საზოგადოება

,,სახლში წვიმა ჩამოდის, ვსველდები, იატაკი წყალმა დაალპო”_ 89 წლის მოხუცი ყოფილი პრემიერის სოფლიდან შველას ითხოვს

საშინელ გაჭირვებაში მყოფი, 89 წლის  ვახტანგ კვირიკაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მშობლიურ სოფელში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მარტოდმარტო  ცხოვრობს.  ის ექსპრემიერის მოგვარეც არის და მეზობელიც, მაგრამ ამბობს, რომ ხშირად მშიერია, სცივა,  წინაპრებისგან დატოვებულ ხის ერთოთახიან სახლში თავზე აწვიმს და ათოვს. მიუხედავად ამისა, სოციალური შემწეობა მოუხსნეს და ღვთის ანაბარა დატოვეს. მიზეზი, რის გამოც სახელმწიფომ მარტოხელა  მოხუცის დახმარებაზე უარი განაცხადა, მისთვის უცნობია.  გვითხრა, რომ  ტელევიზორი  და  მაცივარი არ აქვს, პენსია წინასწარ დახარჯა წამლებში და სექტემბრამდე ვეღარ აიღებს. გაუსაძლისი  ყოფის გამო კი სიკვდილს ნატრობს.

სახლში,  რომელშიც მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს სამი რკინის საწოლი, ერთი ძველებური კარადა და მაგიდა დაგვხდა.  კუთხეში გარდაცვლილი ცოლ-შვილის ფოტოსურათები ეწყო. სახლის გვერდით,  ფიცრულში მოწყობილ სამზარეულოსაც გაჭირვებისა და სიძველის კვალი ეტყობოდა. ტაბლაზე რამდენიმე პომიდვრის მეტი არაფერი ჰქონდა. იმ დღეს ეს იყო მისი სარჩოც და საბადებელიც.

ვახტანგ კვირიკაშვილი:

_  ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, მერე თბილისში წავედი სამუშაოდ. პენსიონერი რომ გავხდი, ისევ სოფელში ჩამოვედი. ორი წელი კოლმეურნეობაში ვიმუშავე _ სტახანოველი ვიყავი, რამდენიმე საათში 400 კილოზე მეტ ყურძენს ვკრეფდი. სახლის წინაც მაქვს ბოსტანი. წინათ ისე ვუვლიდი, ედემის ბაღი გაქვსო, მეუბნებოდნენ. ისეთი მარწყვი მედგა, ამერიკაში რომ წაგეღო ნაყოფი, არ გაფუჭდებოდა. ქვევრებიც სავსე მქონდა ღვინით. ზოგჯერ, ღამით, ,,ბატარიაზეც” კი ვმუშაობდი ბოსტანსა და ვენახში. ახლა ვეღარ ვახერხებ შრომას და არაფერი აღარ მაქვს. როცა ახალგაზრდა ვიყავი და შემეძლო, დახმარება არავისთვის მითხოვია. დაახლოებით ათი წელია დავუძლურდი, მეუღლეც დამეღუპა. რამდენიმე წელი სოციალურ დახმარებას ვიღებდი როგორც გაჭირვებული, მაგრამ ესეც მომიხსნეს.

_ რატომ მოგიხსნეს, პირობები გაიუმჯობესეთ?

_ ჩემი ხის ქოხი მამაჩემმა ააშენა 140 წლის წინ. წლების განმავლობაში მშენებლობის დროს გამოყენებული ფიცრები  გახმა და  დაშორებები გამოჩნდა, საიდანაც სიცივე და წვიმა შემოდის.  წინათ ხის კედლებზე შპალერი მქონდა გაკრული, მაგრამ თაგვები და ღამურები დარბოდნენ შიგნით და არ მაძინებდნენ. მერე, შპალერი ჩემი ხელით ავახიე, მაგრამ  სხვა პრობლემები შემექმნა,  ძაღლები და კატები მიცვივდებოდნენ სახლში. გარედან თუნუქის ნაგლეჯები მივაფარე, რომ ცხოველებისგან თავი დამეცვა.

რამდენიმე წელია დახმარებას არ მაძლევენ. წნორში, სოციალური სამსახურის უფროსთანაც ვიყავი და ვიკითხე, რატომ მომიხსნეს დახმარება. მერე რამდენჯერმე მოვიდნენ, ხან ახალგაზრდა ბიჭები, ხანაც გოგონები, შეამოწმეს ჩემი ქონება, უამრავ ფურცელზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ მაინც არ მომცეს არაფერი. არ ვიცი, რას ნახულობენ ჩემს გაუბედურებულ სახლში ისეთს, რომ  ლუკმა-პურზე უარს მეუბნებიან. პასუხი მაინც ხომ უნდა მითხრან? სახლშიც წვიმა ჩამოდის და ვსველდები. იატაკი დაალპო წყალმა. რომ იტყვიან, თავზე მაწვიმს.

ორი კრუხი მყავს და ორი კატა და შეიძლება, რომ ამის გამო მოეხსნათ დახმარება?

