საზოგადოება

არის თუ არა ბავშვთა საკვებში სალმონელას ბაქტერია?

ფრანგული კომპანია „ლაქტალი“ (Lactail) ბავშვთა კვების პროდუქციის პარტიებს უკან გაითხოვს. უმსხვილესმა ფრანგულმა კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საექსპორტო პროდუქცია ქსელიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთის მთავრობამ იმ პროდუქტების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი აიკრძალა, მათ შორის არის Celia-ს, Milumel-ის და Picot-ის ნაწარმები. პროდუქცია საქართველოშიც იყიდება. Lactail-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში დეტალურ განმარტებებს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სააფთიაქო ქსელიდან ბავშვთა კვების პროდუქცია გამოთხოვილია და პარალელურ რეჟიმში მისი ლაბორატორიული შემოწმებაც დაწყებულია. არის თუ არა სალმონელას ჩხირები ქართულ პროდუქციაში, ეს ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ გაირკვევა. ამ თემაზე „მაესტროს“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაგეგმარებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი თამთა მიქანაძე ესაუბრა.

როგორია თქვენი რეაქცია მას შემდეგ რაც ამ ინფორმაციის შესახებ გაიგეთ? რას აკეთებს სურსათის უვნებლობის სამსახური?

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში შემოსულია შეტყობინება 11 დეკემბერს, საღამოს 10 საათზე. დილიდან მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული ღონისძიებები. კონკრეტულად მეწარმე უკვე ინფორმირებულია, ჩვენი ზედამხედველობით გამოთხოვის ღონისძიებები დაწყებულია. როგორც კი კომპანია ბაზრიდან საეჭვო პროდუქტს გაითხოვს, მოხდება ამ პროდუქტის პარტიებად იდენტიფიცირება, ყველა პარტიიდან ნიმუშის აღება და გამოკვლევა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ სურსათში სალმონელა აღმოჩნდება, ის რა თქმა უნდა, განადგურდება. თუ არ გამოითხოვენ და სადმე ბაზარზე პროდუქცია აღმოჩნდება, მომხმარებლებს ვთხოვთ, რომ ამ მხრივ დაგვეხმაროს, კომპანია დაჯარიმდება.

კვლევის პროცედურები ხანმოკლე არ არის, მუშაობა ხანგრძლივია…

სულ ცოტა 5 დღე სჭირდება გამოკვლევის დასრულებას.

რა იცით იმის შესახებ რაც აქამდე ხდებოდა? ეს პროდუქცია უკვე გაყიდულია და თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ბავშვთა დასნებოვნების შესახებ, შემოვიდა ასეთი ზარები?

ზარები არ შემოსულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვატყობინებს ყველა ჯგუფურ შემთხვევას, ჯგუფური დიარეის შემთხვევებს, ასევე კვების მიერ ინფექციებთან დაკავშირებულ ფაქტებს და არც ბავშვებზე და არც დიდებზე არც ერთი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან არ გვაქვს, თუმცა საფრანგეთში ამ პროდუქციაზე ეჭვი გაჩნდა კვების კვლევის ნიადაგზე. ჩვენ დადასტურებული შემთხვევა და ოქმი, რომ ამ სურსათში აღმოჩნდა სალმონელა, ჯერ ხელთ არ გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნიმუშები, რომელსაც საქართველოს ბაზრიდან გამოვითხოვთ, სალონელას შემთხვევაზე გამოვიკვლიოთ.

დაახლოებით 5 დღეში გექნებათ პასუხი?

დიახ, სულ ცოტა 5 დღეში.

დღეს რა რეკომენდაცია შეიძლება მისცეთ მოსახლეობას? პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება.

მომხმარებელს ერთი შემიძლია ვუთხრა, რომ „ლაქტალის“ წარმოების პროდუქცია, რომელიც ლაქტოზისგან დაცლილია, ანუ ის რასაც Lactose free სურსათი ჰქვია და ლაქტოზას არ შეიცავს, 6-თვემდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძინონ.

ამ კომპანიის ყველა პროდუქტს არ ეხება ეჭვი, მხოლოდ „ლაქტოზა ფრი“ პროდუქტებს?

დიახ.

ეს კომპანია შემჩნეული იყო ამ ტიპის დარღვევებში? როგორი რეპუტაცია აქვს?

არა, მისი რეპუტაცია სუფთაა. ჩვენ სისტემატურად ვამოწმებთ და არა მარტო ბავშვთა კვებას. ბავშვთა კვება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია იმიტომ რომ, ბავშვის ორგანიზმი სენსიტიური და მგრძნობიარეა. ყველა მიკრობიოლოგიურ და არა მიკრობულ ქიმიურ პრეპარატებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა კვების პროდუქტებს, თუმცა არ შეგვხვედრია მსგავსი შემთხვევა არც „ლაქტალის“ და არც სხვა ფირმების პროდუქციებში.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ დაცულია. დღეს მოხდა ასეთი რამ და კომპანიას, რომელსაც კარგი რეპუტაცია ჰქონდა პრობლემა არმოაჩნდა. სხვა ფირმებზე რა შეგვიძლია ვთქვათ?

სხვა ფირმებზე არ არის არანაირი ინფორმაცია. ამ „ლაქტალის“ პროდუქციაზეც დადასტურებით იმის თქმა, რომ სალმონელას შეიცავს, არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი, პრევენციული ზომა. 2017 წლის თებერვლიდან წარმოებული ყველა პროდუქცია გამოითხოვა „ლაქტალის“ კომპანიამ და არა მარტო ის საეჭვო პროდუქტი, რომელიც ბავშვებმა მიიღეს. ანუ, ჯერჯერობით ყველა პროდუქციაზეა ლაპარაკი და შემდეგ გაირკვევა აღმოჩნდება თუ არა ჩვენთან იმპორტირებულ პროდუქტში სალმონელა.

დადასტურებულად საფრანგეთშიც არ არის ცნობილი, შეიცავს თუ არა პროდუქტი ბაქტერიას და ეს მხოლოდ ეჭვია?

დიახ, ასეა.

მომდევნო დღეებში, როგორც კი კვლევის შედეგები ცნობილი გახდება, სურსათის სააგენტო საზოგადოებას ალბათ გააფრთხილებს.

რა თქმა უნდა.

წყარო:imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close