ჯანდაცვა

ვის და როგორ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა _ ეს უნდა იცოდეთ!

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანადაცვის დაფინანსების საკითხებზე  euronews.ge ესაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეპარტამენტის უფროსს, მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს.

 

   _  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით  მოსარგებლე ჯგუფებისთვის დიფერენცირებული პაკეტები როდის ამოქმედდა და რას ითვალისწინებს?
   _ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ჯერ კიდევ 2017 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ და არ ეზღუდებათ დამატებით, კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
  70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი და არ ეზღუდებათ დამატებით, კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ და კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება. ასევე, უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების _ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია მკურნალობა, მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსება.
  _ როგორ აფინანსებს პროგრამა დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს?
  _ რაც შეეხება 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს, ანუ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, ასეთი პირები სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. თუმცა უნარჩუნდებათ ონკოლოგიური ქიმიო და ჰორმონოთერაპია დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსება.
 მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, გარდა მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსებისა.
  _ ქრონიკული დაავადებების ირგვლივ არის თუ არა რაიმე ცვლილება, პროგრამა ითავსებს წამლების დაფინანსებას?
  _ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები უფინანსდებათ. ასევე, პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს, გარდა ბიუჯეტით დაზღვეული პირებისა, უნარჩუნდება მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსება.
   აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგამის პარალელურად, ყველა მოქალაქეს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით და სერვისებით სრულფასოვნად სარგებლობა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close