 _ არ ვიცი, ვახტანგი ბიძია, ვეცდები გავარკვიო, რა მიზეზით დაგტოვეს დახმარების გარეშე… 

_ ტელევიზორი არ მაქვს, მაცივარი დიდი ხნის წინ გამიფუჭდა. მინდოდა, რადიო მაინც მქონოდა, მაგრამ ფული არ მაქვს. ეგ კი არა, შეშა რით უნდა ვიყიდო, არ ვიცი.  სიცივის დროს საწოლში ვწვები, საბანში ვძვრები, თავზე ვიხურავ და ასე ვარ მთელი დღე და ღამე. სექტემბრამდე პენსია არ მეკუთვნის. ავად ვიყავი, საავადმყოფოში ვიწექი და  წამლები რომ მეყიდა, 5 თვის პენსია წინასწარ გამოვიტანე.  220 ლარი დავხარჯე წამლებში. სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ ახლა ასე ვკვდები.

_ აბა, როგორ ახერხებთ ცხოვრობას ვახტანგი ბიძია, რას ჭამთ, რას სვამთ?

_ ზოგჯერ ჩემი 85 წლის და ჩამოდის ხოლმე თბილისიდან და ის მივლის. თავისი პენსიის ფულსაც მინაწილებს და საჭმელს ყიდულობს. ორ ადამიანს როგორ უნდა გვეყოს 160 ლარი?  ერთი შვილი დამეღუპა, მეორე თბილისში ცხოვრობს და თავადაც უჭირს ცხოვრება, უმუშევარია. ძმიშვილებიც ვერ მუშაობენ და ვერ მეხმარებიან. წინათ, სანამ სიარული ჯერ კიდევ შემეძლო, რაიონის გამგეობაში მივედი და დახმარება ვითხოვე. განცხადება დამაწერინეს, მაგრამ პასუხი არ გაუციათ. ვგდივარ მარტო, უპატრონოდ, უფულოდ და ულუკმაპუროდ.

5-6 წლის წინ სიღნაღიდან ჩამოვიდნენ შემოწმებაზე და ასეთ მდგომარეობაში რომ მნახეს, თქვეს, ცოდოა, მოდი პატარა ოთახი ავუშენოთო, მაგრამ მომატყუეს.  მერე 500 ლარით დახმარებასაც შემპირდნენ და არც ის მომცეს. ისევ მე შევუყენე სახლს ფიცრები, თორემ ჭერი ჩამოინგრეოდა, ისე იყო კოჭები დამპალი. ახლაც შეიძლება, რომ სახლის უკანა ნაწილი ჩამოწვეს და შიგ მოვყვე. ასეთ მდგომარეობაში ვარ და დახმარება მაინც მომიხსნეს.  ვაჟიშვილი რომ არ დამღუპოდა, ასეთ ქოხში არ ვიცხოვრებდი. ჯერ კიდევ შემეძლო მაშინ, მაგრამ მას შემდეგ, ახალი სახლის აშენების სურვილი აღარ გამჩენია, ახლა კი აღარაფერი შემიძლია. ზამთარში, სიცივეში, ალბათ მოვკვდები. რამდენიმე მეზობელი ზოგჯერ მომაწვდის ხოლმე საჭმელს. მაღაზიაში წასვლა და პურის მოტანაც კი აღარ შემიძლია.

არჩევნებზე, იცოცხლე, ვახსენდები ყველას. მოდიან ხოლმე, ჩამაგდებენ მანქანაში, საარჩევნო ყუთამდე ხელით მიმიყვანენ, რაც მათ უნდათ ის ციფრი რომ შემოხვაზო. მერე ყველას ვავიწყდები.

  _ მათთვის სასურველი რიცხვის  შემოხაზვის შემდეგ მაინც არ გეხმარებიან, თუნდაც მცირედით?

_ არა, არანაირად. გასულ  წელს პირადობა ვერ ვიპოვე და თავი დამანებეს.

თქვენ მაინც დამეხმარეთ და ყველას გააგებინეთ ჩემი მდგომარეობა. ისიც უთხარით, რომ ასეთ გაჭირვებულს დახმარება მომიხსნეს, აღარ მეხმარებიან. ნამდვილად არ ვიმსახურებ ასეთ სიკვდილს!

.

.

.

.

.

.

.

,,სარკე“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც გვითხრეს, ვახტანგ კვირიკაშვილს რა მიზეზით შეუწყდა  დახმარება, ეს მათთვისაც ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დაგვაიმედეს, რომ მას შეუძლია კვლავ მიმართოს სააგენტოს ადგილობრივ სამსახურს, განცხადება დაწეროს და არ არის გამორიცხული, დახმარება განუახლდესო.

სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვენს მიერ დასმულ  სხვა, საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვებსაც უპასუხეს.

_ რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?

_ მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი,
ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში),
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი,
სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი,
სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

 _ რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი და რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია?

_ ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:
ოჯახის განცხადება, ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება, ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება.
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება სააგენტოსათვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ფულადი საარსებო შემწეობის მიღების მსურველი ოჯახის უფლება-მოვალეობანი კი ასეთია:

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე – ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები,
ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები,
სააგენტოს უფლება აქვს ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას,
ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში,
მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ,
სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო,
ამ წესის მიზნებისთვის განსაზღვრული, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად” შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge,
ოჯახს უფლება აქვს გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა, მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან, ასევე, ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით

  ნელი ვარდიაშვილი

წყარო: ჟურნალი ,,სარკე” 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close