საზოგადოება

,,მოსამართლეს ვუთხარი, დღეიდან, თქვენი სახით, საყდრისის ჯალათების რიცხვი ერთით გაიზარდა-მეთქი”

მოსამართლეს, რომ ვუთხარი, დღეიდან, თქვენი სახით, საყდრისის ჯალათების რიცხვი ერთით გაიზარდა-მეთქი, თან იმას ვფიქრობდი 500-ლარიან სესხს რომელი ბანკი მომცემს, თუ დამაჯარიმებს-თქო, მაგრამ არ დამაჯარიმა. გულის მოოხების გარდა სხვა რა შემეძლო?! – სამწუხაროდ, არც არაფერი. ჰოდა გული მოვიოხე.

.

საყდრისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2017 წლის 15 დეკემბერს (საყდრისის აფეთქებიდან სამი წლისა და ორი დღის შემდეგ) ათი წუთის დაგვიანებით, 12:10 წუთზე დაიწყო, მეექვსე სართულზე, N36-ე დარბაზში. სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ბუაჩიძე უძღვებოდა. სხდომაში მონაწილეობას ვღებულობდით: მე, ნინო მიქიაშვილი, მეორე მოსარჩელე ირაკლი ლომიძე და კიდევ ერთი მოსარჩელის, მარინე მიზანდარის წარმომადგენელი ლალი პეტრიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციდან.

სხდომაში მონაწილეობდა მოპასუხე მხარის – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო გადილია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადეგენელი თეა ონიანი.

სხდომის მიმდინარეობა გადაიღო მედია-კავშირ “ობიექტივის” ახალი ამბების გადამღებმა ჯგუფმა, კერძოდ, სოფო ნიაურმა და ზურაბ ღვინიაშვილმა.

დარბაზში საყდრისის ოთხი გულშემატკივარი იჯდა: დოდო ქაჯაია, რომელიც თითქმის ყველა პროცესს დაესწრო, ისევე, როგორც ნიკო ნანობაშვილი; იქ იყო ჩემი ძმა გიორგი მიქიაშვილი (რომელიც 2014 წელს საყდრისის დასაცავად დაწყებული კარვების აქციების დროს პირველი სამი კვირა საყდრისში იყო); სხდომა ოცდახუთი წუთის დაწყებული იყო, როცა იქ მოვიდა ცარო ქურციკიძე. მითხრა რომ 13 დეკემბერს “ობიექტივის” შუადღეში გისმინეთ და ასე გავიგე, რომ დღეს სასამართლო იყოო.

პაექრობისა და რეპლიკის ეტაპები ზუსტად 40 წუთში გავიარეთ. 13 საათზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. 42 წუთში უკან დაბრუნდა და გამოგვიცხადა, რომ ჩვენი, ანუ მოსარჩელეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დარბაზში ეს სამახსოვრო ფოტო სოფო ნიაურმა გადაგვიღო. შემდეგ “ობიექტივის” ახალი ამბების ჯგუფმა კომენტარები ჩაიწერა. რამდენიმე წუთში სააგენტო “ექსპრესნიუსიდან” ჟურნალისტმა დარეკა, მოსამართლემ რა გადაწყვეტილება გამოიტანა და რას აპირებთო მკითხა.

ასე დამთავრდა სამწლიანი სამართლებრივი ბრძოლის პირველი ეტაპი. მოსამართლე ნინო ბუაჩიძის გადაწყვეტილება სრულად, რომ ჩაგვბარდება, გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

ვინც არ (ან ვერ) მოხვედით და აქ ვირტუალურ სივრცეში წარმატებები მისურვეთ, ვირტუალურად გიხდით მადლობას.

გულწრფელად თქვენი ნინო მიქიაშვილი.

მეორე ფოტოს ისტორია – გადაღებულია 2014 წლის 14 დეკემბერს, საყდრისის აფეთქების მეორე დღეს, საყდრისისდან საბოლოოდ წამოსვლის წინ. აქაც დამარცხებულები ვართ.

ნინო მიქიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close