საზოგადოება

სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე შეხვდა 5 საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას

სახალხო დამცველის კანდიდატმა მარიკა არევაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ომბუდსმენობის კანდიდატმა პარტია „მოქალაქეების“ და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ხედვები გააცნო.

„ვაგრძელებ შეხვედრებს, რათა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს გავაცნო ჩემი ხედვები და გეგმები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს საშუალება პირადად გაესაუბროს კანდიდატებს და დაუსვას ის შეკითხვები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, საბოლოო კენჭისყრის დროს, მხარი დაუჭირონ ღირსეულ და დამოუკიდებელ კანდიდატს.

შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითებზე, რომელიც დგას სახალხო დამცველის წინაშე და საჭიროებს გადაჭრას. ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები, რაზეც დაინტერესებულ მხარეს მივაწოდე ჩემი ხედვები, თუ როგორ იქნება შესაძლებელი, რომ რეკომენდაციები არ დარჩეს მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიშებში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იქნეს რეალიზებული“ – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე შეხვდა 5 საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close