რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიორგი თევზაძე: საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 78 წელი შეუსრულდებოდა

გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი:

_ დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ღირსეულ მამულიშვილს მერაბ კოსტავას 78 წელი შეუსრულდებოდა. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ  მერაბ კოსტავამ თავისი ცხოვრება შესწირა საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობის მოპოვებას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურიც გახლავთ, რომ მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობის  დღეს, 26 მაისს დაიბადა. ბატონი მერაბი წლების განმავლობაში, რუსეთის ჯოჯოხეთურ ციხეებში იმყოფებოდა. მას აწამებდნენ იმის გამო, რომ უნდოდა, მის სამშობლოში უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო.
   მერაბ კოსტავა იყო  ქართველთა ერთობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის  სიმბოლო და  საქართველოსათვის წამებული რაინდი, რომელიც ასეთად დარჩა თითოეული ქართველის მეხსიერებაში და საქართველოს უახლოეს ისტორიის ფურცლებზე. ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდეს თავი, რადგანაც  ახლოს ვიცნობდი და ვმეგობრობდი მასთან, ვიყავი მისი ერთ-ერთი უმცროსი მეგობარი და თანამებრძოლი ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მერაბ კოსტავას თხოვნით  ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი.
     მერაბი არასოდეს აგრძნობინებდა მის გვერდში მყოფს, თანამებრძოლს, რომ იგი ვინმეზე, თუნდაც წლოვანებით უფროსი იყო. ის იყო ყველასაგან გამორჩეული, დიდსულოვანი, რაინდული ბუნებისა და სულის  პიროვნება, რომლის უმთავრესი ქვაკუთხედს წარმოადგენდა სამშობლოს სიყვარული და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლა. მისთვის ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ერის გაერთიანებისათვის ბრძოლა.
 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ და ქართველმა ერმა აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა მისი გარდაცვალებით, რაც შემდგომ პერიოდმაც თვალნათლივ დაგვანახა.
   ანდა აღვნიშნო, რომ 1992 წლის შემდეგ, როდესაც იარაღის ძალით პუჩისტებმა განდევნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება და ქვეყანაში დაისადგურა ქაოსმა, როცა პუჩისტური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა ეროვნული მოღვაწეების მიზანმიმართული დევნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, 1997 წელს,   საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდმა რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი დააწესა  საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მოღვაწე პიროვნებებისთვის რომლებმაც თავისი მოღვაწეობით ფასდაუდებელი ღვაწლი გასწიეს ადამიანის უფლებების დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისათვის. 1997 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველი საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ გმირს, ცნობილ უფლებადამცველს, მერაბ კოსტავას, (გარდაცვალების შემდეგ) .ეს მედალიონი ამჟამად ინახება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში. ამის შემდეგ, ასეთი სახის საპატიო სიგელით და ოქროს მედალიონით არავინ დაჯილდოვებულა.
  რამდენიმე წლის წინ, როდესაც მერაბ კოსტავას დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა, ჩემს ფეისბუქზე დავდე  (რაც  შემდეგ საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა  http://www.postalioni.com/2015/05/გიორგი-თევზაძე-ფესვმაგ/ )  მერაბ კოსტავას  დაბადების დღისადმი მიძღვნილი წერილი, თუმცა  დღესაც იგი თავისი შინაარსით ისეთივე აქტუალურია, როგორც რამდენიმე წლის წინ. ამიტომ, ისევ გაგაცნობთ ამ წერილს:
  „ჩემო ძვირფასო მეგობარო მერაბ, ერთი წუთით რომ გადამოგეხედა შენს ბედკრულ, დღევანდელ საქართველოსათვის გაოცდებოდი და გაიფიქრებდი, სად გაქრა ქართველი მამულიშვილების უმეტეს ნაწილში ის შემართება და ერსულოვნება, ერთმანეთისადმი სიყვარული, როგორც ეს ეროვნული მოძრაობის პერიოდში და 1989 წლის 9 აპრილის დღეებში იყო; სად გაქრა ის თავდადება და პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ქართველის  სულში ასე იყო გამჯდარი?…
  დღეს, საქართველოში, უმეტესწილად  გათითოკაცებულ და ფარისევლობით თავმომწონე, პოლიტიკური ამბიციებით გაჯერებულ პოლიტიკანებს ვხედავთ, რომლებიც საკუთარი მდგომარეობისა და სკამის შესანარჩუნებლად, ამა ქვეყნის ძლიერთა საამებლად, სამშობლოს და მომავალი თაობების ინტერესებს არად აგდებენ. მაგალითისთვის  ისტორიული მემკვიდრების ძეგლის, საყდრისის განადგურებაც საკმარისია. ასე, რომ ძლიერ, ფესვმაგარ მუხას _ საქართველოს, ისევ შემოესია მუმლი, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წლის მოვლენებიდან იღებს სათავეს. თუმცა საბოლოოდ მაინც ვერაფერს დააკლებს, რადგან ქართველებში, ერთსულოვნება და პატრიოტული სული სწორედ სამშობლოს გაჭირვების ჟამს გამოიღვიძებს ხოლმე,  ქვეყანა რომ გადაარჩინოს.  ქართველი ერი ისევ ივლის ილიას, მერაბის, ზვიადის და ექვთიმეს გზით… უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გააერთიანოს და გააბრწყინოს საქართველო, ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე“.
დღეს, ამას დაემატა ისიც, რომ კვალაც გვიწევს  დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ბრძოლა  უცხოელებზე ქართული მიწის  გასხვისების აკრძალვის მოპოვებისთვის, ასევე, ქართული ენის სიწმინდის დასაცავად და ა.შ…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close