გორში და ქართლის რეგიონში, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი იცნობს ახალგარდა ქალბატონს – ჟურნალისტ გვანცა დოლუაშვილს, რომელიც ტელეკომპანია ”თრიალეთში” პრაქტიკულად მოზარდი მივიდა, მუშაობდა როგორც რეპორტიორი, შემდეგ კი,  20 წლის ასაკიდან, უკვე პირდაპირ ეთერში მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუები. მე, პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ გვანცასთან სტუმრად (როგორც აქტივისტი ) და ამ გადმოსახედიდანაც მინდა ვთქვა, რომ მის ასაკში ის კარგად ფლობდა ჟურნალისტის პროფესიას! გვანცა არ ერიდებოდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით მწვავე მასალების მომზადებას და კრიტიკული აქცენტების დასმას! 
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ”თრიალეთი” მაშინდელ ხელისუფლებას სძულდა ( მათ თანამშრომლებს ხაფანგებს სისტემატიურად უგებდნენ ) დოლუაშვილის მიმართ სამართლებრივი დავები წარმოებაში არ შესულა. 
რა ხდება დღეს ? ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმეს იძიებს გორის რაიონული სამმართველო! მას ედავებიან იმას, რომ ღამით, გორის ერთ-ერთ ქუჩაზე, რამდენიმე ახალგაზრდა აკეთებდა წარწერებს ( გზის სავალ ნაწილზე ) – ”ქალაქში მკვლელია” “სად არის სამართალი?” რომელი წარწერებიც, როგორც გავარკვიეთ, შვილმკვდარი მამის – ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციების გამოხმაურება იყო. შსს-ს მიერ გადმოცემულ მასალებში ჩანს, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყება ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით (ფოტო, ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები) გამყარებული არ არის. ანუ ერთ-ერთი ვერსიით, გვანცა დოლუაშვილის დაფიქსირება ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა, დააფიქსირეს სხვა ახალგაზრდა, რომელიც ვერ ამოიცნეს და რომელმაც სპეციალური საღებავით გამოხატა თავისი პროტესტი, ამ სტატუსის მთავარი გმირი კი, იქვე ახლო-მახლო ტრიალებდა. 
რეალურად, გვანცა დოლუაშვილს ემუქრება ჯარიმა! რადგანაც ის ამოიცნეს პოლიციელებმაო, ამბობს შსს – (გვანცას ამოცნობა გორში მართლაც რომ არ არის პრობლემა, რამეთუ, ის ადგილობრივი მედიით არაერთი წელია ჩანს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუმცა ის ადგილზე არ დაუკითხავთ) შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაში გვევლინება დაინტერესებულ მხარედ, რამეთუ გორელ ჟურნალისტს, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი მამხილებელი ფაქტი გაუჟღერებია, მათ შორის ადგილობრივი სამართალდამცავების შესახებაც და თუნდაც ის ყოფილიყო იმ ახალგაზრდების გვერდზე, რომლებიც ასფალდს ( და არა ისტორიულ შენობას ) ღებავდნენ, ეს არ უნდა გამხდარიყო მალულად საქმის აღძვრის მიზეზი. ორი თვის შემდეგ არ უნდა გაეგო გვანცას ამ ყველაფრის შესახებ – სიტყვისა და გამოხატვის უფლებებზე რომ არაფერი ვთქვათ ! 
აქვე არ დამავიწყდეს იმის თქმაც, რომ ამჟამად დოლუაშვილი რადიო “მოზაიკას” ხელმძღვანელობს,  რომელიც მუდმივად ამზადებს კრიტიკულ მასალებს სახელისუფლებო სტრუქტურების და ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით. ანუ, იგი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტია!
  ასე რომ, იცოდეთ ეს ამბავი და ვიყოთ ფხიზლად ყოველი ასეთი ქეისის გაგებისას. რეგიონებში უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი კოლეგები დაჩაგრონ ! ამ შემთხვევაში კი სიფხიზლეა საჭირო, რამეთუ როგორც ჩანს, მჩაგვრელად ქვეყნის ძალოვანი უწყება გვევლინება, 26 წლის ჟურნალისტის წინააღმდეგ !

ზაზა სვანაძე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი