მსოფლიო

ანტარქტიდას ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგი მოსწყდა

ანტარქტიდის ყინულოვან საფარს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აისბერგი მოსწყდა — ყინულის მასა ტრილიონ ტონას აღწევს.   

ლარსენ C-ის შელფურ მყინვარზე არსებულ უზარმაზარ ნაპრალს მკვლევრები დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ და საგანგაშო პროგნოზსაც აკეთებდნენ. საბოლოოდ, ნაპრალმა დაახლოებით ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგის მოწყვეტა გამოიწვია.

მეცნიერთა განცხადებით, ნაპრალის გზა ყინულზე საბოლოოდ დასრულდა და ოკეანეში 5800 კვადრატული კილომეტრის ზომის აისბერგი შეცურდა.

გიგანტური ყინულის მოწყვეტამ ლარსენ C-ის შელფის ზომა დაახლოებით 12%-ით შეამცირა და სამუდამოდ შეცვალა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ლანდშაფტი, — ამბობს ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი.

აისბერგი, რომელსაც სავარაუდოდ A68-ს დაარქმევენ, 11-12 ივლისს მოსწყდა.

მოწყვეტის საბოლოო ფაქტი Nasa-ს თანამგზავრმა Aqua MODIS-მა დააფიქსირა.

„ამ მოვლენას ჯერ კიდევ თვეების წინ ვპროგნოზირებდით და გაკვირვებულები ვიყავით, რამდენ ხანს იცავდა აისბერგს მოწყვეტისგან სულ რამდენიმე კილომეტრი, რომლითაც ის ძირითად ყინულოვან საფართან რჩებოდა მიბმული“, — ამბობს სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან ლაკმენი.

მისივე თქმით, ისინი დაკვირვებას განაგრძობენ როგორც ლარსენ C-ის შელფის დარჩენილ ნაწილზე, ისე თავად მოწყვეტილ აისბერგზე.

„ეს აისბერგი ერთ-ერთი უდიდესია კაცობრიობის ისტორიაში და ძალიან ძნელია მისი სამომავლო პროგრესის განსაზღვრა. შესაძლოა ის ერთ მთლიან ყინულად დარჩეს, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებად დაიშალოს“.

„ზოგიერთი ყინული ამ ზონაში შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში დარჩეს, ნამსხვრევების ნაწილი კი ჩრდილოეთით, თბილ წყლებში გაიფანტოს“, — აცხადებს პროფესორი.

მიუხედავად იმისა, რომ აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, მოწყვეტამდე იგი უკვე წყალში იყო შეტივტივებული, შესაბამისად, ზღვის დონეზე უშუალო გავლენას ვერ მოახდენს.

მკვლევართა განცხადებით, მოწყვეტა „ბუნებრივი მოვლენა“ იყო, მაგრამ აისბერგი საკმაოდ მოწყვლად ზონაში განთავსდა.

არსებობს ვარაუდი, რომ ლარსენ C-ის შელფური მყინვარი მეზობელი ლარსენ B-ის ბედს გაიზიარებს, რომელიც 2002 წელს მომხდარი მსგავსი მოვლენის შემდეგ, სრულიად დაიშალა.

მეცნიერთა განცხადებით, ანტარქტიდას აისბერგი ბუნებრივად მოსწყდა და კავშირში არაა ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ყინულოვანი საფარი ანტარქტიდის ნახევარკუნძულს მიეკუთვნება, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ გათბა და გამწვანებაც კი დაიწყო.

„მომდევნო თვეებსა და წლებში, შელფური მყინვარი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს ან დნობა განაგრძოს, რაც თანდათანობით მის კოლაფსს გამოიწვევს; ამ საკითხთან მიმართებაში, სამეცნიერო საზოგადოების აზრები ორად იყოფა“, — ამბობს პროფესორი ადრიან ლაკმენი.

„ჩვენი მოდელების მიხედვით, ყინულოვანი საფარი ნაკლებ სტაბილური იქნება, თუმცა ნებისმიერ სამომავლო კოლაფსამდე წლები და ათწლეულებია დარჩენილი“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close