საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 ათას 446 გოგონა არ დაიბადა.

კვლევის მონაცემთა ანალიზით, გოგონების „გაუჩინარება“ ნიშნავს, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, ბევრი მშობელი მიმართავს ორსულობის შეწყვეტას, რადგან არ სურს ჰყავდეს ორ ან სამ გოგონაზე მეტი.

ზუგდიდელი ექიმები თანხმდებიან, რომ სქესობრივი ნიშნით აბორტის გაკეთება, საკმაოდ ხშირად ხდება სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონებში.

„ეს არის კავკასიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი, იმიტომ, რომ ძირითადად მემკვიდრის პრობლემაა. ვიცნობ ქალს, რომელიც ნამდვილ ჯალათობებს სჩადიოდა, ბიჭის მოლოდინში აბორტებს იმ დროს იკეთებდა, როცა ნაყოფი უკვე დიდი იყო, რადგან დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ექიმები სქესში არ შეცდნენ.

მყავს ასევე პაციენტები გალიდან და ასევე ოჩამჩირიდან. ისინი ადგილობრივ ექოსკოპისტებს არ ენდობიან და ხშირად სქესის გადასამოწმებლად ჩამოდიან. ოჩამჩირეში მცხოვრებმა ქალმა, როცა შეიტყო, რომ მეორე ქალიშვილის დედა გახდებოდა, ატირდა, ქმარი არ შემიშვებს სახლშიო, მართლაც, როცა მისი ქმარი მოვიდა, ვნახე, თუ რა აგრესიულად იქცეოდა“, – გვითხრა გინეკოლოგმა ნანა წითლიძემ.

სამეგრელოსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები, რომ ვაჟის ყოლას ანიჭებენ უპირატესობას, ამას ექოსკოპისტი გია ქვარცხავაც ადასტურებს.

„ძალიან მძაფრია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ყველამ იცის, რომ მე სქესს არ ვამბობ, მაგრამ ეს პრობლემა მანამ იქნება, სანამ ღირებულებათა გადახედვა არ მოხდება, სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი მკვლელობა. საზოგადოების დაკვეთა არ უნდა იყოს ასეთი“, – გვითხრა ექიმმა.

რას ფიქრობენ გენდერული ნიშნით აბორტზე, შეკითხვაზე პასუხს ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა თავი აარიდა, ნაწილმა გვითხრა, რომ „აბორტი ცოდვაა“ და „შვილი შვილია, არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი“, ერთმა ახალგაზრდამ კი გვიპასუხა, რომ ზოგადად, აბორტის გაკეთება მხოლოდ დედის გადასაწყვეტია.

კვლევის შედეგებს მალევე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მან ექიმებს მოუწოდა, დაიცვან მთავრობის რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით.

„წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია სქესის არგამხელასთან დაკავშირებით. ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექიმები კი ამბობენ, რომ სქესთა თანაფარდობის პრობლემას მხოლოდ რამდენიმე კეთილსინდისიერი ექიმი ვერ მოაგვარებს.

„ეს პირველხარისხოვანი პრობლემა უნდა გახდეს. უნდა დაიწყოს კამპანია, რომელშიც ექიმები, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, იმიტომ რომ ეს არის ძალადობა, რომელსაც ქალი ძირითადად მამაკაცის მოთხოვნით სჩადის. ეს არის მდედრობით სქესზე გენოციდი, ე.ი. თუ მდედრია, არ უნდა გაჩნდეს, თუ მამრია, უნდა გაჩნდეს, ეს ყველაზე დიდი ძალადობაა“, – გვითხრა ნანა წითლიძემ.

ანალიზმა აჩვენა, რომ 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გენდერული უპირატესობის მინიჭება შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვადასხვა სოციალური კულტურული, ეკონომიკურ რელიგიურ მოტივებს, აღნიშნული მოტივები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ეკონომიკურ მოსაზრებებს, როგორიცაა ვაჟების მიერ მშობლებისადმი გაწეული დახმარების მოლოდინი, ასევე სიმბოლურ მოსაზრებებს, როგორიცაა პატივი, რეპუტაცია და გვარის გაგრძელების სურვილი, ბევრ შემთხვევაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭება წარმოადგენს ღრმად გამჯდარი ოჯახის სისტემის გადმონაშთს, რომლის თანახმადაც, გოგონები არასათნადოდ არიან დაფასებულები, და ოჯახის არამუდმივ წევრებად ითვლებიან

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი