თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მსახიობმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

გიორგი გიორგანაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელები მისი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, რის შემდეგაც მსახიობი გააშიშვლეს. მის ციტატას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

“როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემს გარშემო. ისინი მთხოვდნენ ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი გაშიშვლება, ალბათ, შეშინება უნდოდათ. 10 წუთი ასე ვიდექი და დამცინოდნენ. რეალურად, დამამცირეს. მერე სამმართველოში წამიყვანეს და „მამუშავებდნენ“. იქაც ვთქვი, რომ ადვოკატი მინდოდა,” – განაცხადა გიორგანაშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილი 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს. ის 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები