საზოგადოება

,,გენერალ გია გულუას პანამა მოეხადა და ცრემლები ჩამოსდიოდა…”-რას იხსენებენ აფხაზეთის ომის მეომრები?

14 აგვისტო, აფხაზეთში ომის დაწყების დღეს უკვე 25 წელი გვაშორებს…სოხუმის პირველი კომენდანტი სატრანსპორტო პოლიციის უფროსი, აწ გარდაცვლილი გია გულუა იყო. ის ,,სწრაფი რეაგირების რაზმი”_თ აფხაზეთში, რკინიგზის დასაცავად იმყოფებოდა. ,,როდესაც ჩვენები სოხუმში შევიდნენ, გია კომენდანტად დანიშნეს. ამ დროს წყნეთში ვისვენებდით და ტელევიზიიდან გავიგეთ ეს ამბავი“ _ იხსენებს გენერალ გულუას მეუღლე.

,,აფხაზეთის ომის დაწყების დღიდან გია სატრანსპორტო პოლიციელებთან ერთად, ყოველთვის წინა პოზიციებზე იბრძოდა. აფხაზი სეპარატისტები ,,ვარსკვლავებზე“ ნადირობდნენ. ერთი გენერლის სიკვდილი 100 რიგითის სიკვდილს ერჩიათ. ამიტომაც, მაღალი წოდების ადამიანები პოზიციებზე უბრალო მებრძოლის ტანსაცმლით გადიოდნენ. გია ერთადერთი გენერალი იყო, რომელსაც ბრძოლის დროსაც არ მოუხსნია გენერლის სამხრეები. ჩვენთან ერთად ჭამდა, ეძინა _ ასეთი გენერალი იქ არავის ახსოვს.

1993 წლის 13 მარტს ორ ხიდს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებიდან დასვენების მიზნით გამოვედით. ჩვენი ჯგუფი ლექსო ტალახაძის ათეულმა შეცვალა. დათქმული იყო დაზავების დრო, როცა თეთრი დროშების ქვეშ აფხაზებსა და ქართველებს დაჭრილი თუ გარდაცვლილი მეომრებისათვის უნდა მიგვეხედა. ამ პერიოდში ბრძოლა წყდებოდა და აკრძალული იყო ყოველგვარი გასროლა. როცა პოზიციაზე დავბრუნდით, საველე შტაბში, მეომრებს შეშფოთება შევატყეთ. მე და ვიქტორ გობრონიძე შტაბის შენობის მეორე სართულზე ავედით. ვიღაცა აღელვებული ამბობდა:

 _ ხომ გითხარით, მაგათი ნდობა არ შეიძლება მეთქი. დაზავების დროს კაცს ესროლეს“ !

  _ ვის ესროლეს? !

  _ ვიკითხეთ ერთდროულად.

  _ თბილისელი ბიჭი მოგვიკლეს, გია ხმალაძე!

  _ გვიპასუხა ამბის მომყოლმა.

  _ როგორ? _ დაიღრიალა ვიქტორმა.

  _ სად არის გია? _ ვიკითხე მე.

თანამებრძოლებს ჯალამბარით გამოჰყავთო, გვიპასუხა იგივე ხმამ. სავადაუდო გზისკენ გავიქეცით. წვიმიანი დღე იყო. გზაზე ოთხნი გამოჩნდნენ. ხელში ჯალამბარი ეკავათ, ქუდები მოეხადათ, მდუმარედ, გულჩათხრობილნი მოდიოდნენ. როცა მათთან მივედით, საკაცე მიწაზე ფრთხილად დადეს და გვერდზე გადგნენ. ყველა მათგანი ტიროდა, ჩუმად, ჯარისკაცულად. ცხედრისთვის ლაბადა გადაეფარებინათ. გადავხადეთ. ვიღაცამ მეორე მხარეს მუხლებზე დაიჩოქა და გიას შუბლზე ათრთოლებული ხელი გადაუსვა. ეს გენერალი გულუა იყო. ,,პანამა“ მოეხადა და გაქვავებულ სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.

