საზოგადოება

,,ილია მეორის გადაწყვეტილება შიოსთვის განაჩენი უფრო იქნება, ვიდრე რეკომენდაცია”

პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის დასახელებას, ცოტნე გამსახურდია ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ცოტნე გამსახურდია: მეუფე შიოზედ: პრაქტიკულად ყველაზე იდუმალი კანდიდატურაა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ცენტრალურ უბანშია დაბადებულ-გაზრდილი, არასდროს ყოფილა მოვლენების ეპიცენტრში, მის სახელს არც რაიმე სკანდალი უკავშირდება, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული პოზიტივი. თუმც ჩვენში დღეს – no news, good news-ო, უთქვამთ.

ფაქტია, რომ მოქმედმა პატრიარქმა სრულიად მოულოდნელად და საიდუმლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამას მისი ხელით, მძიმედ დაწერილი ბრძანებულება მოწმობს. სავარაუდოდ, სინოდიდან არავისთან ჰქონია კონსულტაციები. და უეცრად, გიორგობა დღეს გააჟღერა. 

მან, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იცის იმ ზვიგენების გარემო, რომლითაც არის გარშემორტყმული. თუმც სხვას ვის უნდა დააბრალოს…

ძნელი დასაჯერებელია, გამოცდილმა ილია მეორემ არ იცოდეს, რომ შიოს დასახელება, თან ესოდენ კრიზისულ დროში ეკლესიისათვის (ციანიდის საქმე, მისი ძმისშვილის, დიმიტრის ფრთის დასუსტება და ჩამოცილება, მომძლავრებული ეპისკოპოსების ყელყელაობა), შიოსთვის განაჩენი უფრო იქნება ვიდრე რეკომენდაცია, როდესაც შიო მარტო დარჩება სინოდის წინაშე…

მაშ, რა მოხდა? ან შიოს დაძირვის შეფარულ სურვილთან გვაქვს საქმე, ან ილია მეორე ვა ბანკზე წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არა აქვს.

საინტერესოა, რომ რუსული განათლების გარდა შიოზე კომპრომატი ჯერ ვერ მოიძებნა. მავან ეპისკოპოსთან დაკავშირებული ფიგურები და მედიასაშუალებები აჟღერებენ ხან – ილარიონოვი იყო ჩამოსული მის დასასახელებლად და ხან – ილარიონ ალფეევიო.

ისე, ილარიონ ალფეევი, რუსული ეკლესიის საგარეო განყოფილების უფროსი, მართლაც იყო ჩამოსული 1 ნოემბერს ფორმალური მიზეზით: ილია მეორე რუსეთში დაპატიჟა. მაგრამ ეს ცდომილებები მეტყველებს, რომ არანაირი ზუსტი ინფო არა აქვთ და ეს მხოლოდ მოშურნეთა ბოდვაა ჯერჯერობით. მეორეც, არ მჯერა იმ ოდიოზური ეპისკოპოსების, რომლებიც დღემდე ფულისა და გავლენისათვის ყველაფერზე ჩუმად იყვნენ და ყველაფერს კადრულობდნენ. ახლა გაახსენდათ შიოს პრორუსულობა?!

იმავ ეპისკოპოსების შურითა და ბოღმით აღვსილ ფრაზებსა და სახეებს თუ დავაკვირდებით, ეკლესიას წინ მძიმე დღეები ელოდება. სავარაუდოდ, დაშლის პროცესები დაიწყება და არ ჩანს ფიგურა, ვინც ამას შეაჩერებს. ტიპიური ქართული სურათია. თუ ეს პროცესი შეჩერდება, ვისი დროშის ქვეშ? რომელს რა აწყობს, რუსულ ფრთას ან პროდასავლურს?

რა გვაწყობს ჩვენ – ქვეყანას და საზოგადოებას?

საფიქრალია ამ ყველაფერზე…

პ.ს. შეიძლება დღეს პასუხები არ გვაქვს, მაგრამ მათ მისაღებად ჯერ სწორად კითხვების დასმაა საჭირო.

წყარო:primenewsgeorgia.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close