საქართველოს მთავრობას!

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვადამოსული გადასახდელების გადახდა 2020 წლის 1_ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ საქართველოში არსებულ ავტოიმპორტიორებს, ხოლო ტურიზმის ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს, ასევე მიეცათ საშეღავათო პერიოდი 2020 წლის 1_ელ ნოემბრამდე არსებული გადასახადების გადავადების გზით.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება მისასალმებელია და ადასტურებს მის მზაობას საერთო სახალხო ინტერესების სასარგებლოდ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია არა მხოლოდ ზემოთაღნიშნული გადამხდელების, არამედ მომსახურების სფეროში დასაქმებულ თუ დამსაქმებელ ფიზიკურ/იურიდიულ პირთა მიერ.

სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულება უახლოესი რამოდენიმე თვის განმავლობაში დასაქმებულთათვის სახელფასო ანაზღაურების შენარჩუნებასთან ერთად შეუძლებელი იქნება მეწარმე სუბიექტებისათვის, მით უფრო, როცა საბანკო/საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული საშეღავათო პერიოდი ფაქტიურად არ აჩერებს პროცენტის დარიცხვას, ამასთან აღნიშნული შეღავათით სარგებლობა არ ეხება ყველას, მათ შორის ყველა იურიდიულ პირს.

მომსახურების სფეროში არსებული ფინანსური პრობლემები ფაქტობრივად ყველა სფეროს შეეხება, გარდა სააფთიაქო/სამედიცინო და სასურსათო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა.

სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ნაბიჯები გადაიდგა და მიგვაჩნია, რომ საჭიროა მეტი მხარდაჭერა, რათა აღნიშნული მსოფლიო გამოწვევის დამარცხების შემდეგ არ მივიღოთ დახურული და გაკოტრებული ბიზნესი, მატერიალური სახსრების გარეშე დარჩენილი მომსახურების სფეროდან იძულებით დათხოვნილი მოქალაქეები.

ზემოთქმულის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე ღია წერილით და გთხოვთ:

  • მოხდეს საგადასახადო შეღავათების გავრცელება (გადავადება) მომსახურების სფეროში მოღვაწე ყველა ფიზიკურ/ფიზიკურ პირ გადამხდელთა/იურიდიულ პირთა მიმართ (გარდა სასურსათო, სააფთიაქო/სამედიცინო სფეროსი);
  • სათანადო ყურადღება დაეთმოს ე.წ ბაზრობების ტერიტორიაზე დასაქმებულთა მდგომარეობას, ვინაიდან მათ უწევთ საიჯარო ქირის გადახდა, რომელსაც ქვეყანაში შექმნილი ფორს_მაჟორული მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ და იძულებულნი გახდებიან დატოვონ სამუშაო ადგილები, რაც მათ სამომავლოდ დატოვებს საარსებო წყაროს გარეშე;
  • განიხილოთ საიჯარო ურთიერთობების საკითხი, ვინაიდან მეწარმეები იძულებულნი არიან შეაჩერონ საქმიანობა, თუმცა გამქირავებლები მათ არ უჩერებენ საიჯარო გადასახადებს;
  • კიდევ ერთხელ მითითებები მიეცეს კერძო კომპანიებს, რომ მათ სრულად უზრუნველყონ ჯანოს და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების დაცვა, რაც ასევე გულისხმობს მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლას და თანამშრომელთა მორიგეობის დაწესება ისეთ სფეროში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენ გვიკავშირდებიან მოქალაქეები რომელთა უმრავლესობას ეშინია სამსახურის დაკარგვის და იძულებულია იაროს სამსახურში, ხოლო ხელმძღვანელობას არ აქვს პასუხისმგებლობა აღებული პერსონალის უსაფრთხოებაზე (არ აქვთ ნიღბები და ხელთათმანები, არ აქვთ სადეზინფექციო ხსნარები);
  • განიხილოთ შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანებისათვის დახმარებების გაცემა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში შიმშილისა და გაყინვის პრობლემა არ შეექმნათ.

პატივისცემით,

მოძრაობა ,,დააპაუზე უფასოდ”-ის

საინიციატივო ჯგუფი

 

 

კომენტარები