ჯანდაცვა

SOS! ,,საყოველთაო დაზღვევის პაკეტებიდან მოქალაქეებს უცნაური და ბუნდოვანი სქემით ხსნიან”

,,ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს”, – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელმა, ნატალია ხოხიაშვილმა. ის მოგვიყვა, რა გადახდა მას, როცა მეუღლე სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში მიიყვანა. ნატალია ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევა ბურუსით მოცულ სქემაზეა აგებული, რითიც მოქალაქეები ზარალდებიან.

ნატალია ხოხიაშვილი:

– წელს, მარტში ჩემი მეუღლე შეუძლოდ გახდა და დაფინანსების დროს აღმოჩენილი პრობლემების გამო ჯანდაცვის სამინისტროში მომიხდა მისვლა. ამ სამინისტროს საზოგადოებრივ მისაღებში პირველად მოვხვდი და გაოცებული დავრჩი. არ მეგონა, ასეთი შოკისმომგვრელი სიტუაცია თუ იქნებოდა. ადამიანებს, რომელთაც ხშირად უხდებათ ამ სამინისტროს მისაღებში მისვლა, დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესების ნაცვლად, ჯანმრთელობა გაუუარესდებათ, რადგან ბევრ სტრესს იღებენ.

– რა ხდება, იქნებ უკეთ აგვიხსნათ.

– რამდენიმე ფაქტს გეტყვით. სხვა სამინისტროების მისაღებებში მოქალაქეები იღებენ რიგის ნომრებს და ელოდებიან, ტაბლოზე როდის დაიწერება მათი ნომერი. აქ ასე არ არის. ტაბლოები არის, მაგრამ არც ერთი მუშაობს.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მე როცა ვიყავი, სწორედ იმ დღეს დაზიანდა, მაგრამ არა, ბატონო, ჩემი მეუღლის ავადმყოფობის პერიოდში არაერთხელ მივედი სამინისტროს მისაღებში და ყოველთვის ერთი და იგივე მდგომარეობა მხვდებოდა. დაცვის თანამშრომლები ასრულებდნენ ტაბლოების ფუნქციას. ისინი აჯგუფებდნენ სხვადასხვა საკითხებზე მისულ მოქალაქეებს ერთად და მერე გათავისუფლებულ ოპერატორებთან მიჰყავდათ, რაც იწვევდა ქაოსსა და აურზაურს.

ტაბლოების არსებობის ელემენტარულ კომფორტსაც კი მოკლებულია ჯანდაცვის ე.წ. წარმატებული სამინისტრო. არადა ამ მისაღებში ყოველთვის უამრავი ადამიანი იყრის თავს, ზოგი პენსიაზეა მისული, ზოგს დაფინანსება უნდა, ბევრი სადაზღვევო კომპანიებზეა გამწარებული და ა.შ. იქ დალხენილ ადამიანს ვერ ნახავ, ყველა გაჭირვებულია, მაგრამ მაინც დგანან საათობით უთავბოლო რიგებში და ელიან პასუხს, რომელიც, ძალიან ხშირად, მათთვის სასარგებლო და იმედისმომცემი არ არის.

– თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხომ არ ხართ, ვინც ამ სტრუქტურიდან არასასურველი პასუხი მიიღო?

– მეუღლის გამოკვლევებისა და მკურნალობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამით დაფინანსების დროს მოულოდნელად პრობლემები გაჩნდა, ამიტომ მივედი ჯანდაცვის სამინისტროში.

ჩემი მეუღლე გულმა შეაწუხა და სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მანამდე ვიცოდით, რომ მას საყოველთაო დაზღვევა ჰქონდა და იმედიანად ვიყავით. რამდენიმე თვით ადრე პოლიკლინიკაშიც მყავდა და იქ გამოიყენა ეს პაკეტი, მაგრამ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი აღარ იყო.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ რეანიმაციაში დააწვინეს. იმავე დღეს გადასახადის გადახდა მომთხოვეს. მოგეხსენებათ, რა თანხებთანაც არის დაკავშირებული მკურნალობა სტაციონარში, მით უფრო რეანიმაციაში. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა – უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მეუღლეზე მეფიქრა თუ საავადმყოფოში მისატანი ფულის საშოვნელად გავქცეულიყავი.

