,,ქუთაისის შემოვლითი გზა, არასწორი დაპროექტების გამო, იქცა სასაკლაოდ…”- აფბა-ს სკანდალური კვლევა
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “აფბა“-მ ახლახანს დაიწყო კვლევა, რომლის მიზანიც ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა და გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგია.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევის პირველივე ეტაპზე სავალალო სურათი გამოიკვეთა. აფბაში ამბობენ, რომ დიდია ალბათობა, პოსტფაქტუმ ჩატარებულმა აუდიტმა დამდგარ სავალალო შედეგებზე არსებითი გავლენა ვეღარ მოახდინოს.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 5 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული, ხოლო უახლოეს პერიოდში, მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე 1,3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.
უდაოდ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შემოწმება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამისობის აუდიტის განხორციელებაც, მაგრამ საკითხი იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ დიდია ალბათობა, პოსტფაქტუმ ჩატარებულმა აუდიტმა დამდგარ სავალალო შედეგებზე არსებითი გავლენა ვეღარ მოახდინოს.
სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ ახლავე საჭიროა საქმეში პირადად პრემიერ-მინისტრის საჯარო და ეფექტიანი ჩართულობა და უკვე გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების გამოსწორება, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან გამოძიების ეფექტიანად წარმართვა, რათა უმოკლეს დროში მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და მათი კანონის ფარგლებში დასჯა.
კერძოდ, „აფბა“-ს დაკვირვებით სახეზეა შემდეგი ვითარება:
არცერთი მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა რუსთავის შემოვლითი გზა; ქუთაისის შემოვლითი გზა; ქობულეთის შემოვლითი გზა; სამტრედია – გრიგოლეთის მონაკვეთი, არ ხორცილედება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და იკვეთება მთელი რიგი დარღვევები ხარისხთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, რუსთავის შემოვლითი გზა, ფაქტობრივად დაუმთავრებელია;
ქუთაისის შემოვლითი გზა არასწორი დაპროექტების გამო, იქცა სასაკლაოდ და აუცილებელი გახდა მისი გაცალმხრივება, რამაც შემოვლის ეფექტიანობა, პრაქტიკულად გაანულა.
ქობულეთის შემოვლით გზაზე უკვე შეიმჩნევა დონეების აცდენა გზის ბეტონის საფარსა და ხიდებს შორის და მიდის ამ სიცოცხლისთვის სახიფათო ხარვეზის, ასფალტის ფენების ჩაკერების ველური მეთოდით „გამოსწორება“. დაწეულია და წყლით ივსება დამაკავშირებელი გზების გვირაბები, წყალგამტარი ხიდები;
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის, დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ (254 მლნ ლარი) მონაკვეთს, მას აშენებს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია უკიდურესად შელახულია, რომელიც მსოფლიო ბანკის შავი სიის ბინადარი იყო (ამის გამო საქართველოს გზების დეპარტამენტსაც ჰყავდა მცირე დროით შავ სიაში შეყვანილი); აფრიკის განვითარების ბანკმა შავ სიაში შეიყვანა და დღემდე აკრძალული აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა; მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტი „საერთშორისო გამჭვირვალობამ“ შეაფასა, როგორც „კორუფციის მონუმენტი“; კომპანიის მიერ აგებულ მაგისტრალს არ იბარებს სომხეთის მთავრობა უკიდურესი უხარისხობის გამო; კომპანიის წინააღმდეგ საქართველოშიც მიმდინარეობს სასამართლო დავები გარემოზე მიყენებული ზიანისთვის და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, კომპანიას საქართველოს ბიუჯეტის მიმართ აქვს 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რის გამოც მისი ქართული ფილიალი, ფაქტობრივად, გაჩერებულია და დაყადაღებულია მისი ქონება და ანგარიშები.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სამტრედია – გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩინური კომპანიების ,,სინოჰიდროსა“ და „რკინიგზა 23“-ის მიერ დაგებული გზა უკვე ჭაობში იძირება, რადგან პროექტით თავდაპირველად გათვალისწინებული ხიმინჯების ნაცვლად (რაშიც პროექტისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის დიდი წილი უნდა დახარჯულიყო), პროექტში მოთხოვნილი ცვლილებების საფუძველზე, გზა შენდება ე.წ. პივიდის (ფითილების) მეშვეობით.
