საზოგადოება

ბორჯომის მერიაში მაღალი ხელფასები მაინც დაინიშნეს – საკრებულოში ვითარება განმუხტულია

დღეს, 28 თებერვალს, საღამოს, დაძაბული დღის ბოლოს, ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა გამართა და გაზრდილი სახელფასო ოდენობები დაამტკიცა.

საკრებულოს სხდომის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბორჯომის თვითმმართველობის შენობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატებისა და მერიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელიც კაბინეტშია გამოკეტილი (რადგან შესასვლელი სავარძლებითაა ჩახერგილი), მისი თანაგუნდელები გიორგი გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ კიკნაძე შეუშვეს.

ამის შემდეგ დაინიშნა ბორჯომში სხდომა, რომელსაც ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად მისი მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი გაუძღვა. სხდომას „ქართული ოცნების“ 13 და „პარტიოტთა ალიანსის“ წევრი 4 დეპუტატი ესწრებოდა. ამ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი – გაზრდილი სახელფასო ოდენობები გაიტანეს და 13 ხმით, 3–ის წინააღმდეგ, დაამტკიცეს. საკითხს მხარი არ დაუჭირა სხდომაზე მყოფმა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები. ხელფასების საკითხი ვერც დღეს, დილის სხდომაზე დამტკიცდა – 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი ამბობდნენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებდნენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტდა. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი ტრანსფარანტებით – ‘ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი’, ‘მოღალატე გადადექი’, ‘ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი’, ‘ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს’, ‘ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას’, – მერიის შენობის წინ მართავდა აქციას.

დღის მეორე ნახევარში ბორჯომში ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ წევრი ნიკა მელია ჩავიდა. შენობაში მის გამოჩენას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბორჯომის მერიაში უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ადგილზე იყო ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსი ჩადუნელი.

ამ დროისათვის მერიის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი. ადგილზე ისევ რჩებიან თანამშრომლები. შენობაში ვითარება განმუხტულია.

ზაზა ჩაჩანიძე კვლავ კაბინეტში რჩება და მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ამის პარალელურად, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა.

შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ კი ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close