დავით ასათიანი: მაღალი აგრესიულობის ფონზე, ეს იყო დიდი გამარჯვება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. არჩევნები ტარდებოდა უპრეცედენტოდ ღიად და ობიექტურად. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინცინდენტს, რომელსაც ასათიანის გუნდის წევრები და ადვოკატთა დიდი ნაწილი პროვოკაციას უწოდებს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა კი ასეთია: ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
დავით ასათიანი:
_ ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ჩვენმა გუნდმა – ათასზე მეტი ხმა და მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს გავასწარით ხუთასი ხმით და მივიღეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა კონკურენტმა ერთად.
მინდა აღვნიშნო, რომ იმ მაღალი აგრესიულობის ფონზე, რომელიც ამ არჩევნებზე იყო, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი და ჩვენი გუნდის. ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს. კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, მაგრამ პროფესიული ინტერესებიდან, ადვოკატთა ასოციაციის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც არ გადავიტანთ ამ ინტერპრეტაციის საკითხს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, გავალთ მეორე ტურში და გავიმარჯვებთ.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა მეორე ტური თავმჯდომარის ასარჩევად. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი დაინიშნება მეორე ტური, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.