საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი აქტიურ მუშაობას შეუდგა

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი კანონის პროექტი და ექსტრადიციის კანონსა და პრაქტიკაში არსებული პრობლემები. კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომიტეტის წევრებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან თითოეულ ზემოაღნიშნულ საკითხს და შეიმუშავებენ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. სისხლის სამართლის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა თუ სხვა ორგანიზაციებს.

სისხლის სამართლის კომიტეტის საქმიანობის მიზანია არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაცია; სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმირების პროცესში ადვოკატთა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების მისაღწევად; სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში, ადვოკატის როლის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმების საკითხებზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, ასოციაციაში შეიქმნა თვრამეტი მუდმივმოქმედი კომიტეტი სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით. კომიტეტების მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ასოციაციის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას, ასევე ადვოკატთა კორპუსის ჩართულობას სამართლის ამა თუ იმ დარგის განვითარების პროცესში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close