პოლიტიკა

,,გარდაბანში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი არჩევნების გამყალბებელი იყო”

,,მხოლოდ არჩევნებში ხალხის ხმებით დასტურიღაა საჭირო, რომ გარდაბანში კლანურ-მაფიოზური სისტემა გაფართოებულ რეჟიმში გადავიდეს. გარდაბანი მუდამ ითვლებოდა მსუყე ლუკმად, სადაც მუდმივად იყო და არის გადაჯაჭვული უამრავი ინტერესები. კორუფციულ-მაფიოზურ-კლანური ჯაჭვია შეკრული ოდითგანვე. საინტერესო ისა, რომ ახლები ძველებს კი არ ხსნიან ამ ჯაჭვიდან, არამედ ცოტას იჩოჩებენ და ახალ წევრებს იმატებენ, ამიტომ არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება ჯაჭვის სიგრძე და იმატებს ხალხის ყვლეფის ხარისხი.

ეს ჯაჭვი ერთბაშად უნდა ჩაჭრა, ქურდები ციხეში, მატყუარები-სახლებში გაუშვა და ხალხს დაუბრუნო მისი ნაჯაფ-ნაშრომი. გარდაბნის მერობის კანდიდატებიდან ამის გაკეთება მხოლოდ მე შემიძლია. ვინც მიცნობს, ამაში ეჭვიც არ შეეპარება…

ამ შავი ჯაჭვის ყველა რგოლის ინტერესებშია ,,ქართული ოცნების“ კანდიდატის, რამაზ ბუდაღაშვილის მერად ქცევა, რადგან ის. ,,ზემოთ”, ბევრი ინტერესების შეჯერებით შეირჩა.

ისტორია ასეთია: რამაზ ბუდაღაშვილი წლების მანძილზე გარდაბანში საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო, ანუ როგორც ლეიბორისტები ვამბობთ, ერთ-ერთი გამყალბებელი. ნაციონალების მმართველობის დროს, სასურველ ციფრებს უწერდა ნაციონალებს, ,,ქართული ოცნების“ დროს _ ,,ქართულ ოცნებას“. არჩევნები რომ მუდამ ყალბდებოდა, ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ამას 2008 წლიდან მოყოლებული გარდაბანში ბატონი ბუდაღაშვილი აწერდა ხელს. ეს ცოტა ხნის წინ ,,ოცნების“ გარდაბნელმა აქტივისტებმა ,,ჩააზუსტეს“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბუდაღაშვილმა მირზოევის სასარგებლოდ გააყალბა, პარლამენტის მანდატი აჩუქა, სამაგიეროდ მირზოევი ცდილობს, გამგებლის პოსტს ჩაახუტოსო. ასე მარტივადაც არაა საქმე. ბატონო საველან მირზოევი, რომელივ თავის დროზე (ნაციონალების მართველობისას) გარდაბნის მუნიციპალიტეტში აპარატის უფროსი იყოს, ციდან არ ჩამოფრენილა. ვიღაცამ ‘’უჯიკა“ ,,ზემოდან“. როგორც ამბობენ, ეს ,,ვიღაც“ ზვიად ძიძიგურია, რომელიც ბოლო წლებია მუდმივად ,,ალაგებს“ ქვემო ქართლს და გარდაბანს, მისი მარჯვენა ხელი ამ საქმეში, ყოფილი პარლამენტარი, ნაციონალებიდან ,,ოცნებაში“ გადაპორტირებული ე.წ. წავკისელი ფეოდალი გიორგი ფეიქრიშვილია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე და პარლამენტში მათ მიერვე გაყვანილია. (ბოროტი ხმები ამბობენ, ფეიქრიშვილმა ძიძიგურს წავკისში სასახლე აუშენაო). ბუდაღაშვილი სწორედ ამ და კიდევ სხვა ,,კანტორის“ ინტერესების გამომხატველი იქნება მერად გახდომის შემთხვევაში. ის კიდევ უფრო გააერთიანებს და განამტკიცებს ყველა ხელისუფლების კლანურ ჯგუფებს.

სოფლებში დავდივარ და ზუსტად ვიცი, რომ ,,ქართულ ოცნებას“ და მათ კანდიდატს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, გაყალბების, მოსყიდვის, დაშინება-დაშანტაჟების გარდა. სუსი ისევ სუსობს, მოძალადეები კვლავ ძალადობენ, ხმებით ვაჭრები კვლავ ვაჭრობენ, გამყალბებლები მზად არიან გაყალბებისთვის, მაგრამ მაინც მაქვს ჩემი ხალხის იმედი.

მოდით, ვიბრძოლოთ და შევცადოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ მაფიოზებისგან!” _ აცხადებს ნინო მეტრეველი, მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან გარდაბანში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close