პოლიტიკა

“აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან”

აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან,- ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი წერს.

სტატიაში სახელწოდებით „ახალი აბრეშუმის გზა”: აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან” ნათქვამია, რომ საქართველო „რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია”.
“ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში მიმავალ, ახალ და დინამიურ გზას გაუხსნიდა.
ეს წარმატება მრავალწლიანი რეფორმების შედეგია. ბოლო წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა 4 პუნქტიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. ეს სტრატეგია საგადასახადო პოლიტიკაში ისეთ ცვლილებებს ითვალისწინებს, რაც ბიზნესის უმეტესობისთვის მისაღებია, მმართველობის სისტემა უფრო ეფექტური უნდა გახდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უნდა დაჩქარდეს, ინვესტიციები უნდა ჩაიდოს განათლებაში, ყველაზე საჭირო სფეროებისა და პროფესიების განვითარების ხელშესაწყობად.
მეტიც, საქართველო ხდება რეგიონული სავაჭრო ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე. საქართველოდან ჩინეთში ტვირთის ჩატანა 10 დღეშია შესაძლებელი, ხოლო ევროპის ნებისმიერ წერტილში ოთხ დღეში. შავი ზღვის სანაპიროზე მშენებარე ახალი პორტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს კავშირებს და ამ პორტს შეეძლება მსოფლიოში ყველაზე დიდი გემების მიღება. ანაკლიის პორტის ამბიციურ პროექტს, რომელიც 2,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ქართული და ამერიკული ფირმები ერთად ახორციელებენ, ხოლო პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია იქნება.
შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ამერიკელ ინვესტორებს საშუალებას მისცემს ბიზნესი აქტიურ და მზარდ ბაზარზე აწარმოონ. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ორივე ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების გამყარებისთვის”, – წერს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close