თეთრხალათიანები აქციებს აანონსებენ_ ორშაბათს, 12 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ”
ორშაბათს 12 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით , ექიმები თეთრი ხალათებით გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და გააპროტესტებენ ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
6 აგვისტოს გაიმართა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს.
გამომსვლელებმა აღნიშნეს:
1. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ.
2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს;
3. თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.
სხდომაზე გადაწყდა, რომ მოხდეს სამედიცინო საზოგადოების მობილიზება შემდეგი ღონისძიებების განსახორციელებლად:
1. ორშაბათს 12 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით , ექიმები თეთრი ხალათებით გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და გააპროტესტებენ ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
2. სამშაბათს 17 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება ბრიფინგი/აქცია, რათა რეგულირების სააგენტომ გადასინჯოს თავის დასკვნა, რითაც ექიმებს სრულიად დაუსაბუთებლად ბრალად ედებათ უკანონო სამედიცინო საქმიანობა;
3. სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების წარდგენის დღეს.
ამასთანავე, გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP -ის მიხედვით – ის სამედიცინო ჩარევა ( მისი კოდი), არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას , რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა.