,,ელვის უსწრაფესად ფაფახი თავზე ჩამოვიფხატე და ხანჯალი ქარქაშიდან გავაძრე“…
,,დავაარსე ტურისტული კომპანია „ნელიკო ტური” და უკვე ორი წელია კახეთის მცხოვრებლებისთვის ვაწყობ ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსანახულებლად და გასაცნობად"
პროფესიით ჟურნალისტია. თუმცა ამ ბოლო დროს საკუთარ პროფესიას ტურიზმიც შეუთავსა. ჯერ მშობლიურ სოფელ ვაქირში საოჯახო სასტუმრო „თომა პაპას მარანი“ გახსნა, შემდეგ კი ტურებს ჩაუდგა სათავეში. ჩვეული მონდომებით და ხალისით უძღვება „ნელიკო ტურს“ და საინტერესო აქტივობებსაც სთავაზობს ტურისტებს. უწინარესად კი, მშობლიური კუთხის – ქიზიყის პოპულარიზაციას და მდიდარი ისტორიული წარსულის გაცნობას ისახავს მიზნად.
რას ფიქრობს ამ ბოლო დროს მომრავლებულ ტურებზე, პრობლემებზე, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე? – „კვირის“ „პერსონის“ სტუმარია ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი.
– თქვენს რაიონში აქტიურად მოღვაწეობთ, როგორც ჟურნალისტი და ქიზიყის, სიღნაღის სიახლეებს აცნობთ საზოგადოებას. საინტერესოს რას გაიხსენებთ ჟურნალისტური ცხოვრებიდან?
– მესამე წელია გაზეთ „კვირის პალიტრის” ჟურნალისტი ვარ კახეთის რეგიონში და ჩემი კუთხის სიახლეებს ვაცნობ მკითხველს. მიხარია, რომ შემიძლია, ჩემი მშობლიური კუთხის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი და ამ სასიკეთო საქმეში, ჩემი წილი აგური დავდო. კახეთს არ აკლია სილამაზე, მდიდარი წარსული, სასიქადულო და საგმირო ისტორია, საამაყო წინაპრები, ტურისტული პოტენციალი, უხვად ჰყავს გონიერი და ცნობილი ადამიანები…
ერთი სიტყვით, დაინტერესებული ჟურნალისტისთვის აქ სამუშაო უხვადაა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ბევრი ღირსშესანიშნაობა, ტერიტორია პირველად ვნახე, ბევრი აქამდე უცნობი ისტორია მოვისმინე, ბევრ კოლორიტ და გამრჯე ადამიანს შევხვდი. მიხარია, რომ, გაზეთისა და ჩემი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, ქიზიყის გარკვეულ ისტორიას ვწერ. ასე აღმოვაჩინე, დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, თვითნასწავლი მხატვარი ბელა ლობჯანიძე, რომელმაც, მოსწავლეებთან ერთად, სოფლის ქუჩები ნიკალას ნახატებით მოხატა. მისი მეშვეობით ფიროსმანის სოფელი ერთი დიდი საგამოფენო დარბაზია.
სიახლე კი ისაა, რომ ერთი კვირის წინ, ნიკალას დის, ფეფეს შვილ ქალბატონთან ჩავწერე ინტერვიუ, რომელმაც ფიროსმანის ოჯახის აქამდე უცნობი ისტორიები მომითხრო. სოფელ ანაგაში ჰამლეტ გონაშვილის სახლი გადავიღე, მოხუცმა მეზობელმა კი ჰამლეტის ანაგაში ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა. ძალიან ბევრი ხელმარჯვე ადამიანია კახეთში და სტატიებით მათი წახალისება, ვფიქრობ, კარგი საქმეა – სხვებიც მიჰბაძავენ და „სოფელიც აშენდება”.
– როგორ გაამართლა საოჯახო სასტუმრო „თომა პაპას მარანმა“? პანდემია დაემთხვა იმ წლებს?
– როგორც იცით და თქვენ წერდით ამის შესახებ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, ჩემი წინაპრების დატოვებულ სახლში, ერთხანობას საოჯახო სასტუმრო მოვაწყვე და უცხოელ ტურისტებს ვმასპინძლობდი.
