საზოგადოება

ბონდო მძინარიშვილი: ეკატერინე ტიკარაძეს არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს კლინიკების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კლინიკების გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრს გამოუცდელობაში დასდო ბრალი.

ბონდო მძინარიშვილი ფეისბუკგვერდზე წერს, რომ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში დახვდა, მოკლე დროში და ექსტრემალურ ვითარებაში ვერავინ შეძლებს.

„მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ. ამიტომაც დანიშნეს, – მას არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან და მასთან მისასვლელი გზა კი არ მოუჭრეს ამ მაფიოზებს, – ვერც მოუჭრიდნენ! ასეთი გზა, უბრალოდ, არ არსებობს!“, – ამბობს მძინარაშვილი.

მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებამ ჯერ ელემენტარული რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყოს.

„რაც შეეხება კოვიდ-პანდემიის მართვას, ჯერ ყველამ რეგულაციის წესები დავიცვათ, ელემენტარულად, პირბადით ცხვირიც დავიფაროთ და მერე დავფიქრდეთ:

  •  ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო თუ არა ათწლეულების განმავლობაში მოშლილი ჯანდაცვის მექანიზმის სწრაფად აწყობა?
  • შეეძლო თუ არა მთლიანად სამედიცინო განათლების ხარვეზების აღმოფხვრა?
  • შეუძლია თუ არა თითოეული ჩვენგანისთვის პირბადის მორგება?
  • და, საერთოდ, არსებობს კი ქვეყნად ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია?
  • უმოკლეს დროში და ექსტრემალურ ვითარებაში თავსდატეხილი ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვინმეს შეუძლია?

დიახ, არავის! არ არსებობს ასეთი ადამიანი! ხოლო ვისაც ტიკარაძის, როგორც მინისტრის, არაკომუნიკაბელურობა აწუხებს, კიდევ ერთ კოზირს მოგცემთ მის დასამუნათებლად: დოლზეც არ უკრავს!“, – აღნიშნავს მძინარაშვილი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი წერს, რომ საზოგადო პრობლემებზე საუბრობს და მისი პოსტით მინისტრს არ იცავს:

„მინისტრს კი არ ვიცავ, საზოგადო პრობლემაზე ვწერ, რადგან ქართველი, როგორც მოგეხსენებათ, მათრახით ხელში იბადება და ის მათრახი, ყოველთვის სხვისთვის დასარტყმელად რომ აქვს მოღერებული, ხანდახან საკუთარ ზურგზე რომ გადაიჭიროს, იქნებ მართლა გვეშველოს!“, – წერს მძინარაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close