,,ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება მთაში…”- თბილისელი გოგონა მაღაროსკარში ინგლისურ ენას ასწავლის
23 წლის თეკლა ხადიაშვილი თბილისში დაიბადა, გაიზარდა და კარიერის აწყობას ბიზნეს სფეროში აპირებდა, როცა მესამე კურსზე ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და უფრო მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას შეუდგა. ის უკვე ორი წელია ფშავის სოფელ მაღაროსკარში სკოლის მოსწავლეებს ინგლისურს ასწავლის და მისი დახმარებით მაღალმთიანი სოფლის ახალგაზრდობა ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში საუკეთესო შედეგებს აღწევს. მის ერთი შეხედვით უცნაურ ცხოვრებისეულ არჩევანსა და მთის ცხოვრებაზე, თეკლას პირადად ვესაუბრეთ:
_ როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ მიგეტოვებინა სწავლა, ოჯახი, მეგობრები და ფშავში წასულიყავი ინგლისური ენის მასწავლებლად?
_ დედა, რომელიც მაღაროსკარის თემის მაჟორიტარი წევრია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ძალიან შეწუხებული იყო იმით, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში ერთადერთ სრულ საჯარო სკოლას, უკვე მერამდენედ არ ჰყავდა ინგლისური ენის მასწავლებელი, რომ ამ სკოლაში დადიან ბავშვები ხეობაში არსებული ყველა სოფლიდან, რომ მათ არანაირი ალტერნატიული საშუალება არა აქვთ უცხო ენის შესწავლის და ა.შ. მე შეჩვეული ვიყავი ამ პრობლემების მოსმენას, ბავშვობიდან მაქვს იქაურობასთან შეხება, მაგრამ იქ არასოდეს მიცხოვრია და აქამდე არც მქონდა ნაფიქრი მსგავსი რამ – მოვწყვეტოდი ოჯახს, სწავლას, მეგობრებს, ჩემს გეგმებს და წავსულიყავი მაღალმთიან სოფელში სამუშაოდ. მაგრამ ისე უცებ გადავწყვიტე, ისე გადაჭრით, თუ არ ვცდები, მეორე დღესვე გავემგზავრე ფშავში და გამოვუცხადე სკოლის დირექტორს, რომ მე არ ვარ მასწავლებელი, არ მაქვს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ მაქვს ცოდნა და შესაბამისი დოკუმენტი იმისა, რომ ვასწავლო ინგლისური ენა მოხალისეობრივად. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება მთაში…
_ რამდენად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის?
_ ყველაზე მეტად გადაწყვეტილება დედამ მომიწონა, მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ამაზე უკეთესს ახლა, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ვერაფერს გავაკეთებდი. ჩემს ძმებს ჰქონდათ ცოტა პროტესტი, მამაც და მეგობრებიც გაოცებული დარჩნენ ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა ყველა უკლებლივ პატივს სცემს ჩემს არჩევანს და ახლა ცოტას მაქებენ კიდეც.
_ როგორი რეალობა დაგხვდა ფშავში?
_ რეალობა ნამდვილად მძიმეა, თუმცა არც მანამდე წარმომედგინა ძალიან ნათელ ფერებში. წარმოიდგინეთ მთიანი სოფლები მეტ-ნაკლებად უგზოდ, მძიმე ზამთრებით, უკომუნიკაციოდ, უინტერნეტოდ და ბავშვები განათლების მიღებისა და განვითარების ყოველგვარი ალტერნატიული საშუალების გარეშე. არსებობს მხოლოდ სკოლა, მათ ინტერნეტ სივრცესთან წვდომაც კი არ გააჩნიათ, აღარ ვსაუბრობ ბიბლიოთეკაზე, მედიათეკასა ან რაიმე სხვა საგანმანათლებლო-კულტურულ-სპორტულ საშუალებებზე.
_ რა სირთულეებს აწყდები ყოველდღიურად?
_ არ მინდა იმაზე საუბარი, რაც უკვე იყო, ძალიან მიჭირდა თუნდაც თბილისიდან მგზავრობა ერთადერთი სამარშრუტო ავტობუსით, რომელიც თბილისიდან ემსახურება მგზავრებს, ზამთარში თოვლიან და ყინულიან გზებზე რამოდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა, უთენია თოვლის გაკვალვა თითქმის ტყიან და დაუსახლებელ ადგილებში, ღუმელის ანთება და ა.შ. ახლა ამ ყველაფერს მივეჩვიე და უკვე მეცინება ამაზე. თან ჩემი მოსწავლეები ისეთი ნათელი გონების არიან, იმდენ სიყვარულს ატარებენ და გადმოგცემენ, არ ვიცი, როგორ შეიძლება ერთ დღეს მივიღო გადაწყვეტილება და ისინი მივატოვო, ამაზე ფიქრი უკვე ძალიან მტანჯავს…
_ შესაძლოა ინგლისური იცოდე კარგად, თუმცა ეს არ კმარა მასწავლებლობისთვის, რა იყო ის თვისებები, რომელიც გამოიმუშავე ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში?