კახეთს, კონკრეტულად კი ქიზიყს, უდიდესი ტურისტული შესაძლებლობები აქვს. ჩემი სახლის დიდი აივნიდან იშლება ალაზნის ულამაზესი ველი და ამან გადამაწყვეტინა ჩემი სახლის ტურისტული მიმართულებით განვითარებაზე მეფიქრა.
პაპაჩემი, თომა ვარდიაშვილი ქართული ფოლკლორული მუსიკის მიმდევარი, მეხოტბე და მასწავლებელი იყო. მის მიერ აშენებულ მარანში, ქვევრის პირას, ხშირად ისმოდა ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც პაპა და მისი მეგობრები მღეროდნენ. გადავწყვიტე, ეს ტრადიცია გამეგრძელებინა და უცხოელი ტურისტებისთვის „თომა პაპას მარანში”, კახურ სუფრასთან ერთად, ქართლ-კახური სიმღერებიც მომესმენინებინა, მაგრამ პანდემიამ ჩემს ოცნებებს მიმართულება შეუცვალა.
– ბოლო წლებია, ტურები წამოიწყეთ. ხშირად მიგყავთ დამთვალიერებლები ქიზიყის ღირსშესანიშნაობების სანახავად. გასვლები გაქვთ უცხოეთშიც…
– ორი წლის განმავლობაში ვმასპინძლობდი უცხოელ სტუმრებს. პანდემიის შემდეგ კი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში თავად დავაარსე ტურისტული კომპანია „ნელიკო ტური” და უკვე ორი წელია კახეთის მცხოვრებლებისთვის ვაწყობ ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსანახულებლად და გასაცნობად.
გასულ წელს თურქეთში, პირველ ქრისტიანთა ნაკვალევზე წავიყვანეთ ტურის მონაწილეები, წელს სტამბოლში ვიყავით. „აია სოფიას“ საოცარ ტაძარში, სადაც ამჟამად მეჩეთი-მუზეუმია, აქა-იქ კვლავ არის შემორჩენილი ქრისტიანული ფრესკები.
ტურის მონაწილეების ემოცია არასდროს დამავიწყდება – ტირილს ვერ იკავებდნენ. ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ვაპირებთ ტურის მოწყობას. კაბადოკიისა და სტამბოლის ტურის მსურველი ბევრია. ალბათ იმიტომ, რომ ავტობუსით ვმოგზაურობთ და თანხა ხელმისაწვდომია. ცხადია, გზა დიდია, იქ ჩასვლას ერთ დღეს და ღამეს ვანდომებთ, მაგრამ კომფორტული ავტობუსი გვაქვს და ტურის ხელმძღვანელები ღამითაც არ ვიძინებთ, ყურადღებას, მზრუნველობასა და გართობას არ ვაკლებთ არცერთ ტურისტს – დაღლას არ ვაგრძნობინებთ.
– ტურის მონაწილეთა წახალისებაზე მუდმივად ზრუნავთ…
– თავდაპირველად ვაჯილდოებდით ტურის აქტიურ მონაწილეებს. მაგალითად, ვინც საუკეთესო ლექსს იტყოდა, იმღერებდა, იცეკვებდა, მოჰყვებოდა საინტერესო ამბავს და ა.შ. სიურპრიზად სუვენირებს გადავცემდით. წნორი-სტამბოლის ტურში კი გრანდიოზული გათამაშება ჩავატარეთ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალბატონმა მოიგო სტამბოლის უფასო ტურის საგზური და იმოგზაურა ჩვენთან ერთად. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი, მის სახეს რომ ვიხსენებ, ღირდა ეს ყველაფერი ამად. მსგავსი სიურპრიზები შემდგომაც ხშირად გვექნება.
„ნელიკო ტურის“ ყველა ტური ორიგინალურია იმით, რომ კომბინირებულია. ხშირად ვამბობ: ნელიკო ტური არის მხიარულებას და გართობას + შემეცნება + ჩვენი ქვეყნის სიყვარული+ ერთმანეთის სიყვარული.
ტურის გიდობასაც თავად ვითავსებ. ვყვები საინტერესო ამბებს, ღირსშესანიშნაობების, საინტერესო ადგილების, ისტორიული ძეგლების ისტორიებს, ცნობილი ადამიანებიც ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს.
ძალიან მიყვარს ცნობილი ადამიანების სასიყვარულო ისტორიების მოყოლა. ასეთი ამბები ჩემს მოგზაურებს ძალიან მოსწონთ და სულგანაბულნი მისმენენ. პოეზია, სიმღერა ძალიან მიყვარს. ტურში ჩემი საყვარელი პოეტების ლექსებსაც ვამბობ. ერთხელ, ვაშლოვანის ტურში, ქარაფის პირზე მდგარ ცხენზე ამხედრებულმა ვთქვი საქართველოზე ლექსი:
„ფრთაძლიერი არწივების საბუდარი,
გადაშლილი საჯიხვე და საჯეირნო,
სადაც შენ ხარ, მასპინძელიც და სტუმარიც,
გინდა გული მის ცქერაში აჯეილო.
საქართველო ვეფხვის ერთი ნახტომია,
მაგრამ მაინც ვერ დაივლი ვერასოდეს“…
ისეთი გამოთქმითა და გრძნობით ვამბობდი, ეტყობა ცხენსაც გადაედო ემოცია, შეიკუნტრუშა და კინაღამ გადმომაგდო. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შემეშინდა, ლექსი არ გამიწყვეტია. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის კუთხე-კუნჭულს ვაცნობ ქართველებს.
მართლაც სამოთხის სადარი ქვეყანა გვაქვს. დასაფასებელი, დღემუდამ მოსაფერებელი და პირველ რიგში ქართველები უნდა ვიცნობდეთ მას, კიდით კიდემდე.
გადაწყვეტილი მაქვს, ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი წმინდა ადგილები და კულტურული ძეგლების მოსანახულებლადაც მოვაწყო ქიზიყიდან ტურები. მოკლედ, გრანდიოზული გეგმები მაქვს და ვიცი, რომ აუცილებლად განვახორციელებ.
– დღეს უამრავი ტური იმართება. ალბათ ამ ყველაფერს თავისი პრობლემებიც ახლავს… რა პრობლემა გაფერხებთ უმთავრესად?
– რომელ საქმეს არ ახლავს პრობლემები? ცხადია, გამონაკლისი არც ტურიზმია. ქართველ ტურისტთან მუშაობა იოლი საქმე არ არის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მომთხოვნი მოგზაური ქართველია. საბაზრო ეკონომიკა გვეუბნება, მოითხოვე, მაგრამ გადაიხადე, რადგან დრო ფული ღირსო.
ქართველი მოგზაურისთვის ეს ცოტა რთული აღსაქმელია, ამიტომ ვცდილობ, ტურები როგორმე მათ ბიუჯეტს მოვარგო და ყველამ შეძლოს თავის თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა. პრობლემებს ვაწყდებით ტრანსპორტთან მიმართებითაც. კერძო სექტორს სახელმწიფო ვერ არეგულირებს და ზოგჯერ ისეთ არაადეკვატურ თანხებს გვიფასებენ, ტური გვიძვირდება. გამართული ავტომანქანა და გამოცდილი მძღოლი, წარმატებული ტურის მთავარი კომპონენტია.
როცა მძღოლს ენდობი, შენც მშვიდად და თამამად უძღვები შენს საქმეს და მოგზაურობაც ნაყოფიერი გამოდის.
2 წელში „ნელიკო ტურმა“ საინტერესო ისტორიები დააგროვა. ერთ-ერთს გავიხსენებ: წნორი – ყაზბეგის ტურში ვიყავით. გეგმაში რაც გვქონდა გაწერილი, ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი მოვინახულეთ. ფასანაურიდან ისე როგორ წამოხვალ, მთის ხინკალი არ დააგემოვნო და გზად, ჩვენც რესტორანში შევედით.
ჩვენი ტურებისთვის დამახასიათებელია დღის ბოლოს ქეიფი, სადაც ყველა თავისებურად ავლენს ნიჭს – ლექსებს ვამბობთ, ვმღერით, ვცეკვავთ, ერთად ვავლენთ გამარჯვებულებს და ვაჯილდოებ სიმბოლური საჩუქრებით.
რესტორანში, მეორე სართულზე გაგვიშალეს სუფრა, რადგან პირველზე სხვა სტუმრები ჰყავდათ. ჩავრთეთ კარაოკე, გამწარებულები შალახოს ვცეკვავთ და უცებ, რამდენიმე თურქი გამოგვეცხადა – მუსიკის ხმაზე, მათაც მოუნდათ ცეკვა. ტურში უმეტესობა ქალი იყო და ხან ერთ ქალს გაეთამაშნენ, ხან მეორეს და ცოტა არ იყოს დეზორგანიზება შემოიტანეს ჩვენს მხიარულებაში.
ერთმა ჩემთანაც მოისურვა ცეკვა. უცებ გონება გამინათდა და მივხვდი, როგორ უნდა მომეცილებინა დაუპატიჟებელი სტუმრები. გამახსენდა, რომ ჩანთაში ფოტოსესიისთვის წამოღებული ფაფახი და ხანჯალი მედო. ცეკვა-ცეკვით წავედი ჩანთისკენ და უცხოელიც მომყვება, ჩანთიდან ელვის უსწრაფესად ამოღებული ფაფახი თავზე ჩამოვიფხატე და ხანჯალი ქარქაშიდან გავაძრე!..
როგორც ჩანს, იმდენად შთამბეჭდავი პერფორმანსი გამომივიდა, რომ არაბი დაიბნა და სწრაფად გაგვეცალა, ტურის მონაწილეებმა კი ტაში დასცხეს.
– რას იტყოდით ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, პერსპექტივებზე?…
– ქვეყნის ტურისტული პოტენციალი უსაზღვროა. რაც უფრო მეტად ვმოგზაურობთ, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი, გამორჩეული ქვეყანა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წნორი – კაბადოკიის ტურებსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ, მაინც ყველას ვეუბნები, კაბადოკიაში წასვლას, გირჩევნიათ დედოფლისწყაროში, ჩვენი ვაშლოვანი ნახოთ, რომელიც კაბადოკიას არაფრით ჩამოუვარდება-მეთქი.
ტახტითეფას ვულკანები პირველად რომ ვნახე, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ლამაზი ადგილი ჩემს ქვეყანაში იყო. შთამბეჭდავია არწივის ხეობა, ჭაჭუნას აღკვეთილი, სადაც მდინარე იორია დაგუბებული და არაჩვეულებრივ ტბად არის ქცეული.
როგორც ადგილობრივები მომიყვნენ, სსრ კავშირის დროს, ამ ადგილზე ატომური ელექტროსადგურის ნარჩენების დამარხვა ჰქონიათ გადაწყვეტილი, მაგრამ დედოფლისწყაროელებს უყოჩაღიათ. კრემლისთვის მიუწერიათ, აქ უძველესი ნასახლარებია აღმოჩენილი, გვინდა, ჩვენი წინაპრების საცხოვრებელ ადგილზე ორი სოფელი გავაშენოთ, ერთს „საქართველო” დავარქვათ და მეორეს „რუსთაველიო”.
ასე გადაურჩენიათ ეს ტერიტორია ეკოლოგიური დაბინძურებისგან. დაუწყიათ კიდეც სოფლების მშენებლობა, წინდაწინ კი მდინარე დაუგუბებიათ, რომ გაუდაბნოებულ ტერიტორიას სარწყავი წყალი ჰქონოდა. თუმცა წყობილების შეცვლამ პროექტი შეაფერხა და დაარსებული სოფლების აღორძინება ვეღარ მოხერხდა.
ვაშლოვანის ნაკრძალსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ჩვენს ტურში თუ წამობრძანდებით, ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრ უცნობ ამბავს შეიტყობთ. ცხადია, ჟურნალისტის პროფესია საინტერესო და უცნობი ინფორმაციის მოპოვებაშიც მეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალის ქვეყანაა საქართველო, მაინც დიდი შრომაა საჭირო ამ დარგის განსავითარებლად. ადრე თუ გვიან, ეს უნდა მოხდეს და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილი მსოფლიოში, სადაც ჩაიდება დიდი ინვესტიციები, ჩამოვა უამრავი ტურისტი, რომელიც დახარჯავს ფულს და ფინანსურად გავძლიერდებით.
თამარ შაიშმელაშვილი
წყარო: kvira.ge