგან ეს ასტრონომიულ თანხებთა იყო დაკავშირებული. ამის მერე, თითქოს მდგომარეობა გამოსწორდა და ‘საყოველთაო დაზღვევა’ შემოვიდა. თუმცა გასულ წელს კიდევ ერთი უკან დახევა მოხდა და სახელმწიფომ ისევ აიღო ხელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე. და რაც მთავარია, მედიკამენტები თითქმის არასდროს არ ფინანსდებოდა. მედიკამენტები როგორც ქრონიკულად დაავადებული ასევე ჩვეულებრივი პაციენტებისათვის ძალიან ძვირია. ამიტომაც ბევრი ვერ ახერხებს ამ მედიკამენტების შესყიდვას. ეს მედიკამენტები იმდენად ძვირია, რომ მას ხშირად საშუალო კლასის წარმომადგენლებიც ვერ ყიდულობენ იმისათვის, რომ ელემენტარულად სიცოცხლე შეინარჩუნონ. აქ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. როდის იქნება, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს მოვალეობა გახდება?

დღევანდელ ეკონომიკაში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტვსითვის შეუძლებელია ისეთი მედიკამენტის ყიდვა, რომელიც მას სჭირდება. სწორედ ამიტომ მუდმივად არის პრესაში და სოც-ქსელებში აპელირება იმაზე, რომ გაიღონ მდიდრებმა ეს ფული. მაგრამ ჩვენი საზოგადოება მდიდრების ქველმოქმედების იმედზე ვერ იქნება. მაგრამ ეს არის ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომ არ მოვკლათ ჩვენი სიხარბით და გულგრილობით ადამიანები. ჩვენ უნდა შევიტანოთ ეს საგადასახადო სისტემაში, რომ ყველას – ყველა მოქალაქეს – ჰქონდეს იმის გარანტია, რომ უსახსრობის გამო არ დაიღუპება.
ცნობილია, რომ განათლებულ ადამიანებს სიმდიდრე არ იზიდავს და ისინი ფულს არ დასდევენ. ლიკა ქავჟარაძის მაგვარი ადამიანები ფულის გულისათვის არ ცხოვრობენ. ასევეა ადამიანების უმრავლესობა – მათ უბრალოდ ადამიანური ცხოვრება უნდათ. და როდესაც სახელმწიფო მათ ასეთი ადამიანური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს – ეს ჩვენ ყველას გვკლავს.
დღევანდელ დღეს ჩვენთან მთავარი კრიზისი ადამიანურობის კრიზისია – სადაც გულგრილობა, სიხარბე. კონკურენცია, და სხვების ხარჯზე წარმატება მთავარი ღირებულებებია. ამ დროს სიყვარულის ღირებულება თითქმის არ ჩანს. და სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოება ისჯება.
იქნებ ლიკა ქავჟარაძის ტრაგიკული გარდაცვალების მერე მაინც იფიქროს ჩვენმა სახელმწიფომ იმაზე, რომ არც ერთი ადამიანის მიტოვება არ შეიძლება სიკვდილის წინაშე. ეს მემარცხენე პოლიტიკაა და არც მემარჯვენე. ეს ადამიანურობის ნიშანია.
ლიკა ქავჟარაძე ჩემთვის დარჩება, როგორც ადამიანურობის ნიშანი და სიმბოლოც.
და იმედია, ჩვენ ამ ადამიანურობის იდეის გარშემო მაინც გავერთიანდებით” _ წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი კაკაბაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close