– რატომ მოუხსნეს თქვენს მეუღლეს საყოველთაო დაზღვევა?

– გეტყვით. შეიძლება ეს სხვებმაც არ იციან და კარგია, თუ ამ წერილს წაიკითხავენ. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ნაკლი ისიც არის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მაქსიმალურად გავრცელებასა და ხალხამდე მიტანაზე არ ზრუნავს, რის გამოც ავადმყოფები და მათი ოჯახები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. მოსახლეობამ ძალიან ბევრი რამ არ იცის და სამედიცინო დაწესებულებები ამით სარგებლობენ.

არის შემთხვევები, როცა იმ სერვისებში, რომლებიც მოქალაქეს უფასოდ ეკუთვნის და სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ფულს ახდევინებენ. მოიძიეთ ასეთი ფაქტები, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრია. ორივე ხელით ჭრიან საავადმყოფოებში ფულს და განმკითხავი არავინაა.

ამას იწვევს არაინფორმირებულობაც. არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ხდება ურთიერთშეთანხმებით და სამინისტრო სტაციონარებს ხელს უწყობს ხალხის ძარცვაში.

მარტიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი როცა აქვს ადამიანს, სახელმწიფო მას აზღვევს გარკვეული პაკეტით. 1000-დან 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანისთვის კი სხვა პაკეტია. 40 000 ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე ადამიანებს სახელმწიფო აღარ აფინანსებს.

არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. ვეთანხმები კიდეც ჯანდაცვის სამინისტროს იმაში, რომ, როცა 40 ათასზე მეტი შემოსავალი გაქვს, სახელმწიფოს არ უნდა სთხოვდე სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და უნდა დაეზღვიო კერძო სადაზღვევო კომპანიაში. სახელმწიფო თანხები უფრო ნაკლებშემოსავლიან ადამიანს უნდა მოხმარდეს, მაგრამ დილემის წინაშეც არ უნდა დაგაყენოს სახელმწიფომ.

არ ვიცოდით, რომ ჩემს მეუღლეს დაზღვევა მოხსნილი ჰქონდა. ეს რომ გვცოდნოდა, შეიძლება სხვაგვარად მოვქცეულიყავით, კერძო სადაზღვევო კომპანიაში მივსულიყავით და ა.შ. ყველას ხომ არ აქვს ათასობით ლარი სახლში შენახული, რომ, დასჭირდება თუ არა, გამოაძროს და გადაიხადოს?

– ანუ არაინფორმირებულობისთვის ემდურით ჯანდაცვის სამინისტროს?

– დიახ. ისინი ვალდებულები იყვნენ, ბენეფიციარებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ამ ცვლილებების შესახებ. ვინც დაკარგა ეს პრივილეგია სახელმწიფოსგან, მისთვის გაეგზავნათ ესემესი და ეთქვათ, შენ აღარ გეხმარება სახელმწიფო და საკუთარ თავს მიხედეო.

ჩემს მეუღლეს მაღალი შემოსავალი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 10 თვის განმავლობაში ჰქონდა, საიდანაც 10 ათასზე მეტი ბიუჯეტში აქვს გადარიცხული. ერთი ესემესის ღირსი არ იყო, რომ გაეგო დაზღვევის მოხსნის ამბავი?!

რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა დროს მიაღწია ჩემი მეუღლის შემოსავალმა 40 ათასიან ნიშნულს და საინტერესო სქემა აღმოვაჩინეთ. შეიძლება თქვენც ფიქრობდეთ, რომ ეს ციფრები გამოითვლება მხოლოდ საანგარიშო წელში მიღებული შემოსავლიდან. არა, გენაცვალე, ასე არ არის.

მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ერთობ უცნაური და ბუნდოვანი სქემით ხდება სადაზღვევო პაკეტებიდან მოქალაქეების ჩახსნა.

