ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ზეპარტიული. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ შესაძლოა დაუჭიროს მხარი დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს. კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არა ერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, ქართული ოცნება უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე.

“ამასთან, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს, როგორც მმართველი პარტიის, პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, მათ შორის, ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის წინაშე, რომელმაც უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებში მხარი დაუჭირა ჩვენ პარტიას – ქართულ ოცნებას. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ქართულ ოცნებას უსაზღვროდ ექნება მკაფიო პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს, ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ჩანს, ქართული ოცნება ხალხს ეთამაშება. სხვანაირად, ვინ დაიჯერებს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის  დასახელებამდე აცხადებდა, რომ ის, ვისაც მხარს დაუჭერენ აუცილებლად გაიმარჯვებს, თუნდაც ზეპარტიულ პოსტზე, ამბიცია გაუქრა და ახლა, სულერთია ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი.

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კონსულტაციები დღეს დასრულდა.

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი