OLYMPUS DIGITAL CAMERA

ჩვენი ერთობის უნიკალური და მდიდარი ისტორიის მანძილზე ჯერ არ ყოფილა ჟამი, ებრაელს კაცს საქართველო განსაცდელში მიეტოვებინოს და ახლა, როდესაც მთელი კაცობრიობა დიდი და რეალური საფრთხის წინაშე დგას – ჩვენ თქვენთან ვართ!

მსოფლიოს თვისობრივი გარდატეხის ხანა დაუდგა და მას წინ უძღვის ის დიდი განსაცდელი, რომელიც თვალით უხილავი მტრის სახით მოევლინა კაცობრიობას: უდიდესი სახელმწიფოების  ეკონომიკა  მიწაზე დაენარცხა; მილიარდები იხარჯება და იკარგება;  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვა უძლური აღმოჩნდა ეპიდემიის  მიმართ;  ქვეყნები, რომლებიც  გლობალურ  პოლიტიკას ქმნიდნენ – ახლა კოლაფსში არიან; დედამიწა გაჩერდა – მსოფლიომ დაიჩოქა!

რა მოხდა? გამჩენი ადამის მოდგმას ელაპარაკება და რადგან მისი საყვარელი შვილები ვართ, ცდილობს რაიმე შეგვასმინოს – კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო გასაგებად. კაცობრიობა ისე დავშორდით უფალს, რომ მისი ხმა ფიზიკურად აღარ გვესმის, რამეთუ არც მზად ვართ ამისთვის და არც ღირსნი, მხოლოდ ღმერთის ხმის ექო მოდის ჩვენამდე, როგორც მისი  ნამოქმედარის შედეგი. და მარტო ღმერთს კი არა, ერთმანეთს დავშორდით – აღმოსავლეთი დასავლეთს ეომება, ჩრდილოეთი –  სამხრეთს; სახელმწიფოებს, ერებს დიალოგი აღარ ძალუძთ, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება ქვეყნების გასაერთიანებლად და ამაოდ.

დღეს კი,  სიკვდილის შიშმა და  გამჩენის ნაბოძები სიცოცხლის სიყვარულმა  მთელი სამყარო გააერთიანა. ახლა ყველა დგას და ლოცულობს თავიანთი ენით, თავიანთი რწმენით,  რომ გამოჩნდეს რაიმე წამალი და გადარჩეს კაცობრიობა. ჩვენს თვალწინ ხილული სასწაულები ხდება –  ისრაელის მისისხლე მტერმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზაობა, პირველებმა შეიძინონ ჩვენგან ვაქცინა, თუკი ის წარმატებული აღმოჩნდება დაავადების სამკურნალოდ.  მსოფლიოში გაბატონებული პირველობის ზღვარი წაიშალა. დღეს სულერთია, ვინ იპოვნის კაცობრიობის გადარჩენის გასაღებს, ოღონდ იპოვნონ!

საქართველოსაც ბევრჯერ  დაუმსახურებელად გააწნეს სილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არასოდეს ეტყვის უარს თუნდაც მტერს, რომელიც გულწრფელად სთხოვს დახმარებას. ესაა ქართული ხასიათის ხიბლი.

ახლა ერთობის დროა. დიალოგის და ერთმანეთის გადარჩენის დროა. ეს უნდა გამჩენს, კაცობრიობა ერთ ენაზე აალაპარაკოს, სიყვარულით გააერთიანოს,  რამეთუ განგვამაზადოს ჩვენ, ადამის მოდგმა, მრავალჯერ დაცემული და მაინც მისი საყვარელი, უფლის დიდებით მობრძანებისთვის. კარგად დავუგდოთ ყური მოვლენებს, აკი ყველაფერი მისი პირით ყვირის ირგვლივ: შვილებო, არ დაივიწყოთ, რომ მე ვარ გამჩენი თქვენი ღმერთი! ცაში ასულხართ, მზეს და ვარსკვლავებს ეპოტინებით, მაგრამ  ადამიანო, შენი სხეულისთვისაც კი  ვერ გიშველია, მე თუ არ დაგეხმარე!

მაშასადამე, გვაახლოებს უფალი მის მობრძანებას.

ეს გაკვეთილია გამჩენის –  ერთობას და სიყვარულს გვასწავლის. დღეს ჭირია და შევთხოვთ უფალს, რომ ამ განსაცდელმა მალე იქციოს ზურგი, მაგრამ  დასწავლული მერე, ლხინის დროსაც   არ უნდა დაგვავიწყდეს.  უნდა  ვიცოდეთ  ადგილი ჩვენი,  რომ მის დიდებასთან პატარები ვართ, უნდა გავერთიანდეთ, პატიება ვთხოვოთ ერთმანეთს – ძმამ ძმას, შვილმა მამას, უმცროსმა უფროსს და ყველამ ერთად უფალს.

ქართველი ებრაელების სახელით ტერიტორიულ გამთლიანებას, სულიერ სიმტკიცეს და მომაღლებას, მშვიდობას გისურვებ საქართველო; ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ხვავსა და ბარაქას, ბედნიერ მომავალს გისურვებთ ქართველებო, მრავალჟამიერ!

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი

იაკობ გაგულაშვილი

კომენტარები