ახალი პროექტით მშენებლობის დროს არ იქნა გათვალისიწნებული არც გეოლოგიური, არც ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები და აქცენტი გაკეთდა იაფფასიან მასალებზე, რომელიც შეუსაბამოა ადგილობრივი გრუნტისათვის და გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მასზე გადაადგილება არ იქნება უსაფრთხო!
პროექტში ცვლილება, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა ყოველგვარი დამატებითი ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების და განახლებული ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნის გარეშე!
ჩვენი დაკვირვებით იკვეთება ფაქტები, როდესაც მასშტაბურ პროექტებში გამარჯვებული კომპანიები, გამარჯვებიდან მოკლე დროშივე ითხოვენ პროექტებში ცვლილებებს და უპრობლემოდ იღებენ ნებართვებს ამ ცვლილებებზე. ხშირ შემთხვევაში, ათეულობით მილიონით მანიპულირება ხდება მხოლოდ გზების დეპარტამენტში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ასევე ბადებს უამრავ კითხვას კანონმდებლობასთან მიმართებაში, რომელიც აღნიშნული ქმედებების საშუალებას იძლევა.
ანუ, გამოდის, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ზედამხედველობით, პროცედურებითა და წესებით ჩატარებული ტენდერების შემდეგ, საგზაო დეპარტამენტი ერთპიროვნულად ცვლის ტენდერის პირობებში გამარჯვებულ პროექტებს, მშენებელობის ახალი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, უკანონოდ აწარმოებს გზების მშენებლობებს, ისე რომ შეცვლილ პროექტებს არ ახლავს ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა, რაც გზების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან და დაუძლეველ პრობლემებს ქმნის.
ყოველივე ზემოაღწერილი, გარდა იმისა, რომ იწვევს სახელმწიფო კრედიტებისა და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვას და უკიდურესად ზრდის კორუფციის რისკს, ქვეყნის იმიჯზე და კონკურენტულ გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს, რადგან დარღვეულია შეჯიბრებითობის ელემენტარული პრინციპი – საეჭვო რეპუტაციის კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში აბსოლუტურად სხვა პირობებით და ასრულებენ აბსოლუტურად სხვა პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტენდერში დამარცხებული კომპანიები გაცილებით ნაკლებ თანხას დაასახელებდნენ.
საგზაო დეპარტამენტის ჩინოვნიკებს, თავის გასამართლებლად და პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და დარღვევებს საკუთარ საქმიანობაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს აბრალებენ. მაგალითად, წინა კვირას საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო დონორების პროცედურებით ხსნიდა ტენდერებში კომპანიების გამარჯვებულად დასახელებას, მაშინ როცა უკანონობა, პროექტებში ცვლილებები, სწორედ ტენდერების შემდგომ იკვეთება, სადაც დონორი ორგანიზაციები აღარ მონაწილეობენ.
ბატონო პრემიერო, 2014 წლის 8 ივლისს, თქვენ საზეიმოდ გახსენით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო.
რა გვაქვს დღეს? მაგისტრალი არ არის დასრულებული, უკრაინული კომპანია „ალტკომი“ გამქრალია და სახელმწიფო უკან ვერ იბრუნებს უკვე გადახდილ თანხებს, რადგან საბანკო გარანტია გაცემული იყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ბანკის მიერ.
დღეს ტარდება განმეორებითი ტენდერი ამ მაგისტრალის მშენებელობის დასრულებისთვის, რომელიც უკვე განწირულია ჩაშლისთვის, რადგან ტენდერი ისევ შეცვლილი არასათანადო პროექტით არის გამოცხადებული. ეს კი ნიშნავს, რომ გზის მშენებლობის დასრულებამდე, რომელზეც ასეული მილიონი ლარი ნასესხები ფული უნდა დავხარჯოთ, გზა თავიდან იქნება გასაკეთებელი.
„აფბა“ განაგრძობს კვლევას და შეეცდება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახერხოს მისი დასრულება და დოკუმენტური სახით წარდგენა დაინტერესებული საზოგადოებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში საგზაო დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ხელს შეგვიწყობენ და დროულად და სრულად მოგვაწვდიან ყველა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას (არის ნიშნები, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს და უხარისხოდ წარიმართოს), მაგრამ მანამდე, კიდევ ერთხელ მივმართავთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნით, – დაუყოვნებლივ და საჯაროდ აიყვანოს პირად კონტროლზე მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის და ხარისხის კონტროლის საკითხი”,- წერია “აფბას” განცხადებაში.