გენერლის ვაჟკაცურ სახეზე ცრემლი, ომში, სხვა დროსაც შევნიშნეთ. აფხაზები უკვე ქალაქში შემოდიოდნენ. ქართულ საჯარისო ნაწილებში ქაოსი და გაუგებრობა სუფევდა. ვინ ბრძოლის ველიდან გამორბოდა, ვინ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა, – განმკითხავი აღარავინ იყო. ჩვენ ყველაზე ბოლოს დავტოვეთ პოზიციები, ალყა ბრძოლით გავარღვიეთ და როგორც იქნა მივაღწიეთ წითელ ხიდთან. იქ თავს იყრიდნენ სოხუმიდან წამოსული მეომრები. იქვე, ცოცხალ ბარიკადად ,,მხედრიონელთა“ 100 კაციანი ჯგუფი აღმართულიყო. ისინი ჯარისკაცებისაგან უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ და ავრცელებდნენ აზრს, თითქოს ფრონტის საბრძოლო ადგილები ქართველებს კვლავ გამაგრებული ჰქონდათ. მათთვის ყოველივეს ახსნა უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენს გენერალთან შეხვედრა მოვითხოვეთ. ნებართვის მიღების შემდეგ შტაბისკენ გავეშურეთ, სადაც აფხაზეთში დარჩენილი მთავრობის წევრები და გენერლები იყვნენ შეკრებილნი. კარები შევაღეთ. გია გულუა ზურგით იდგა და ვერ შეგვნიშნა. გაცხარებით ლაპარაკობდა. მოითხოვდა მძიმე ტექნიკას, რათა ბიჭებთან ერთად, ჩვენს საპოვნელად და გამოსაყვანად წამოსულიყო. ვიღაცამ უთხრა, გკითხულობენო. მოიხედა, ჯერ გაოგნდა, შემდეგ ჩქარი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით წამოვიდა, შეგვათვარიელა, თვალებში ჩაგვხედა. სახეზე სიხარული და მწუხარება ერთდროულად აღბეჭდოდა. უცებ, არაბუნებრივი, დაძაბული ხმით იკითხა: ,,ბიჭები?!“ ,,- ბიჭებიც მოვიყვანეთ, სასაუზმეში არიან!“ _ სწრაფად ვუპასუხეთ.

წინ სირბილით გაგვიძღვა. სასაუზმეში კი არ შევიდა, შევარდა. ბიჭები მაგიდებთან ისხდნენ და ცხელ ჩაის სვამდნენ. გენერლის დანახვაზე ფეხზე წამოცვივდნენ. თითოეულს ჩამოუარა, ჩაკოცნა და კარებისკენ შებრუნდა. ყველამ დავინახეთ, სკამზე ჩამომჯდარი გენერლის მომღიმარ სახეზე, როგორ ჩამოგორდა კურცხალი ცრემლები…“ _ იხსენებს პოლიციის კაპიტანი, სატრანსპორტო პოლიციის დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი რეზო გაგუა.

 კიდევ ერთი მოგონება უნდა შემოგთავაზოთ აფხაზეთის ომზე და სოხუმის კომენდანტზე.

მამუკა არეშიძე – ჟურნალისტი:

,,_ როცა გია სოხუმის კომენდანტი იყო, გამოაცხადა,: ყველა გატაცებული მანქანა თავის პატრონს უნდა დაუბრუნდეს, აფხაზი იქნება თუ ქართველიო. ჩვენ, ჟურნალისტებს, გვარდიის შეიარაღებული ბატალიონი ,,თეთრი არწივი“ გვემსახურებოდა და მათ მიერ შემოთავაზებული მანქანით დავდიოდით. გიამ ჩემი მანქანიდან დაიწყო. გადავწყვიტე, შევსულიყავი და მეთქვა: დამიბრუნეთ მანქანა! მაგრამ… მის ოთახში მოხუცი, სომეხი კაცი იჯდა, რომელიც თვალცრემლიანი ჰყვებოდა, როგორ წაართვეს ახალი, ლატარიაში მოგებული ავტომობილი. მივხვდი, რომ გია მართალი იყო. ვერაფერი ვთქვი და ოთახიდან გამოვედი…“

გენერალ გია გულუას გზას მისი უმცროსი შვილი, სანდრო გულუა აგრძელებს. ის დღეს პოლიციელია. 2016 წელს მან აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელი Us Air Force Academy დაამთავრა და დიპლომი თავად აშშ-ს პრეზიდენტმა გადასცა.

.

თბილისში დაბრუნების შემდეგ სანდრომ შსს-ში მუშაობა საწყის პოზიციაზე დაიწყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close