საზოგადოება

თბილისის 178-ე საჯარო სკოლაში გაცოცხლებული ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“

,,მოსწავლეებმა იმუშავეს დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით. კარგად ჩაწვდნენ ნაწარმოების თემასა და იდეას“

თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, სკოლის დარბაზში, მოწვეული სტუმრების წინაშე საინტერესო სპექტაკლით წარსდგნენ. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები- ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ გააცოცხლეს. მაყურებლის ტაში, კარგად მომზადებულ, პატარა მსახიობებთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნატო დავითაშვილმაც დაიმსახურა. Euronews.ge  ქალბატონ ნატოს ესაუბრა.

      ნატო დავითაშვილი: 

_  როდესაც დავიწყეთ მოთხრობაზე- ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ მუშაობა, ნაწარმოების პირველმა თავმა უკვე აღძრა მოსწავლეებში ცხოველი ინტერესი, ენახათ ,,კუთხე ღვინისა“. სწორედ ამიტომ, მოვაწყეთ ექსკურსია სიღნაღში. ბავშვებმა ნახეს ალაზნის ველი, ვენახები, გადაიღეს სურათები ვიდეო-კადრები. შემდეგ მოვიძიეთ ისტორიული მასალა დაღესტანსა და ლეკების ცხოვრებაზე. გამოვკვეთეთ პრობლემა: სწორედ სიღარიბის გამო, ბაჯაჯგუნა ლეკებმა მოიტაცეს ქართველაძეების საყვარელი გოგონა-ქეთო.

გავიაზრეთ სიუჟეტი: დავახასიათეთ პერსონაჟები, მოთხრობაში ჩავამატეთ ბავშვების მიერ დაწერილი ეპიზოდები, დიალოგები, წერილები, მოსწავლეებმა დაასურათეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილები და დეტალები. გაკვეთილზე გამოვიყენეთ როლური თამაშებიც და გაჩნდა იდეა, დაგვეწერა სცენარი და მოთხრობა გვექცია სპექტაკლად.

ვმუშაობდით სკოლაში, ონლაინ, გვეხმარებოდა დირექცია, კლასის დამრიგებელი, რომ პრობლემაა არ შეგვქმნოდა, გამოყოფილი გვქონდა სასკოლო სივრცე შეხვედრებისთვის.

    _ სცენარი თქვენი დახმარებით მოსწავლეებმა დაწერეს?

_ გავარჩიეთ მასალა, სცენარის წერისას გავითვალისწინე ბავშვების სურვილი და ინტერესი, იდეები, შევქმენით წარმოსახვითი პერსონაჟები-ქართველების მეგობარი ლეკი და ქეთოს მეზობელი თანაშეზრდილი აისუნი.

სპექტაკლს ალამაზებდა კარგად, გემოვნებით შერჩეული მუსიკა, აუდიო და ვიდეო მასალა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის, თამარ მოლაშვილის დახმარებით.

  _ სპექტაკლში საინტერესო პასაჟები გქონდათ ჩართული. მაგალითად, ინგლისურენოვანი, ,,უცხოელი ტურისტების“ და ,,ჟურნალისტების“ გამოჩენა, ცეკვასაც მშვენივრად გაართვეს თავი ბავშვებმა…  

_ ,,ინგლისელი ტურისტების“, პატარა ჟურნალისტების ჩართვითა და ინტერვიუს აღებით მოხდა უცხო ენის ინტეგრირება ქართულ ლიტერატურასთან. ამ მიმართულებით დახმარება გაგვიწია ინგლისურის პედაგოგმა, მარიკა აფციაურმა.

სპექტაკლი დააგვირგვინა პატარა მოხდენილმა ცეკვამ და ქორწილის ცერემონიამ. (პედაგოგი ნათია გაჩეჩილაძე).

სპექტაკლში მონაწილეობას ორი კლასი იღებდა- 5 (გ) და 5 (ა) კლასის მოსწავლეები. (დამრიგებელი ანი გზირიშვილი და მზია საჯაია) ბავშვები დაამეგობრა ერთობლივმა მუშაობამ, მათ შორის გაჩნდა კეთილგანწყობა.

მოსწავლეებმა იმუშავეს დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით. კარგად ჩაწვდნენ ნაწარმოების თემასა და იდეას, გაითავისეს, რომ სამშობლო უპირველესია, მშობლიური სიყვარული კი მძლეთამძლე. ქართველებს მაღალი კულტურა გვაქვს, ქართულ სიმღერებს კი საოცარი ემოციური მუხტი გააჩნია.

ბავშვებმა გაიგეს, რომ კეთილდღეობის მისაღწევად დანაშაული კი არ უნდა ჩავიდინოთ, არამედ უნდა ვიშრომოთ. მათ აიმაღლეს წერის კულტურა, ზეპირმეტყველება და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი. რაც მთავარია, გაუჩნდათ სურვილი სხვა პროექტზე მუშაობის.

გუნდურმა მუშაობამ ჩამოუყალიბა მოსწავლეებს ჯანსაღი ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი. მიხვდნენ, რომ გუნდური მუშაობით შეძლეს მიზნის მიღწევა და სასურველი შედეგის მიღება.

სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მშობლებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და ეხმარებიან პედაგოგებს ბავშვების ღირსეულ აღზრდაში.

ნელი ვარდიაშვილი

.

.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close