_ მეც ვთვლი, რომ მხოლოდ საგნის ცოდნა ნამდვილად არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ იყო კარგი მასწავლებელი საჭიროა მოთმინება და მზადყოფნა გესმოდეს სათითაოდ ყველა მოსწავლის, გრძნობდე მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, ხასიათს, გეყოს ძალა იმისთვის, რომ იყო უკლებლივ ყველას მეგობარი. თუმცა ეს თვისებები ჩემს ხასიათში ისედაც იჯდა და შესაბამისად არ გამჭირვებია. ერთადერთი სირთულე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ საათში ჩატევა იყო, ამაზე ძალიან ვღელავდი, ხშირად რამოდენიმე წუთს შესვენებიდანაც კი ვპარავდი ჩემს მოსწავლეებს, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა გადაულახავი პრობლემა, როგორც სხვა დანარჩენი.
_ გაიხსენე ის მომენტები, რომლებიც ყველაზე კარგად ან ყველაზე მტკივნეულად იმოქმედა შენზე?
_ მტკივნეულია დღემდე იმ რეალობაში ყოფნა და იმის გააზრება, რომ სოფლად სკოლებში (უმეტეს წილად), პირობები ძალიან დუხჭირია, მოუწყობელი ინფრასტრუქტურითა და სასკოლო ავეჯით, არ არსებობს სპორტული მოედნები და დარბაზები… (მაღაროსკარის სკოლა დაახლოებით 35 წლის წინ აშენდა და მას შემდეგ სკოლას რემონტიც კი არ ჩასტარებია). ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ხანდახან ღუმელებიდან შემობრუნებულ კვამლში უნებლიე ცრემლის ღვრაც კი გვიწევს მე და ჩემს მოსწავლეებს და ხანდახან ერთმანეთსაც ვერ ვხედავთ. მინდა, რომ მაღალმთიან სოფლებშიც ჰქონდეთ ბავშვებს ლამაზი, ნათელი სკოლები, გამართული ინფრასტრუქტურით და მათთვის სკოლა იყოს გარემო, საიდანაც გაქცევა არ მოუნდებათ… ინგლისური ენის ცოდნის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას არამხოლოდ რეგიონებში არამედ თბილისშიც,
_ როგორ ფიქრობ რა არის გამომწვევი მიზეზი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?
_ მხოლოდ სკოლაში და მხოლოდ იმ დროში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ არის დადგენილი, შეუძლებელია თუნდაც საბაზო დონეზე ენის შესწავლა, ამიტომ მე გადავწყვიტე და ვატარებ დამატებით გაკვეთილებს, რა თქმა უნდა ჩემს გაკვეთილებს ესწრება ის, ვისაც უნდა მეტი ისწავლოს. მე ვიცი რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც პროგრამის გარეშე, იმ მინიმალური ანაზღაურებით (რაც ახლა უკვე მეც მაქვს და ელემენტარული ხარჯებისთვის უკვე საკმარისია), მიდის მთაში და მუშაობს თითქმის მოხალისეობრივად. სახელმწიფოს აქვს პროექტი „ასწავლე საქართველოში“ და ამ პროექტის ფარგლებშიც ბევრი მასწავლებელია მთის სკოლებში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, შევინარჩუნოთ მთაში მოსახლეობა, ისევ მრავალად იყვნენ ბავშვები სკოლებში, გაუადვილდეთ მათ მთაში ცხოვრება, დიდი ძალისხმევაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იმისთვის, რომ ამ პრობლემათაგან ნაწილი მაინც გადაჭრილად ჩაითვალოს.
_ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სოფლებიდან ახალგაზრდობის გადინება, როგორ უყურებ ამ საკითხს?
_ მთისა და ზოგადად სოფლის დაცლა, ჩვენს წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მიგრაცია მთიდან ბარში, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ სამუშაო ადგილები, ვერ ასწავლიან შვილებს სათანადოდ, ვერ უზრუნველყოფენ მათ ჩართვას სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით წრეებში, ძალიან ხშირია. თუმცა მწვავედ დგას სხვა სოციალური პრობლემები, ძნელია მთაში თავის გატანა, შვილების რჩენა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის პრობლემა და ა. შ. სწორედ ამიტომ, რამდენიმე აქტიურ ქალთან ერთად დავაფუძნე ა(ა)იპ „მაღაროსკარის სათემო ფონდი“ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად, ამ ეტაპზე ვწერთ პროექტებსა და ვეძებთ დონორებს იმისთვის, რომ გავაკეთოთ მედიათეკა, აღვადგინოთ ბიბლიოთეკები სოფლებში, გავხსნათ და გავაფართოვოთ სათემო ცენტრები, სადაც სულ მცირე კომპიუტერული და უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობას მივცემთ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს და ყველას, ვისაც ეს სჭირდება.
წყარო: observer.com.ge