სიღნაღის ამბები

სოფელ ვაქირში ეპიდემია იფეთქებს _ ნახეთ, საიდან სვამს მოსახლეობა წყალს! (3 სკანდალური ვიდეო)

სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ვაქირის მოსახლეობას სასმელი წყალი დაბინძურებული არხიდან მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავად აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყველა ავზი გაბინძურებულია და მას ვერ ასუფთავებენ, რადგან თანხები არ აქვს სოფელს. მათ პრეტენზია აქვთ სოფლის მოსახლეობასთან და ამბობენ, რომ ისინი აზიანებენ წყალსაცავებს, თუმცა როცა ვკითხეთ, ვინც აზიანებს წყალსაცავებს, მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს რატომ არ იყენებდნენ, გვიპასუხეს, რომ თურმე არ არსებობს კანონი, რომელიც ასეთ საკითხებს არეგულირებს. სოფელში გააუქმეს სოფლის ინსპექტორის შტატი და კანონთან მიმართებაში სრულ უმეცრებასთან ერთად, სახელმწიფო თუ კერძო ქონებების დატაცება-ქურდობაც ხშირია.

რაც მთავარია, სოფელი დარჩენილია სუფთა სასმელი წყლის გარეშე. სოფლის სკოლაში კი საერთოდ არ მოედინება წყალი.

რადგან სოფლის რწმუნებულისა და მისი აპარატის ძალებს აღემატება სოფლის წყლის მოწესრიგება (საინტერესოა, რისთვის ღებულობენ ხელფასებს? ), მივმართავთ სიღნაღის რაიონის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, რაიონის სხვა მესვეურებს, დაინტერესდნენ, რას სვამს ვაქირის მოსახლეობა და შეესაბამება თუ არა მათთვის მიწოდებული წყალი სტანდარტებს.

ასევე მივმართავთ საქართველოს წყალმომარაგების სისტემის მესვეურებს, მიაქციონ ყურადღება სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირს და იქ მომუშავე მათ თანამშრომლებს, რომელთა დაინტერესებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ხელფასების მიღებაა. ეს მდგომარეობა ამ სამსახურის  პრესტიჟს ლახავს.

მივმართავთ დაავადებათა კონტროლის სამსახურს. სოფელ ვაქირში არსებული მდგომარეობა, ცხელ ზაფხულში, აუცილებლად გამოიწვევს დაავადებების აფეთქებას ამ რეგიონში. სოფელ ვაქირში არსებული წყლის ავზები წარმოადგენს ანტისანიტარიის კერებს და იქნებ თქვენც დაინტერესდეთ აღნიშნული მდგომარეობით.

ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ საკითხს. ახლა კი გთავაზობთ სამ ვიდეოსიუჟეტს, რომლებშიც  ზუსტად არის ასახული ამ სოფელში  და ზოგადად, რეგონებში შექმნილი მდგომარეობა.

როგორც სიუჟეტიდან ჩანს, გვითხრეს, რომ პრობლემას დღესვე მოაგვარებდნენ. საზოგადიებამ უნდა იცოდეს, რომ ესეც მორიგი ტყუილი დაპირება იყო.

 

Related Articles

Back to top button
Close