ჯანდაცვა

,,დაფინანსდება დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული…”_ ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს

გიორგი ვაშაძე იანვრიდან ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს. ამის შესახებ სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და “ახალი საქართველოს” ლიდერმა სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში ჯანდაცვის სიტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მისივე განმარტებით, მათ შეისწავლეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა საერთაშორისო მასშტაბით და აღმოაჩინეს, რომ ამ კუთხით საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

“რას გააკეთებს ეს ცენტრი? პირველ რიგში შესთავაზებს სახელმწიფოს კომპლექსურ გეგმას, ადრეული დიაგნოსტიკიდან და რისკ ჯგუფების კვლევიდან დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული, თუ რა სტანდარტები და ხარისხები უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში. გათვლილი გვაქვს თანამშრომლობა ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან, ასევე სხვა ქართველ ონკოლოგებთანაც, რომლებიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ცენტრის მეშვეობით იქნება გარკვეული ცოდნის ბაზა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებზე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე ის, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადებების პრევენცია, როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, ვართ თუ არა რისკ ჯგუფებში და ასე შემდეგ”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, მათი მიზანია, რომ რეგიონში საქართველო ონკოლოგიური დაავადებათა მკურნალობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს.

“სახელმწიფომ ბოლომდე უნდა აიღოს საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება ონკოლოგიურ დაავადებებზე, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხოლო უცხოელებისთვის ეს იქნება ჩვეულებრივად ფასიანი სერვისი. სწორედ ამ გეგმის ლობირება იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს საქართელოში და თითოეულ მოქალაქეს გაუმჯობესებულ სერვისს მივაღებინებთ”,-აღნიშნა ვაშაძემ.

წყარო: https://www.interpressnews.ge

Related Articles

Back to top button
Close