სხვა

„ექიმებმა სასწაული მოახდინეს“

როგორია ხაშურში მძიმე ავარიაში დაშავებული დების მდგომარეობა

მთელი საქართველო გულშემატკივრობს გასული წლის ოქტომბერში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს, ნიაკოს და თათულის. უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.

.

ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.

გოგონების დასახმარებლად მაშინ სრულიად ერი გაერთიანდა, საკმაო თანხები მოგროვდა იმისთვის, რომ შემდგომი რეაბილიტაციისთვის ისინი თურქეთში, კლინიკაში გადაეყვანათ. ნიაკო და თათული 5 თვის წინ ჩავიდნენ თურქეთის კლინიკაში, იქაც არა ერთი ოპერაცია ჩაუტარდათ, მაგრამ როგორც დედა ამბობს, კიდევ დარჩა რამდენიმე ოპერაცია გასაკეთებელი, ისინი დღემდე იბრძვიან გამოჯანმრთელებისთვის და მართლაც ურთულესი დღეები გამოიარეს.

გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე, „კვირის პალიტრასთან“ ყვება:

-5 თვეა, თურქეთში ვართ, კლინიკაში და რეაბილიტაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მდგომარეობაც ბევრად უკეთესია. ნიაკო, რომელიც კიდურებს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, ახლა უკვე ჯდება, მოძრაობს. ნიაკოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და საკმაოდ შედეგიანი იყო. თათულიმ უკვე გაიარა ფეხზე, დადის, ხელს რომ ჩავკიდებთ და ველოდებით, დამოუკიდებლად როდის გაივლის. ექიმები მპირდებიან, რომ მეტყველება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ახლა ამ ბედნიერი დღის მოლოდინში ვართ. რაღაც პერიოდი სჭირდება. აქ კიდევ ერთი თვე ვიქნებით და ველოდებით, რომ ამ დროში თათულიმ შეძლოს დამოუკიდებლად გავლა და საქართველოში ჩამოვა ისეთი, როგორიც იყო. ამის გარანტიას ექიმი გვაძლევს და იმასაც ამბობს, რომ თათული თავის საყვარელ საქმეს – ტანვარჯიშს დაუბრუნდება. მეუბნება, რომ შეეძლება ვარჯიში და დიდი იმედი მაქვს, მომავალ წელს, საქართველოს ჩემპიონატზეც გავა.

იცით, თათული როგორი ბავშვი იყო? ბევრი მედალი და სიგელი აქვს და იმის მოლოდინი მაქვს, რომ სრულიად გამოჯანმრთელებული ისევ თავის საყვარელ საქმეში ჩაერთვება…

ნიაკოს შემთხვევაში, ლევან ექიმმა მართლაც სასწაული მოახდინა. ნიაკო უფრო მძიმედ იყო, ამის მერე დაიწყო რთული რეაბილიტაციის გზა, რასაც ახლა გავდივართ.

თურქ ექიმებზეც მადლობა უბრალო ნათქვამია. უდიდეს თანაგრძნობას ვგრძნობთ ჩამოსვლის დღიდან. აქ ვერ იგრძნობ, რომ კლინიკაში ხარ, ისეთი გარემოა, ისეთი სიტუაციაა. სულ ვამბობ, მეორე ოჯახი შევიძინე, ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ყველა ექიმთან, ექთანთან, ფიზიოთერაპევტებთან, სულ სხვა გარემოა, რაც მთავარია, შედეგია ისეთი საოცარი, სასწაული მოახდინეს.

უფლის სასწაულის მერე, ჯერ ქართველმა ექიმებმა მოახდინეს სასწაული, რომ იმ ღამეს გადარჩნენ ჩემი შვილები და მერე, თურქეთში, სადაც თითქმის უმოქმედო ბავშვები ჩამოვიყვანე – თავი, ხელი, ფეხი, თითი ვერაფერს ამოძრავებდნენ, ვერც სხდებოდნენ და ვერც დგებოდნენ. თათული უკვე დადის. ნიაკოც დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას.

ჯერ ვერ მეტყველებენ. ექიმები მეუბნებიან, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონ დამოუკიდებლად და მერე მეტყველებაც წამოვაო, ამასაც ძალიან მალე ველოდებით.

„კვირის პალიტრა“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close