სოციალური დახმარების სამსახურის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები მოსახლეობისგან ხშირად მოგვისმენია და ისიც გაგვიგონია, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, ან საერთოდ არ მისცეს დახმარება ქულების გამო. ასეთ დროს ჯოხი ხშირად სოცაგენტებზე  ტყდება და ხალხიც მსგავს ფაქტებს მათ აბრალებს, საუბრობს აგენტების  უსულგულობაზე და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ  ეს ყველაფერი სულაც არ ყოფილა სოცაგენტების ბრალი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირის“ ერთ-ერთ შეკრებას  ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სამმართველოს ხელმძღვანელი, თათია გვარამაძეც ესწრებოდა, სადაც მან განაცხადა:

,,მინდა გითხრათ,  ეს არ მომხდარა  ისე, რომ  დასხდნენ ვიღაცეები და თქვეს,  მოდი ეს  ჩავწეროთ, ის არ ჩავწეროთ, ამას ის მივანიჭოთ, ეს არ მივანიჭოთო.  ჩატარდა კვლევა და საქსტატი იყო ჩართული. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზეა მიღებული  რთული   ფორმულა. ყველაფერს აქვს თავის კოეფიციენტი და ერთი, რომელიღაც კონკრეტული, მაგალითად პარკეტი, ან ბინის ფართი ვერ განსაზღვრავს ქულას.  ის არის ბმაში სხვა რაღაცასთან, მაგალითად, რამდენი წევრიანია ოჯახი, როგორია მათი განათლების დონე, აქვთ თუ არა მიწის ნაკვეთი და ა.შ.

რა თქმა უნდა, ჩვენს პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მინახავს, რომ მართლა ძალიან გაჭირვებულია,  მაგრამ ვერ ხდება დახმარების მიმღები  და უბრალოდ, ჩვენ ბერკეტი არ გვაქვს.

ხშირად ოპონენტები ამბობენ ხოლმე და მეღიმება, წინასაარჩევნოდ შეამცირეს, მოიმატა, გაიზარდა ან დაიკლო ქულამო. უბრალოდ, ამის ბერკეტი არ გვაქვს.  ყოფილა ისეთი სუბიექტური აზრიც, რომ ვიღაცას ორი ხელი, ორი ფეხი  არ აქვს და 6 8000  ქულა აქვსო.

არ არსებობს უნივერსალური მეთოდოლოგია, რომელიც ყველა ტიპის ოჯახის ყველა საჭიროებას დაინახავს. ასეთი რამ არ არსებობს. უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომ  შეიქმნას  ჯგუფ-კომისია  ან საბჭო, რომელშიც იქნებიან ადგილობრივი  სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ისეთი კოლეგიალური ორგანო, რომელიც  ასეთი ტიპის შემთხვევებს განიხილავს  და დააფიქსირებს საკუთარ აზრს. კი, ბატონო, მეც ვამბობ, რომ ფორმულამ შეიძლება ვერ დაინახა და ეს  სავსებით ნორმალურია, იმიტომ რომ  უნივერსალური მექანიზმი  არ არსებობს“.

თამარ ასანიშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი