სიღნაღის ამბები

სკანდალი! სიღნაღის საკრებულოს წევრის შვილისა და ახლობლების კომპანიებმა 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზმა გამოკვეთა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ივანე მირიანაშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესები: მისი შვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა, 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ჯამში 5,375,427.64 ლარის ღირებულების 44 ტენდერი  და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.

ივანე მირიანაშვილი 2017 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა. მანამდე იგი იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ სიღნაღის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს. 2013 წელს ივანე მირიანაშვილი იყო პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა გელაშვილის შტაბის წევრი

ივანე მირიანაშვილის საოჯახო კომპანიები

ივანე მირიანაშვილის შვილი, დავით მირიანაშვილი სწორედ მაშინ იღებს გამარტივებულ შესყიდვებს და  ელექტრონულ ტენდერს, როდესაც მისი მამა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე  ხდება. შპს “სეივონმა” (ს/კ 404544365), რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი დავით მირიანაშვილია, სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 43,910.16 ლარის ღირებულების 1 ტენდერი მიიღო 2019 წლის 15 მაისს, რომლითაც უნდა გაერემონტებინა ნუკრიანის მე-2 და წნორის პირველი საჯარო სკოლები (ელექტრონული ტენდერი NAT190009590,  15.05.2019,  ხელშეკრულება N100).

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 37 212 ლარი (დღგ-ის გარეშე). შპს „სეივონმა“ შესთავაზა  37 212 ლარი, ხოლო შპს “ჯეოლიზ ინვესტმა”, რომელიც მისი ერთადერთი კონკურენტი იყო, განახორციელა შეთავაზება 29 000 ლარის ოდენობით. სატენდერო კომისიამ შპს “ჯეოლიზ ინვესტს” მოსთხოვა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ. სატენდერო კომისიამ შპს “ჯეოლიზ ინვესტს” დაუწესა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად, როცა დაჩქარებული წესით მსგავსი დოკუმენტის გაცემა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 10 (ათი) სამუშაო დღეში შეუძლია. შპს “ჯეოლიზ ინვესტმა” ვერ დაადასტურა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაბამისად, სატენდერო კომისიამ განახორციელა მისი დისკვალიფიკაცია.

მეორე დღეს, 2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან შპს “სეივონმა” ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. დავით მირიანაშვილთან 10 წუთის ინტერვალით გაფორმდა 2 ხელშეკრულება (CMR190095011, 16.05.2019, 09:49, ხელშეკრულება N61; CMR190095019, 16.05.2019,  09:59,  ხელშეკრულება N62). თითო ხელშეკრულების ღირებულება 20 000 ლარია. ეს გამარტივებული შესყიდვები შპს “სეივონმა” მიიღო, რათა გაკეთებინა სკვერები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ანაგასა და ნუკრიანში.

თავად ივანე მირიანაშვილსაც აქვს ბიზნესი – იგი არის კომპანია შპს “მ.ს. Მშენის” (ს/კ440392004) დამფუძნებელი. ამ კომპანიამ 18,510 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში (CMR150106565) 2015 წელს მიიღო, როდესაც ივანე მირიანაშვილი იკავებდა პარტია „ქართული ოცნების“ სიღნაღის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციას.

“არაძირითადი” კომპანიების ძირითადი შემოსავლები

ივანე მირიანაშვილს დეკლარაციაში, სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში, “არაძირითად საწარმოდ” მითითებული აქვს ორი კომპანია, შპს „ინტერ პლიუსი“ და შპს „ორბა 7“, რომლებშიც თავად მირიანაშვილი წილობრივად არ მონაწილეობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” ცნობილი გახდა მათი მფლობელებისა და ივანე მირიანაშვილის მეგობრობის ფაქტი. დეკლარაციაში მოცემულმა ინფორმაციამ ფაქტობრივად დაადასტურა ამ კომპანიებსა და მამა-შვილ მირიანაშვილების კომპანიებს შორის არსებული კავშირი, რაც გახდა ამ კომპანიების საქმიანობის შემდგომი შესწავლის საფუძველი.

