,,ვმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და წინააღმდეგობას ვერც მერია გაგვიწევს, ვერც გამგეობა“
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა მარინა ბერაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს წლის ანგარიში ჩააბარა.
მან განაცხადა, რომ ცენტრი ახორციელებს პროექტს _ იურიდიული კლინიკა ,,ჩემი ადვოკატი“. მისი თანამშრომლები თბილისის მოსახლეობას კვალიფიციურ რჩეევებს აძლევენ და ასობით ადამიანს უწევენ დახმარებას.
,,ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ არსებული კანონების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებას. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და კანონიერების განუხრელად დაცვას. სწორედ ეს არის ევროპული სახლის სრულუფლებიანი წევრობისა და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაჩქარების უმთავრესი პირობა“_ განაცხადა მარინა ბერაძემ.
სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი 2009 წელს დაფუძნდა. 2015 წლიდან, როცა მენეჯმენტი შეიცვალა, მისი საქმიანობა უფრო თვალსაჩინო გახდა. ცენტრის დირექტორმა ანგარიშის დროს ეკრანზე წარმოადგინა ,,წარმატებების ხე“ რომელზეც გამოჩნდა, რომ აიპ-ის წარმომადგენლები, ერთი წლის განმავლობაში, 21 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარნენ და 2017 წელი 98%-იანი წინსვლით დაასრულეს. ცენტრის ხელმძღვანელმა მემორანდუმი გააფორმა 11 უმაღლეს სასწავლებელთან და ამ სასწავლებლების სტუდენტები პრაქტიკას აიპ-ის ადვოკატებთან გადიან.
მარინა ბერაძე:
_ 2015 წლის მაისში ჩავატარეთ რეორგანიზაცია, მაგრამ არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია სახლში. ყველა დავტოვეთ, თუმცა რადიკალურად შევცვალეთ მუშაობის სტილი _ მოვაწესრიგეთ ხელფასების საკითხი და გავიჩინეთ საკუთარი შემოსავლები. მანამდე, თუ 2 უმაღლეს სასწავლებელთან გვქონდა ურთიერთობა, ახლა 8 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გადიან ცენტრში პრაქტიკას.
_ ფულს სტუდენტები იხდიან?
_ არა, სტუდენტების პრაქტიკის საფასურს უმაღლესი სასწავლებლები გვიხდიან. თბილისის აკრედიტებული, თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის იურიდიულ ფაკულტეტთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. სტუდენტებს სილაბუსების საშუალებით ვაფასებთ.
_ ცენტრის ადვოკატები მოქალაქეებს გამგეობებში ემსახურებიან? ანუ იქ უნდა მიაკითხონ მათ თბილისელებმა უფასო დახმარების მისაღებად?
_ თბილისის 10 გამგეობაში გვყავს ადვოკატი. ასევე, გვყავს 3 თანაშემწე. თუ ჩვენი ფინანსები გაიზრდება, სურვილი გვაქვს, კიდევ გავზარდოთ მუნიციპალიტეტებში ადვოკატების რაოდენობა. მინიმალურს ვიღებთ სახელმწიფოსგან და მაქსიმალურად ვემსახურებით მოქალაქეებს. ჩვენ მათ მხოლოდ ზეპირ კონსულტაციას არ ვუწევთ, ვეხმარებით სასამართლოში ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტის შედგენაში, მათ შორის სარჩელის მომზადებაშიც.
_ როდესაც მოქალაქეს პრეტენზიები აქვს მერიასთან, გამგეობასთან, ასეთ დროს, თქვენი ადვოკატები რა პოზიციას იკავებენ?
_ დავების 90 % ასეთია და ადვოკატი, რა თქმა უნდა, აქაც მოქალაქის ინტერესებს იცავს. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა სასამართლოშიც კი მოვუგეთ მერიას, გამგეობას პროცესი.
_ და მერიის აიპ-ის წარმომადგენლებს, ასეთ დროს, ზემდგომისგან წნეხი არ აქვთ?
_ ადვოკატის საქმიანობა არ არის დამოკიდებული მის კრეატიულობაზე. ჩვენ ვმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ კანონი წაიკითხონ ზუსტად, დაიცვან ის და გამოიყენონ. ამიტომ, წინააღმდეგობას ვერც მერია გაგვიწევს და ვერც გამგეობები. ისინიც ეთანხმებიან ხოლმე სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ჩვენი ადვოკატები მონაწილეობენ.
ნელი ვარდიაშვილი