საზოგადოება

,,ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინააღმდეგ, კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი რეპრესიები გრძელდება!”

სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი მერაბ ამილახვარი ავრცელებს წერილს, რომელიც ზვიად გამსახურიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

,,საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინააღმდეგ, კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი რეპრესიები გრძელდება!!!
კვლავ გაუგონარი სადიზმით, ღიად და დაუფარავად ცდილობენ მათი სიცოცხლის ხელყოფას.
პრეზიდენტის ოჯახის ფიზიკური განადგურება კვლავ მთავარ მიზანს წარმოადგენს გარკვეული ძალებისათვის.
დღეს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, მიუხედავად იმისა, რომ მას უმაღლეს დონეზე, სათანადო დახმარებები აღმოუჩინეს ქ.თბილისის ს.ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის – ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც გარკვეული პერიოდი დაჰყო უმძიმეს მდგომარეობაში, ვინაიდან მისი ტრანსპორტირება სიკვდილის ტოლფასი იყო. გამოუვალი მდგომარეობის გამო 2019 წლის 31 დეკემბერს, თურქეთის სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავით იგი გადაყვანილ იქნა თურქეთში, ქ. სტამბულის “ACIBADEM” -ის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც იგი იქ დღემდე იმყოფება.
უმძიმესი ტრავების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი ჯანმრთელობა: რას გაუძლებს მისი ორგანიზმი და როგორ შეძლებს მდგომარეობიდან გამოსვლას. თავის ქალისა და ტვინის დაზიანებები უმძიმესია. ჩამტვრეულია საფეთქლის, ნათხემისა და კეფის ძვლები, რის გამოც თავის ქალა დეფორმირებულია, თავის ტვინი ძლიერ დაზიანებული.
2019 წლის 31 დეკემბერს ცოტნე გამსახურდიას თურქეთში თან გაჰყვა დედა, ქალბატონი მანანა არჩვაძე – გამსახურდია. იგი ცოტნე გამსახურდიას გაჰყვა არა მარტო როგორც დედა და ოჯახის წევრი (რაც, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივი და საკმარისია) არამედ იგი აღჭურვილია სრული იურიდიული უფლებამოსილებითა და სპეციალური დოკუმენტაციით.
იგი მას გვერდიდან არ სცილდება, ყოველდღიურად იმყოფება კლინიკაში დილიდან გვიან ღამემდე და პირდაპირი გაგებით იბრძვის ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლისთვის.
უმძიმესია ამ მდგომარეობაში მყოფი შვილის შემყურე დედის მდგომარეობა.
აღმაშფოთებელია, რომ ამ სავალალო მდგომარეობაში საქართველოს სახელმწიფოს ერთ – ერთი ძლიერი უწყების თანამშრომლის ოჯახის წევრს პირდაპირი იერიში მიაქვს გამსახურდიების ოჯახზე. ამ პერსონის ძმა, ნაცვლად იმისა, რომ თავისი სამსახურიდან გამომდინარე იცავდეს სახელმწიფო ინტერესებს, დაკავებულია თავისი ოჯახის წევრების კეთილდღეობის მოპოვებით. ამის ნათელი მაგალითია “კოლხური კოშკის” ხელში ჩაგდებისთვის გამართული ეს მდარე სპექტაკლები.
“კოლხური კოშკი” არაერთგზის გამხდარა მტრის სამიზნე, მისი ხელში ჩაგდებისათვის გამართული ბრძოლა ჯერ კიდევ 1975 წლიდან იღებს სათავეს და თუ რა ბედი ეწია “კოლხურ კოშკს” 1992 წლის 6 იანვარს ყველას კარგად მოგეხსენებათ.
კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების მიერ “კოლხურ კოშკთან” ერთად იშვა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და აქვე შეისხა ხორცი.
“კოლხური კოშკი” ატარებს უძრავი ძეგლის სტატუსს და ამავდროულად მის ეზოში დაკრძალულია დიდოსტატი კონსტანტინე გამსახურდია თავის ოჯახთან ერთად, მეუღლე მირანდა ფალავანდიშვილი – გამსახურდია და ქალიშვილი თამარ გამსახურდია.
ჩნდება კითხვა, რატომ გადასცა გამომძიებელმა “კოლხური კოშკის” გასაღებები უცხო პიროვნებას. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული გამომძიებლის მიერ, რომელმაც დაარღვია კანონი და ცოტნე გამსახურდიას ტანსაცმლის ჯიბიდან ამოიღო გასაღები, რომელიც ერთ-ერთ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა.
“კოლხური კოშკის” გასაღებები არ დაბრუნებია ოჯახს და მიტაცებულია ამ პერსონის მიერ.
ეს პერსონა საქვეყნოდ, ურცხვად ცდილობდა საზოგადოების წინაშე შეთხზული სტატუსით წარდგომას. ამ ყალბი სტატუსის დამკვიდრებაში მას ხელს უწყობს საქართველოს ბეჭდური თუ ელექტრონული მასმედია. ისინი სამართლებრივი პასუხისმგებლობით წარსდგებიან სიცრუის, სიყალბის, თაღლითობის ტირაჟირების მუხლით. “კოლხური კოშკის” ირგვლივ ატეხილი ამბავი გვაფიქრებინებს რომ მათი მიზანი ასევე გახლავთ ოჯახის და პირადად ქალბატონ მანანა არჩვაძე- გამსახურდიას (ვინც უშუალოდ აკონტროლებს და თვალყურს ადევნებს ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლესა და გამოჯანმრთელების პროცესს) მდგომარეობიდან გამოყვანა და მისი ყურადღების თბილისზე გადმოტანა. ეს ყოვლად დაუშვებელია.
როდესაც მისმა ყალბმა სტატუსმა არ გაჭრა და თურქეთის კლინიკაში შეღწევა ვერ შეძლო, მიმართა ახალ ხერხს და საქართველოს უსამართლო სასამართლოს საეჭვო განჩინებით ხელთ იგდო “დროებითი მხარდამჭერის” სტატუსი.
“სამოქალაქო კოდექსში” – “მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდამჭერი“-ს შესახებ ვკითხულობთ:
(მუხლი 1280.მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნა (20.03.2015 #3339 ამოქმედდეს 2015წ.1 აპრილიდან)
“2.მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს”
საინტერესოა, რას ეყრდნობა სასამართლო როდესაც იღებს გადაწყვეტილებას უცხო პირით ჩაანაცვლოს, ოჯახის წევრი – დედა, რომელიც ამასთანავე ექიმია და საავადმყოფოში შეყვანის პირველი წუთიდან თან ახლავს დაზარალებულს.
მივმართავთ საქართველოს უსამართლო სასამართლოს: შეწყვიტეთ ყალბი განჩინებების გამოტანა, გირჩევნიათ დაკავდეთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმით. ჩაერთოს პროკურატურა და სათანადოდ გამოიძიონ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმე.
სამწუხაროდ თვითმარქვიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაუმოწმა უსამართლო სასამართლოს მიერ მინიჭებული “მხარდამჭერის” სტატუსი და გაამგზავრა თურქეთის კლინიკაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თაღლითების ხელშემწყობი გამოდის. მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იზრუნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე და არა ყალბი დოკუმენტების დამოწმებაზე.
როგორც ირკვევა, თურქეთის საავადმყოფოს ადმინისტრაციის იურიდიულმა განყოფილებამ ეს მტკიცებულებად არ მიიღო, ვინაიდან, მათთვის „მხარდამჭერის“ სტატუსის მქონე პიროვნებების შეყვანა ავადმყოფთან კატეგორიულად მიუღებელია. ეს მათ კანონში არა აქვთ დაფიქსირებული.
საინტერესოა, კიდევ რა ხერხს მიმართავს იგი საავადმყოფოში შესაღწევად?
ის ფაქტი, თუ რა კმაყოფილება გამოიწვია ამ პერსონაში საქართველოს უსამართლო სასამართლოს მიერ მისთვის მინიჭებულმა „მხარდამჭერის“ სტატუსმა, და მისი მცდელობა ამ განჩინების საფუძველზე შეეღწია თურქეთის საავადმყოფოში, ნათლად მეტყველებს მის შორს მიმავალ გეგმებზე.
მცდელობა, რომ ცოტნე გამსახურდიას მუდმივ მცველად მყოფი მისი დედა – ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჩაანაცვლონ გაურკვეველი მხარდამჭერით, ბადებს მრავალ კითხვას, თუ როგორ წარიმართება ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელების პროცესი. რაც შეეხება მხარდამჭერს…. დავიჯეროთ, ცოტნე გამსახურდიას მხოლოდ ერთადერთი მხარდამჭერი ჰყავს?!
მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაიცვას ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლე. ეს ყველას შეუძლია, ყველას შესწევს უნარი თავისი აქტიური ქმედებით, გადაარჩინოს ცოტნე გამსახურდია მკვლელების მიერ გამოტანილი განაჩენისაგან.
მოვუწოდებთ სამედიცინო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, ჩაერთონ ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელების პროცესში, დააფიქსირონ თავიანთი აზრები და პოზიცია, გაგვაცნონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ გააჩნიათ.
მივმართავთ ყველა სახელმწიფო უწყებას, ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელთაც ანალოგიურ შემთხვევებთან ჰქონიათ საქმე. მისი დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. მის საშინელ ტრავმებთან გამკლავება და ბრძოლა უნდა მოხდეს კომპლექსურად. შესაძლებელია, წარიმართოს კლინიკებს შორის თანამშრომლობა, რათა გამოიხსნან ცოტნე გამსახურდია ამ უმძიმესი მდგომარეობიდან.
ასევე მივმართავთ მსგავსი ტრავმებით დაზარალებულებს, რომელთაც ანალოგიური გზა აქვთ გამოვლილი და უკვე დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ მიაღწიეს გამოჯანმრთელებას, რომელ კლინიკებში იყვნენე მოთავსებული და რა მკურნალობა ჩაუტარდათ, რათა ჩვენც შევძლოთ ცოტნე გამსახურდიას გადარჩენა, მივაღწიოთ, რომ აღდგეს მისი ჯანმრთელობა სრულად და დავიბრუნოთ ცოტნე გამსახურდია იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იგი იყო 19 დეკემბრამდე.
გთხოვთ, ამ განცხადების გაზიარებით და კომენტარების დამატებით დააფიქსიროთ თქვენი დამოკიდებულება ამ ბარბაროსული ქმედებისადმი, გამოხატოთ თქვენი თანადგომა და მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას.
ამ განცხადების მიზანი ერთადერთია – გავაცნოთ საზოგადოებას არსებული მდგომარეობა, რათა არ გავხდეთ ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი და ძალაუნებური გამავრცელებელნი. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლისათვის და ასევე საზოგადოებისათვის, ვინაიდან იგი არის საქართველოს პრეზიდენტის ვაჟიშვილი, ბავშვობიდანვე დევნილი, რომელიც თავად არაერთ ადამიანს დახმარებია, არაერთი სიცოცხლე უხსნია სიკვდილისაგან.
წინამდებარე ტექსტი გავრცელდება უცხო ენებზეც, რათა მსოფლიომ შეიტყოს, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტის ოჯახი.
2020 წლის 27 იანვარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close