მამუკა ნოზაძე ადვოკატი:

_ პატიმარმა დენის ყვარელაშვილმა, სასამართლოს მეშვეობით, რამდენჯერმე მოითხოვა, რომ მისთვის ჩაეტარებინათ სათანადო მკურნალობა ან გადაეყვანათ სპეციალურ კლინიკაში, მაგრამ მაშინ სასამართლოები იღებდნენ გადაწყვეტილებებს ხელისუფლების კარნახით და საბოლოდ, დადგა კიდეც ტრაგიკული შედეგი. 2013 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დენის ყვარელაშვილი საპატიმროში გარდაიცვალა.

 _ პატიმარს რა აწუხებდა, რის გამო იყო ავად?

_ მას აწუხებდა რამდენიმე სახის ჰეპატიტი და ჰქონდა კარდიოლოგიური პრობლემებიც. ევროპული სასამართლოს პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ყვარელაშვილი გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში. ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად მიიღო და დაავალა საქართველოს მთავრობას, დენის ყვარელაშვილისთვის ჩაეტარებინათ სრულფასოვანი გამოკვლევები და მკურნალობა, მაგრამ ეს დავალება არ შეუსრულებიათ. ამის გამო, პატიმარი მუდმივად მიმართავდა დაწესებულების მთავარ ექიმს, ჯანდაცვის მინისტრს, რამდენჯერმე მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება მედპერსონალის მიმართ, რადგან მკურნალობას უტარებდნენ არალიცენზირებული ექიმები.

 _ სამკურნალო დაწესებულებაში არალიცენზირებული ექიმები მუშაობდნენ?

_ დიახ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავის დასკვნაში, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებაში, დაახლოებით 5 არალიცენზირებული ექიმი იყო. მათ არ ჰქონდათ უფლება, რაიმე სახის მკურნალობა განეხორციელებინათ. მოგეხსენებათ, მაშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განუკითხაობა სუფევდა, თუმცა, არც ახლა არის ამ კუთხით იდეალური მდგომარეობა. გარდაცვალების შემდეგ, დენის ყვარელაშვილს სხეულზე აღმოაჩნდა ფიზიკური დაზიანებები, რომელიც კავშირში არ იყო მკურნალობასთან. მეხუთე წელია გამოძიება დაწყებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მთავარ პროკურატურაში, მაგრამ ფაქტიურად, არაფერს იძიებენ.

ამჟამად, სასამართლოში დენის ყვარელაშვილის მეუღლის დაცვის მხარეს წარმოვადგენ. ჩვენ სახელმწიფოსგან ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას. პარადოქსია ის, რომ დღეს, ეთერ შენგელია იცავს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინტერესებს და არაკომპეტენტურად ცდილობს, სასამართლომ დენის ყვარელაშვილის მეუღლის სარჩელი არ დააკმაყოფილოს, ანუ არ აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც ქმრის გარდაცვალებით მიადგა.

_ რატომ არის პარადოქსი?

_ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეთერ შენგელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იურისტად მუშაობდა. მერე რეორგანიზაცია მოხდა და ის გადაიყვანეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ამჟამად, ის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტია და სამინისტროს სარჩელების განხილვის დროს, აღნიშნული უწყების წარმომადგენელია. შენგელია, ნაციონალური მოძრაობის დროს, ასრულებდა ახალაიას მითითებებს. მაშინაც ანალოგიური პათოსით გამოდიოდა, მომაკვდავ ავადმყოფებს უპირისპირდებოდა და სასამართლოს სთხოვდა, მათი სარჩელი არ დაეკმაყოფილებინა. მისთვის არაფერს წარმოადგენდა ადამიანის უფლებები. არ ვიცი, რატომ დატოვეს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს ადამიანი თანამდებობაზე. როგორც ჩანს, კოჰაბიტაცია მასაც შეეხო.

ეს ქალბატონი პროცესებზე აგრესიულად იქცევა და შეურაცხყოფას აყენებს მოსარჩელე მხარეს. ქმნის კომფლიქტურ სიტუციებს და მდგომარეობიდან გამოჰყავს მოსარჩელე. საჯარო მოხელეს მართებს დაიცვას ეთიკის წესები, მაგრამ სასამართლო პროცესზე შენგელია დაგვეჯღანა, რის შესახებაც მოსამართლესაც ვუთხარით. საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

euronews.geსთან, აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რამდენიმე დღეში გააკეთებს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი