საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო საქმეში პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე (იხ.№ას-1155-1101-2014).

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო წარმოადგენს თუ არა ორი ფიზიკური პირის პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი დასაშვებ მტკიცებულებას აღნიშნულ პირთა შორის სამოქალაქო დავის პროცესში.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერი მოცემულ საქმეში საპროცესო – სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქოსაპროცესოკოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებ მტკიცებულებას.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე – კომუნიკაციის თავისუფლება, გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან.

აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის განსაჯაროვება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი იცავს ინდივიდის პირადი ცხოვრებას არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც. თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად,კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურები სმიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა ]გამართლებული არ არის. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფსსამართალურთიერთობასმტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით წარმოეშობა. ამგვარი სახით მოპოვებულმტკიცებულებათა ლეგიტიმაციის პირობებში მივიღებთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დამყარებულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციურ ღირებულებათა დაუშვებელ ხელყოფას, რა დროსაც, განსაკუთრებით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებელია. ამგვარიშეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდმაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან

„თვითდახმარებასთანმიახლოვებულ“ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გარემოების დასადგენად ფარული აუდიო-ჩანაწერი, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, არ შეიძლება იქნას გამოყენებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი