,,იანვრის ბოლოს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება” _ ვის უმზადებენ რბილ სავარძელს?
უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
ნიკა მემანიშვილი:
_ თვის ბოლოს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება… საინტერესოა ერთი ფაქტი. გაიხსენეთ ირაკლი ღარიბაშვილი. ისიც შ.ს.ს მინისტრი იყო და გახდა პრემიერი. გავრცელებულ ინფორმაციებს, ასევე მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, მომავალი პრემიერი გიორგი გახარია იქნება. საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება, არამგონია შემთხვევითი იყოს გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობა და ამის შემდეგ პრემიერობა. ეს ერთგვარი პიარ-ნაბიჯია. უქმნიან მას იმიჯს ძლიერი პიროვნების და ამ იმიჯით გახდება პრემიერი (გავიხსენოთ ღარიბაშვილის გაპრემიერება ერთი ერთში ჰგავს ეს ორი ქეისი ერთმანეთს… ).
ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი პრემიერი გიორგი გახარია იქნება უფრო ხისტი პოლიტიკის გამტარებელი ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი. კვირიკაშვილმა შეასრულა ის მისია, რაც მისი გაპრემიერების დროს დაუსახეს მიზნად _ გაწონასწორებული, მშვიდი არაკომფრონტაციული მმართველის იმიჯი, რომელიც, თავის მხრივ, დაიმსხვრა საჯარო გინების ფონზე.
მაშ ასე, ვემზადებით მთელი ქვეყანა ახალი ცვლილებებისთვის, არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ გვაქვს, მთავრობის მეთაურებს კი მაშინ გვიცვლიან, როცა პიროვნებების დისკრედიტაცია ხდება და პოლიტიკურად აღარ არის მომგებიანი მათი თანამდებობაზე დატოვება. ვერაფერში შეედავები, დემოკრატიის სახელით თავსმოხვეული ცვლილებები იქნება. ვის უნდა მოვკითხოთ დაპირებების შეუსრულებლობა? კვირიკაშვილს, ოღონდ მაშინ, როცა პრემიერი აღარ იქნება… მანამდე ვიყოთ ჩუმად და ვუყუროთ უფსკრულის მეორე მხრიდან, სავარძლებში მოკალათებულთა, მათი მეგობრების, ნათესავების, მეზობლების, პარტიის წევრების კეთილდღეობას.
ჩვენ? ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ”… ჩვენ შეგვიძლია, ვისხდეთ სახლებში, ,,მივირთვათ” სანახაობა და სანამ სული ამოგვძვრება, იმედია, მეორე არჩევნებიც მოგვიწევს. მერე კი ,,მივირთვათ” მორიგი დაპირებები… გახარიას მოსვლამდე არაფერი იჯავროთ, ის მალე მოვა…”