გამოვიდეს დავით ლანჩავა და თქვას, მისი შვილი ნამდვილად მუშაობს სუს-ში?
ფოტოები, რომლებსაც ახლა გამოვაქვეყნებ, ექსკლუზიურად, ჩემი გადაღებულია. გადავიღე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე, სანამ ხმის დათვლა დაიწყებოდა და მერე, როცა ხმის დათვლა დასრულდა და ატყდა დებოში და აურზაური, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისტერიკა დაიწყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოთხმა კანდიდატმა: ირმა ჭკადუამ, დავით ლანჩავამ, ლევან ჯანაშიამ და გრიგოლ გაგნიძემ, რომლებიც ერთი შეხედვით ცალ-ცალკე იყრიდნენ კენჭს, ბოლოს კი გაერთიანებული ძალებით შეუტიეს ადვოკატთა ასოციაციის კანდიდატს, დავით ასათიანს და ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს. ფოტო, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, არჩევნების დაწყების დროს არის გადაღებული.
ვიცი, ამ ფოტოზე გამოსახულ პიროვნებებს – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებს – ირმა ჭკადუასა და დავით ლანჩავას როგორი პასუხიც ექნებათ: მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ მაინც მეგობრები ვართ და მეგობრებად დავრჩებით.
მე არ ვიცი, რას ნიშნავს მათი გაგებით მეგობრობა, მაგრამ არა მგონია, გულმართალი და ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს, თანამდებობის მოსაპოვებლად, პროვოკაციებს უწყობდნენ და ტალახში განგებ სვრიდნენ.
ამას თავი დავანებოთ და გადავიდეთ მეორე საკითხზე.
ეს გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ლანჩავას შვილი, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა. როგორც დარბაზში მყოფი ადვოკატები ამტკიცებდნენ, ის მუშაობს სუს-ში და არჩევნებზე, რომელიღაც სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით იყო მისული დამკვირველად. თან ჰქონდა რაცია და პერიოდულად, ვიღაცას ეკონტაქტებოდა (ამბობენ, რომ ჩანაწერიც არსებობს და თუ ეს სიმართლეა, შევეცდებით, მოვიპოვოთ და წარმოგიდგინოთ). ის მუდმივად იდგა ხმის დამთვლელი კომისიის გვერდით და საარჩევნო ყუთებთან. დებოში და ყვირილი, რომ აყალბებდნენ, სწორედ მან ატეხა, ანუ პირველმა მან დააფიქსირა ხმის დამთვლელი კომისიის წევრები ბიულეტინებით. ვინ, რატომ და როგორ აყალბებდა, ამაზე euronews.ge -მ ექსკლუზიური ვიდეოსიუჟეტი გამოაქვეყნა, რომელშიც კარგად ჩანს სიმართლე.
ასე, რომ ეს საკითხიც გვერდზე გადავდოთ, რადგან იმდენი კითხვის ნიშანია, ახლა, ამ ერთ წერილში, ვერ ამოვწურავ სათქმელს.
ამჯერად სხვა რამ მაინტერესებს. იქნებ გამოვიდეს ბატონი დავით ლანჩავა და იგივე პათოსით, როგორითაც შეიცხადა მომხდარი არეულობა განაცხადოს, არის თუ არა ამ ფოტოზე გამოსახული მისი შვილი? ნამდვილად მუშაობს თუ არა ის სუსში? რატომ იყო სხვა სტატუსით არჩევნებზე დამკვირველი? როგორ წარმოუდგენია დავით ლანჩავას, მისი ,,მეგობარი” ზაზა ხატიაშვილი ისეთი სულელია, რომ დღისით, მზისით, უამრავი დამკვირვებლის, ჟურნალისტისა და კამერის წინ, ყალბ ბიულეტინებს ჯიბეში იდებდა ან აფრიალებდა? ვინ გადაიღო ეს კადრები და გადასცა მას? ჩვენ ვიცით ვინც გადაიღო, მაგრამ თავად თქვას, უმჯობესია (ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა).
პასუხების მოსმენის შემდეგ უკეთ გამოჩნდება მათი მეგობრობის ხარისხი და ისიც, ვის სურდა რეალურად არჩევნების გაყალბება, ვინ ვერ შეეგუა დამარცხებას და ვის ინტერესებში შედიოდა ადვოკატთა ასოციაციის დაშლა-დანაწევრება.
და ბოლოს, მეც გადავუღე ფოტო ზაზა ხატიაშვილს, როცა მას ხელში ბიულეტინები ეჭირა, მაგრამ ეს მისი ბიულეტინებია.
.
როცა მან ბიულეტინები აიღო, მოპირდაპირე მხარეს წავიდა და იქ ჩაყარა ყუთში. დაინტერესებულ პირს ამ ფოტო საშუალებითაც შეუძლია, გამყალბებლის სტატუსით მოიხსენიოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, მაგრამ ნუთუ სინდისი და ადამიანობა სულ აღარ არსებობს? ნუთუ ყველაზე წინ თანამდებობა, სკამი და პრივილეგიებია?
ყოჩაღ ადვოკატებო, თქვენ ,,ოქროს ასოებით” ჩაიწერებით საქართველოს უახლეს ისტორიაში!
ნელი ვარდიაშვილი