შპს „ინტერ პლიუსი“ (ს/კ 240420193, რეორგანიზაციამდე – შპს „ქიზიყი 2008“) მითითებულია ივანე მირიანაშვილის დეკლარაციაში, როგორც არაძირითადი საწარმო. აღნიშნული შპს-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე 2019 წლის 23 იანვრამდე იყო ოთარ ბიძინაშვილი, რომელიც მითითებულია პარტნიორად არაძირითად საწარმოში. Შპს “ინტერ პლიუსმა” 2013-2015 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიიღო 883,360 ლარის ღირებულების 49  გამარტივებული შესყიდვა.

2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე  შპს „ინტერ პლიუსმა“ მოიგო 41 ტენდერი, ჯამში 3,619,174.5 ლარის ღირებულების. 41 ტენდერიდან 20-ში შპს „ინტერ პლიუსი“ იყო ერთადერთი მონაწილე და გაიმარჯვა უკონკურენტოდ. ოთარ ბიძინაშვილის კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან ჯამში 4,502,534.5 ლარზე მეტი მიიღო.

2019 წლის 23 იანვარს ოთარ ბიძინაშვილმა კომპანიის საკუთარი 100% წილი გადაუფორმა ლალი ბიჩნიგაურს. Შპს “ინტერ პლიუსმა” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეწყვიტა, თუმცა საწარმოს ლიკვიდაცია არ მომხდარა.

შპს „ორბა 7“ (ს/კ 206308501), რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ვიქტორ ორდინიძე, ივანე მირიანაშვილის დეკლარაციაში მითითებულია არაძირითად საწარმოდ, რომელიც უკავშირდება შპს „სეივონს“. Შპს “სეივონი”, თავის მხრივ, დავით მირიანაშვილის კომპანიაა.

შპს „ორბა 7“-მა 2019 წლის აგვისტოში გაიმარჯვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (NAT190015681), სადაც ის იყო ერთადერთი პრეტენდენტი. ტენდერში კონკურენტების არარსებობა დამატებით კითხვებს აჩენს. აღნიშნული  ტენდერის ღირებულება შეადგენს 341,367 ლარს. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა.

ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ 2018-2019 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან 386, 461.98 ლარის ღირებულების 4 გამარტივებული შესყიდვა, მიიღო  შპს „თი ენ სიმ“ (ს/კ 440393021), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ლევან ბიძინაშვილი, შპს „ინტერ პლიუსის“ დირექტორის, ოთარ ბიძინაშვილის შვილი.

ლევან ბიძინაშვილის საკუთრებაშია შპს „ცოტნე“ (ს/კ 440389296), რომელმაც 2019 წლის 16 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან მიიღო 42,647 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა.

საჯარო მონაცემების ანალიზისას აღმოვაჩინეთ, რომ ივანე მირიანაშვილს დეკლარირებული აქვს ბინა თბილისში, ჯანაშიას ქუჩა 21-ში, რომელიც რეგისტრირებულია მისი მეუღლის ქეთევან ქართველიშვილის სახელზე. აღნიშნულ ბინაზე იპოთეკური ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია 2016 წლის 26 დეკემბერს განახორციელა ოთარ ბიძინაშვილმა, დაინტერესებულ პირად კი მითითებულია შპს “ინტერ პლიუსი” – სწორედ ის  კომპანია, რომელსაც ივანე მირიანაშვილი თავის დეკლარაციაში არაძირითად საწარმოდ აცხადებს.

მოცემული ინფორმაციების საფუძველზე შეგვიძლია გამოვთქვათ დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივანე მირიანაშვილის სამოხელეო და სამეწარმეო საქმიანობაში არსებობს გარემოებები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. იკვეთება კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისა და სახელმწიფო რესურსთან მიმართებით კერძო, მერკანტილური ინტერესების არსებობის ნიშნები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს  „სეივონის”, შპს “მ.ს.მშენის”, შპს „ინტერ პლიუსის”, შპს “ორბა 7”-ის, შპს “თი ენ სის” და შპს “ცოტნეს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს ტენდერები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული.

წყარო: https://transparency.ge

 

Related Articles

Back to top button
Close