– გაგვიშიფრეთ ამ სქემა.

– შევეცდები. საქმე ის არის, რომ საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარების ბაზებს ყოველთვიურად აახლებენ. რადგან მარტში მივიყვანე ჩემი მეუღლე საავადმყოფოში, მათ დაითვალეს 12 თვის წინ რა შემოსავლები ჰქონდა მას, თუმცა შემოსავლების სამსახურიდან მონაცემები დაგვიანებით მივიდა ჯანდაცვის სამინისტროში და კიდევ ორი თვით გადაიწია დათვლამ. ანუ მარტში აღრიცხეს იანვრიდან იანვრამდე მონაცემი.

– ეს პრობლემას ქმნის?

– რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ჩემს მეუღლეს მაღალი შემოსავალი მხოლოდ 10 თვის განმავლობაში ჰქონდა. ახლა კი ის მუშაობას ვეღარ შეძლებს. მეორე ჯგუფის შშმ პირი გახდა. ეს ჯგუფი არანაირ შეღავათებს ითვალისწინებს. სავადმყოფოში ყოველი მისვლის დროს ვიხდი ფულს იმიტომ, რომ ჩემს მეუღლეს ჯერ კიდევ არ აქვს დაზღვევა. მარტის შემდეგ ის აღარ მუშაობს, ხელფასს არ იღებს და, მიუხედავად ამისა, დაზღვევა არ აღუდგინეს, საყოველთაო დაზღვევის პაკეტში აღარ შეჰყავთ.

წესით, მას ეკუთვნის ეს პაკეტი, მაგრამ არ აძლევენ სწორედ ამ გაურკვეველი სქემის გამო. ამიტომ მივედი ჯანდაცვის სამინისტროშიც. ცხადია, ოპერატორს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ვუთხარი, რომ მეუღლე აღარ მუშაობდა და ვეღარასდროს იმუშავებდა. ყველა დოკუმენტი გადავეცი და ვთხოვე, იქნებ აღუდგინოთ საყოველთაო დაზღვევა-მეთქი.

ოპერატორმა მითხრა, კი, ბატონო, ახლა წადით შემოსავლების სამსახურში და მოიტანეთ ცნობა, რომელშიც ეწერება, რომელი თვიდან აღარ აქვს შემოსავალიო. მეუღლეს ავადმყოფობის გამო გარეთ სიარული უჭირს. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე და წავიყვანე, ავიღეთ ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ 2018 წლის მარტის თვემდე ჰქონდა შემოსავალი და მას მერე აღარ აქვს ხელფასი.

ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი არ მიმიღია. ერთი თვის შემდეგ ისევ მე მივაკითხე. მითხრეს, დაზღვევა ასე არ აღუდგება. იმ დროს უნდა დაელოდოთ, როცა ოფიციალურად დაფიქსირდება, რომ მისი შემოსავალი 40 ათასს ჩამოცდაო. როგორც გითხარით, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციები ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე თვის დაგვიანებით მიდის და ხვდებით ალბათ, რა ბიუროკრატიულ მანქანასთანაც გვაქვს საქმე.

აღმოჩნდა, რომ შემოსავლების სამსახურიდანაც ტყუილად მიმატანინეს ცნობა და შეგნებულად კიდევ უფრო გაგვაწვალეს. ვკითხე, თუ იცოდით, რომ პასუხს ვერ გამცემდით, რატომ მაწვალეთ-მეთქი. მითხრეს, იმიტომ, რომ კვალიფიციური პასუხი მოგვეცაო. როგორც გავარკვიეთ, შეიძლება 8-9 თვეც არ აღუდგინონ დაზღვევა და ამ პერიოდში საავადმყოფოებში ფული უნდა ვიხადოთ.

ერთი რამ ფაქტია, მოქალაქეების დაზარალების ხარჯზე ზოგავენ საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტს, რაც არის ძალიან ცუდი. ჩვენნაირ გაურკვეველ მდგომარეობაში უამრავი ადამიანია. მათაც “კვალიფიციური პასუხისთვის” გზავნიან შემოსავლების სამსახურში და მოჯადოებულ წრეზე ატრიალებენ.

