
ცნობილი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ძალიან პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მისი პირველი მძაფრი ემოცია სწორედ ამ ტრაგედიას უკავშირდება.
.
-ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის, ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი… მამა სულ ახალგაზრდა, 42 წლის იყო. ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა…
ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.
თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა… ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს…
ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა – სხვა… დედაჩემის მერე – სხვა…
დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა – სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა… ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა…
ფული არასოდეს მქონია… არც მიფიქრია, რომ მქონოდა. ფასობდა ის, რომ რეჟისორი ვიყავი და ამითაც ვკმაყოფილდებოდი. ბინა მქონდა და საჭმლის ფული, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე…
კახეთში ვენახი მაქვს. ღვინო გამოვუშვი, “ნატო ვაჩნაძე” ჰქვია. მაგრამ არ იყიდება… ადრე კვირაში ერთხელ დავდიოდი ვენახში. ახლანდელი ბენზინის ფასის გამო სად უნდა იარო?! ამიტომ ხალხი მყავს დაქირავებული და ისინი უვლიან. მეც ვიცი ვენახის მოვლა…
რომ იტყვიან, “ცხოვრება ვირის კუდივით მოკლეა”… ვნანობ, რომ მცირდება ჩემი მეგობრების წრე. ჯერ ახალგაზრდობაში გამომეცალა ლადო ქოქიაშვილი, მერე გურამ რჩეულიშვილი. ახლაც ბევრი წავიდა, ბევრი ავადმყოფობს. არ მუშაობენ, როცა კაცი არ მუშაობს, ძალიან უჭირს ფსიქოლოგიურად. რა მოკლე ყოფილა წუთისოფელი… ორმოცი წლის რომ ხარ, ამაზე არ ფიქრობ, ბევრი რამ წინ გეგულება. ახლა მოიხედავ და აღარ არიან შენი თანატოლებიც კი, მშობლების თაობა ხომ აღარ არის და აღარ…
რას შევცვლიდი, რომ შემეძლოს წარსულში? რა გითხრათ… ჩემი მშობლების სიცოცხლის ხანგრძლივობას შევცვლიდი. მინდა ახლაც ცოცხლები მყავდნენ – დედაც და მამაც…
კვირის პალიტრა