შემოსავლების სამსახურში ცნობის წამოსაღებად რომ მივედით, გვითხრეს, ვიცით რაც გნებავთ, ასეთ ცნობებს ხშირად გავცემთო. აქედანაც ჩანს, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ამ თაღლითური სქემით ზარალდება.

– რადგან ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი მისაღების ხშირი სტუმარი იყავით, ისიც გეცოდინებათ, ძირითადად რა თხოვნით აკითხავენ მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს.

– ოპერაციების, მკურნალობის დაფინანსება უნდათ. ბევრ რამეს არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევა. საკმაოდ ძვირია სამედიცინო მომსახურება საქართველოში. თუმცა რა შედეგიც აქვს ამგვარ თხოვნებს, უკვე მოგიყევით.

ჩემს მეუღლეს 16 ათას ლარიანი გულის სტიმულატორი სჭირდება, მაგრამ მითხრეს, შეიძლება მხოლოდ 2-3 ათასი ლარით დაგეხმაროთო. ამიტომაც არ ველოდები მათგან შველას.

ჩემს ნაცნობს, ახალგაზრდა ქალს, ანევრიზმა ჰქონდა თავში. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ სასწრაფო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ის და მისი ოჯახი ამაოდ ელოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მერიიდან დაფინანსებას. როცა იმედი გადაეწურათ, ოჯახმა ბანკში სახლი ჩადო და იპოთეკური სესხი აიღო. ასე ბევრი იქცევა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უსახლკაროდ რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროში ბევრი რამ არის გამოსაწორებელი და მისახედი, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს.

………………………….

ცხადია, ამ ამბის მოსმენის შემდეგ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც გვითხრეს:

– მოქალაქეთა მისაღები მუშაობს ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, უქმე დღეების გარდა და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. მუშაობს როგორც ტაბლო, რომელიც ანაწილებს მისაღებში მოსულ ადამიანებს, ასევე თანამშრომელიც, რომელიც მუდმივად აკონტროლებს წესრიგს.

მისაღებში სხვადასხვა პროგრამას ემსახურება შესაბამისი კადრი. კონსულტირების რეჟიმი მოიცავს დოკუმენტაციის მიღებასაც. ცხადია, ყველა ადამიანი სააგენტოსა და სამინისტროს სერვისების შესახებ ინფორმირებული ბრუნდება შინ. გამოკვეთილი ხალხმრავლობა წლებია არ ყოფილა მისაღებში, რადგან დედაქალაქში არსებული ოფისი ძირითადად აქვე მცხოვრებ პირებს ემსახურება და ქვეყნის მასშტაბით 69 ფილიალი აქვს სააგენტოს.

ასევე, სააგენტო ფლობს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისცენტრებს, სადაც სხვადასხვა მომსახურებაზე მიმართვებს ეცნობიან და განხილვისათვის იბარებენ ჩვენი თანამშრომლები.

მოქალაქეთა ინფორმირება საყოველთო ჯანდაცვის პაკეტის მოცულობაზე სააგენტოს არ გააჩნია, თუმცა თუ პირი დაინტერესდება, თავისუფლად შეუძლია მიაკითხოს სერვისცენტრს, წერილობით მიმართოს საგენტოს ან მის მიერ შერჩეულ კლინიკაში მიიღოს ინფორმაცია.

იმისათვის, რომ მოქალაქეს განესაზღვროს, რომელი პაკეტით მოსარგებლეა, შემოსავლების სამსახურიდან მოწვდილი მონაცემებით სარგებლობს სააგენტო. მონაცემები ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოდის ყოველი თვის ბოლოს. ჯამდება ბოლო სამი თვის მონაცემი და სწორედ ეს განსაზღვრავს მოქალაქეზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიწოდების მოცულობას.

 ნელი ვარდიაშვილი

წყარო: ჟურნალი ,,სარკე”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close